ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი გამარტივდება

0 კომენტარი
ფოტო: ნიკა გილაური და ჰერმან ვან რომპუი

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულებას, შესაძლოა, ივნისის დასაწყისში მოეწეროს ხელი. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ 16 მარტს, ბრუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ.
ჰერმან ვან რომპუის თქმით, საქართველო “ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები~ სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ხელმოწერის თარიღის დადგენას. შესაძლოა ეს იყოს ივნისის დასაწყისი” - აღნიშნა მან.
როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, ამ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, არა მხოლოდ ვიზების აღების პროცედურა გამარტივდება, არამედ ზოგიერთ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანს ვიზა საერთოდ აღარ დასჭირდება. ამ კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები და სხვა. პროცედურის გამარტივების გარდა, ვიზის ფასიც შემცირდება. პარალელურად ხელი მოეწერება დოკუმენტს ევროპაში არალეგალურად მყოფი ქართველების რეპატრიაციის შესახებ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც მსგავსი ტიპის შეთანხმებები ექნება ევროკავშირთან. “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერება სტიმულია საქართველოსთვის განახორციელოს შემდგომი დემოკრატიული რეფორმები” - განაცხადა რომპუიმ.
ევროკავშირის პრეზიდენტის თქმით, მალე ევროპასა და საქართველოს შორის ასოცირებული შეთანხმების დადებაზეც შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს შეთანხმება მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასაც. პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საჰაერო რეისების შესრულების შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში 15 მარტს დაიწყო. ამ ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ გილაურმა, ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და სამეზობლო პოლიტიკის საკითხები განიხილა.
გილაურის თქმით, საქართველო ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან წელს მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს. ეს თანხები აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებლობას და მუნიციპალურ პროექტებს მოხმარდება.
საქართველოში გილაური 17 მარტს დაბრუნდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები