ევროპაში ქართულ მაფიაზე ნადირობა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ქართული კრიმინალები ესპანეთში

ევროპის მასშტაბით ჩატარებულ ოპერაციაში ქართული კრიმინალური ქსელის, სულ ცოტა, 80 წევრი დააკავეს. ძარცვა, ფულის გათეთრება, გამოძალვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის უკანონოდ შენახვა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება ის დანაშაულებებია, რაშიც მათ ბრალი ედებათ.
“ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. მას დახურულად ვერ ჩავთვლით, რადგან ჯერ არ დაგვიკავებია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს მასშტაბით. დავაპატიმრეთ ევროპელი ხელმძღვანელი, კახაბერ შუშანაშვილი. მსოფლიო მასშტაბით ლიდერია მისი ძმა, ლაშა”, - განაცხადა პროკურორმა ანტონიო სალინას კასადომ 17 მარტს ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთში გაქცევა შეძლო, რის გამოც ესპანეთის პროკურატურამ საბერძნეთის პოლიცია გულგრილობაში დაადანაშაულა. ბერძენი სამართალდამცავების ვარაუდით, ლაშა შუშანაშვილი ამჟამად, ქვეყნის ჩრდილოეთით იმალება.
“ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია 15 მარტს, გამთენიისას დაიწყო. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი ოპერაცია, რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა” - განაცხადა ესპანეთის პოლიციამ 16 მარტს.
პირველი ინფორმაციით, დაკავებული იყო 60 ეჭვმიტანილი. მერე ეს ციფრი ჯერ 69-მდე, შემდეგ კი 80-მდე გაიზარდა. ეჭვმიტანილთა უმეტესობა ავსტრიასა და ესპანეთში დააკავეს - 25 ავსტრიაში და 24 ესპანეთში. გერმანიაში დაიჭირეს 17 ეჭვმიტანილი, შვეიცარიაში - 9, იტალიაში - 4, ხოლო საფრანგეთში - ერთი. ოპერაციაში საბერძნეთის პოლიციაც მონაწილეობდა.
ავსტრიის სამართალდამცავების განცხადებით, ვენაში ბინების ძარცვის, სავარაუდოდ, მესამედი ქართველების მაფიური ქსელის წევრებზე მოდის.
ესპანეთის ცნობით, ამ კრიმინალურ დაჯუფებას ე.წ. “სალაროები” ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანაში სალაროს დაჯგუფების შესაბამისი ფრთის თავკაცი აკონტროლებდა. სალაროებში დაგროვილ მთელ თანხას კი, თავის მხრივ, ამ მაფიოზური ქსელის ხელმძღვანელი, ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებდა.
თანხას ათეთრებდნენ საიუველირო მაღაზიათა ქსელის, რესტორნების, ავტოშემკეთებელი სახელოსნოების და სხვა ბიზნესების მეშვეობით.
ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართულ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთ-ევროპული მაფიის ერთ-ერთ ლიდერთან ზაქრო კალაშოვთან, რომელმაც 4-წლიანი სასჯელი ესპანეთის ციხეში მოიხადა და სულ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
ეს ოპერაცია ერთი წლის მანძილზე მიმდინარე გამოძიების შედეგია.
ორი წლის წინ ესპანეთში მოქმედი რუსული მაფიის 21 წევრი დააკავეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები