წყალდიდობით გამოწვეული ზარალი

0 კომენტარი

საქართველოში გამძვინვარებულმა სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცაგერის რაიონში ათდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ კლდოვანი ქანები დააზიანა, კლდე ჩამოიშალა და 49 წლის გიორგი ტყაბლაძე იმსხვერპლა. სტიქიამ ადამიანები უსახლკაროდ დატოვა. დაიტბორა მიწის ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიხოცა შინაური ცხოველ-ფრინველი, წყალმა წაიღო გზები, ხიდები, განადგურდა ზამთრის მარაგი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო დატბორილია, სვანეთში კი თოვლის საფარი 5 მეტრს ასცდა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად ყველაზე მძიმე ვითარება რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთშია. სტიქიამ მოიცვა კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი, ზემო იმერეთი. ადგილზე არიან სამაშველო სამსახურები.
დასავლეთ საქართველოში 3 მარტიდან თითქმის გადაუღებლად წვიმდა. 12 მარტიდან კი წვიმა გაძლიერდა. წვიმამ, მდინარეების ადიდებასთან ერთად, მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც ონის რაიონი რამდენიმე დღით გარე სამყაროს მოწყდა. რვა სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა. ვითარების ადგილზე გასაცნობად რეგიონს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ესტუმრა. გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა გეოლოგებით დაკომპლექტებული საგანგებო კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მთის ფერდობი ჩამოწვა და მდინარე ჩაიხერგა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგულეთშიც. მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა.
იმერეთში, ხონის რაიონში, მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა გაანადგურა. ასევე, დატბორილია კარიერის გადამამუშავებელი მინიქარხანა და წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება. ხიფათი დაემუქრა ჭიათურასა და წყალტუბოს. ძლიერი წვიმის გამო რეგიონში ადიდდა მდინარეები რიონი და ყვირილა. მიმდებარე ტერიტორიებზე დანგრეულია ხიდები და დაზიანებულია გზები.
სტიქიამ, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, იმერეთში სამშენებლო სამუშაოებისათვის ჩასული ისრაელის 3 მოქალაქეც დააზარალა. მათი ევაკუაცია ვერტმფრენით მოხერხდა.
14 მარტიდან წვიმს აღმოსავლეთშიც. სტიქიამ პიკს 15-16 მარტისთვის მიაღწია. წვიმას ძლიერი ქარიც ახლდა. ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენ-ის ინფორმაციით, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის დაზიანებამ ახმეტის რაიონის 7 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. ანალოგიური მდგომარეობაა გურჯაანის რაიონის მაღალმთიან სოფლებშიც, სადაც მდინარე ჭერმისხევი ადიდდა. სტიქიამ უსარგებლო გახადა ლაგოდეხი-გურჯაანი-თბილისიის ავტომაგისტრალიც.
წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს შიდა ქართლში. წვიმა შეწყდა. მდინარეები კალაპოტს უბრუნდება. სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში სახანძრო სამაშველო სამსახური ეხმარება. გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი გორის რაიონის სოფელი სკრა, საიდანაც 16 მარტს, დილით, წყალდიდობაში მოხვედრილი ადამიანები შიდა ქართლის პოლიციამ სამხიდიანი მანქანებით გამოიყვანა. მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო სოფელ კარალეთშიც, დევნილთა დასახლებაში. რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, იქ წვიმის ყოველი მოსვლა პრობლემებს ქმნის, რადგან დასახლება ჭაობიან ადგილზეა გაშენებული. კარალეთში უკვე იჭრება წყლის გადასაქაჩავი არხი, რომელიც მომავალში დაიცავს დასახლებას წყალდიდობისაგან.
მძიმე ვითარება იყო მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისშიც. სოფელ წეროვანში კი მდინარე ქსანმა 50-მდე საცხოვრებელი, მათ შორის, დევნილთა სახლები და 300 ეზო დატბორა. 16 მარტს წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ჩავიდა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, 20-მდე დაზარალებულ ოჯახს თბილისში გადაიყვანენ. დაიწყო სახლების აღდგენა. მომდევნო დღეს წეროვანს პრეზიდენტი სააკაშვილი ეწვია. მან აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტის თქმით, ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა თავის დროზე, რადგან სახლები სწრაფად უნდა აშენებულიყო.
სტიქია შეეხო ქვემო ქართლსაც. მდგომარეობა მძიმეა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. აქაც დაიტბორა სახლები და განადგურდა ნათესები.
ძლიერი წვიმა იყო დედაქალაქშიც. დაზიანდა საცხოვრებლები. ბაგების სტუდქალაქისა და თემქის მკვიდრ დევნილებს ნათესავებთან მოუხდათ ღამის გათევა. ჩამოინგრა სახლის კედელი ზემო სოლოლაკში. აივნის კედლის ჩამოშლას ბინადრებიც შეესწრნენ. ამაღლების ქუჩაზე მდებარე ეს შენობა ავარიული იყო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
მტკვრის დონემ მოიმატა 4 მეტრით. ზაჰესმა, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, ფარები გახსნა. ჰესი სრული დატვირთვით 10 დღეში ამუშავდება.
მტკვარში ჩაიძირა ორთაჭალაში მშენებარე რესტორნის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთავრობამ ზარალის დათვლა დაიწყო. ზარალის ასანაზღაურებლად, ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო თანხები გამოიყოფა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები