დიდი სქიზმა

0 კომენტარი

პირველ ათასწლეულში საუკუნეთა განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრისტიანოს შორის ურთიერთობა წმინდად თეორიული იყო. რომის ეპისკოპოსსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის არავითარი კავშირი არ არსებობდა. მოგზაურობა ხანგრძლივი და რთული იყო, ხოლო არაბული ექსპანსიის შემდეგ სრულიად შეუძლებელი გახდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალიფების დამპყრობლური ჟინი შესუსტდა, შეძლეს შეხვედრა დასავლელმა და აღმოსავლელმა ქრისტიანებმა. მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთის ცნობა გაუჭირდათ...

ჯერ ერთი, უკვე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ: ბიზანტიელებს დაავიწყდათ ლათინური, ევროპელებს კი არასოდეს უსწავლიათ ბერძნული. ბიზანტიელები ზეზეულად ლოცულობდნენ, ევროპელები - მუხლმოყრილნი. ბიზანტიელები წყალში შთაფლვით ნათლავდნენ, ევროპელები - წყლის სხურებით. ბიზანტიელებს წვერის ტარების ვალდებულება და ქორწინების უფლება ჰქონდათ, ევროპელებს კი წვერის პარსვა ევალებოდათ და ქორწინება არ შეეძლოთ. ღვთისმსახურებაც კი განსხვავებული აღმოაჩნდათ: ევროპელები უფუარი პურით ეზიარებოდნენ და მარხვისას ყველისა და კვერცხის ჭამა შეეძლოთ, ბიზანტიელებს ერთიცა და მეორეც აღიზიანებდა.

ეს კიდევ არაფერი... ბევრად უფრო მძიმე ასატანი იყო დოგმატური განსხვავება. 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა, რომ სული წმინდა “მამისაგან გამოვალს”. 589 წელს ტოლედოში გამართულმა საეკლესიო კრებამ, რომელსაც ბიზანტიელები არ ესწრებოდნენ, მრწამსის ტექსტში შეიტანა ერთი სიტყვა: “მამისაგან და ძისაგან გამოვალს”. თითქმის 300 წლის შემდეგ, როცა ბიზანტიელებმა ამაზე მიუთითეს, რომის ეკლესიამ წაუყრუა და საკითხიც ღიად დარჩა.

მაგრამ ნამდვილი წინააღმდეგობა ძალაუფლების პრობლემა იყო: რომის პაპი საერო ძალაუფლებას ფლობდა, მაშინ როცა პატრიარქი მთლიანად იყო დამოკიდებული იმპერატორის ნებაზე. პაპს იმხანად სამღვდელოთა და საეროთა კრება ირჩევდა და მისი გადაყენება არავის შეეძლო, პატრიარქს კი იმპერატორი ნიშნავდა და სურვილისამებრ გადააყენებდა კიდეც. ამის გამო დასავლეთის სამღვდელოება პოლიტიკაში იყო ჩართული, აღმოსავლეთისა კი თეოლოგიას აფარებდა თავს.

განხეთქილების პირველი მუქარა IX საუკუნის მეორე ნახევარში გაისმა. ყველა პაპი ამბობდა, რომ ქრისტეს ერთადერთი წარმომადგენელია ამქვეყნად, მაგრამ ცოტა თუ იქცეოდა ისე, თითქოს ეს მართალი ყოფილიყო. ასეთი კადნიერება აღმოაჩნდა ნიკოლოზ I-ს. მანაც გამოაცხადა თავი ყველა ქრისტიანთა მეთაურად. თავიდან ეს ჩვეულებრივ ფორმალობად მიიჩნიეს, მაგრამ ნიკოლოზმა ლოტარინგიის მეფეს საყვარლის დატოვება და ცოლთან დაბრუნება უბრძანა, რეიმსის ეპისკოპოსს კი მორჩილებისკენ მოუწოდა. მაშინდელ მსოფლიოში მსგავსი ამბიციები მხოლოდ ერთ პიროვნებას შეიძლებოდა ჰქონოდა - კონსტანტინოპოლის იმპერატორს.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პირველი კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ბიზანტიის ტახტზე მიქაელ III იჯდა. მისმა ცოლმა, თეოდორამ, პატრიარქად დაანიშნინა ახალგზარდა ბერი ეგნატე, რომელსაც ძალზე მკაცრი ხასიათი აღმოაჩნდა. ეგნატემ ამხილა პირველი ვეზირი, კეისარი ბარდა, რომელსაც კანონიერი მეუღლე გაეძევებინა და საკუთარი შვილის ქვრივთან ცხოვრობდა. გავლენიანმა ბარდამ გადააყენებინა ეგნატე და მის ადგილას დაანიშნინა ფოტიოსი. ეს იყო იმპერიული კანცელარიის ჩინოვნიკი, განათლებული საჭურისი, რომელიც სამ დღეში აკურთხეს ეპისკოპოსად და პატრიარქის კვერთხიც მისცეს ხელში.

მაგრამ ეგნატემ არ მოინდომა გადადგომა - წერილით მიმართა რომის პაპს. პაპმა ელჩები გაგზავნა ბიზანტიაში. ელჩებმა იმპერატორ მიქაელის მიერ მოწვეულ კრებაზე განიხილეს საქმე და ფოტიოსს დაუჭირეს მხარი. რომს დაბრუნებულებს კი პაპმა უსაყვედურა. ნიკოლოზი მაინც ეგნატეს მხარეს აღმოჩნდა და მიქაელს უბრძანა მისი აღდგენა. მიქაელი არ დაემორჩილა და პაპმაც განკვეთა ფოტიოსი.

ახალდანიშნულმა საჭურისმა პატრიარქმა საკმაოდ მკვეთრი წერილი გაუგზავნა ნიკოლოზს და დოგმატური განსხვავება გაახსენა. დოგმატიკას, საერთოდ, მაშინ იხსენებდნენ ხოლმე, როცა პოლიტიკა ჩიხში შედიოდა. ფოტიოსმაც იცოდა, რომ ამ საკითხში ყველა აღმოსავლელი ღვთისმეტყველი მის მხარეზე იქნებოდა და ეგნატეს არავინ დაუჭერდა მხარს. მაგრამ სწორედ ამ საკითხში იყო დისკუსია ყველაზე სახიფათო.

ნიკოლოზის პასუხმაც არ დააყოვნა: პაპმა გაუხსენა ფოტიოსს, რომ არაბები ელვის სისწრაფით იპყრობენ მათ მიწებს, ბიზანტიელები კი, უსჯულოთა შეჩერების მაგიერ, ქრისტიან რომს ემუქრებიან. ვითარება ძალიან გამწვავდა და, მთავარ მოქმედ პირთა სიკვდილი რომ არა, ალბათ საბოლოო განხეთქილებამდეც მივიდოდა.

867 წელს ჯერ პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა. ამის მერე ბასილი I-მა მოკლა კეისარი ბარდა, გააძევა მიქაელი და თვითნებურად ავიდა ბიზანტიის ტახტზე. ფოტიოსმა უზურპატორი ტაძარში არ შეუშვა - სისხლში მოსვრილი ხელებით ღვთის წინაშე არ წარდგებიანო. ბასილმა მაშინვე გადააყენა ფოტიოსი და მის ადგილას ეგნატე დააბრუნა. ეგნატე მალე გარდაიცვალა და სამების დოგმატიც ორასი წლით ყველას გადაავიწყდა...

მართალია, კონსტანტინოპოლში კრებაც ჩატარდა, რომელზეც დაბრუნებულმა ფოტიოსმა პაპის დამთმობი წერილი წაიკითხა. მაგრამ წერილიც ნაყალბევი აღმოჩნდა და ფოტიოსსაც უკვე დიდად აღარ აინტერესებდა საკითხის შინაარსი, რადგან დასავლეთიც და აღმოსავლეთიც ერთნაირად იყო მისი პატრიარქობის მომხრე.

ორიოდე საუკუნის შემდეგ რომში წმინდა საყდარზე ლეონ IX ავიდა, კონსტანტინოპოლში კი პატრიარქად მიქაელ კერულარიოსი აკურთხეს. ეს უკანასკნელი მდიდარ და გავლენიან ოჯახში იყო გაზრდილი. ამბიციებიც შესაბამისი ჰქონდა. ჯერ იმპერატორს დაუწყო კამათი, რომ მასაც ჰქონდა წითელი ჩექმების ტარების უფლება. რაკი იმპერატორთან ვერაფერი გააწყო, ფოტიოსის დრო გაიხსენა და რომის დამორჩილება ისურვა.

ამიტომაც გაუგზავნა ლეონს დასავლეთის ეკლესიის ცდომილებათა ნუსხა და მკაცრი პასუხი მოსთხოვა. ლეონმა კვლავ გაგზავნა ელჩები კონსტანტინოპოლში, იმპერატორმაც სცადა ეკლესიათა მმართველების შერიგება, მაგრამ კერულარიოსი მტკიცედ იდგა. მაშინ პაპის ელჩებმა წმინდა სოფიას საკურთხეველზე პაპის ბრძანება დადეს და პატრიარქის განკვეთა მოითხოვეს. პასუხად ბიზანტიელებმა რომის პაპი განკვეთეს.

ასე დაიშალა საქრისტიანო ორ ნაწილად. დასავლეთმა მიიღო კათოლიკე ანუ საყოველთაო, აღმოსავლეთმა კი ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი. ეს ქრისტეს შობიდან 1054 წელს მოხდა, მაგრამ კიდევ მრავალმა წელმა განვლო მანამ, სანამ სქიზმის შესახებ ცნობა ყველგან გავრცელდებოდა და ქრისტიანები შენიშნავდნენ, რომ გახლეჩილ სამყაროში ცხოვრობდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები