მედია ნონ გრატა

0 კომენტარი

22 მარტს პარიზის არბიტრაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის - “პირველი კავკასიური” საქმეს განიხილავს. ფრანგულმა სატელიტურმა კომპანიამ Eutelsat-მა მას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ქართულმა მხარემ ფრანგულ კომპანიას პარიზის არბიტრაჟში უჩივლა.
დემოკრატიული ტრადიციების სულისჩამდგმელების - რუსოს და ვოლტერის ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპული ღირებულებები. თანამედროვე ევროპული პოლიტიკა სულ უფრო ხშირად დემოკრატიულ ღირებულებებს მერკანტილური ინტერესებით ანაცვლებს.
მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებულ აზრს დევნიან, უფლებადამცველებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ ჟურნალისტებს კლავენ ხელისუფლების კრიტიკის გამო და რუსული იდეოლოგიის მანქანა Russia Today მსოფლიოს მასშტაბით მთელი სიმძლავრით მუშაობს, ფრანგულმა კომპანია Eutelsat-მა, რუსეთის ზეწოლის შედეგად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის - „პირველი კავკასიური” მაუწყებლობა შეწყვიტა. მიზეზი მარტივია - მას კრემლი ვერ აკონტროლებს. დაბლოკილი არხი კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რუსულენოვან ტელემაყურებელს, პირველ ყოვლისა კი, რუსეთის რეგიონის - ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას.
“პირველი კავკასიური” მაუწყებლობის დაწყებიდან ათი დღის შემდეგ, მოულოდნელად გაითიშა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ Eutelsat-ისგან შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არხი მოიხსნებოდა თანამგზავრიდან გადაცემების შინაარსის გამო. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, კომპანიას არ აქვს უფლება, განსაჯოს არხის შინაარსი, თუ ის დანაშაულებრივი ან ამორალური ხასიათისა არ არის. ამიტომ ფრანგებს მალევე გაუჩნდათ ახალი ვერსია „ტექნიკური პრობლემების” სახით. როდესაც ეს არგუმენტიც საეჭვო აღმოჩნდა, Eutelsat-მა „სატელიტზე თავისუფალი ადგილის არქონა” მოიმიზეზა.
მოვლენათა ქრონოლოგია მრავლისმეტყველია. 14 იანვარს ქართულმა კომპანიამ მიიღო კონტრაქტი სატელიტ W7-ზე მაუწყებლობის შესახებ. “პირველი კავკასიურის” ეთერში გასვლისთანავე რუსულმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო ელიტამ ტელეარხი მკაცრად შეაფასა. 15 იანვარს Eutelsat-მა ხელი მოაწერა თანხმობას რუსული გაზისა და მედიის მონოპოლისტის - “გაზპრომის” პარტნიორ კომპანიასთან “ინტერსპუტნიკთან” თანამშრომლობის შესახებ. ამის შემდეგ უეცრად გაირკვა, რომ W7-ზე მაუწყებლობის საშუალება აღარ არსებობს და ქართულ არხს შესთავაზეს ახალი სატელიტი, რომელიც მაყურებლისგან სპეციალური ანტენის დამონტაჟებას მოითხოვს. ახალი ანტენის დამონტაჟება კი აადვილებს ტელემაყურებლების იდენტიფიცირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ზუსტად ეცოდინებოდა „მტრული” არხის მაყურებელთა ვინაობა. ქართული მხარე ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა.
Eutelsat-სა და “ინტერსპუტნიკს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტრაქტი ევროპელ ოპერატორთან ბევრად ნაკლებს - 600 ათას ევროს შეადგენდა. ევროპულმა კომპანიამ რუსეთისგან 333-ჯერ მეტი მატერიალური სარგებელი ნახა. რუსულმა “გაზპრომმა” Eutelsat-ისგან ბითუმად შეიძინა 14 არხის ადგილი 15 წლის ვადით და ამ თანამგზავრით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
ამიერიდან “პირველი კავკასიურისთვის” განკუთვნილ სატელიტზე W7-ზე გავა “გაზპრომ-მედიისთვის” სასურველი ტელეკომპანიები. პრეზიდენტ მედვედევის განცხადებით, ადგილი დაეთმობა დსთ-ს რუსულენოვან ტელეარხებს.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Eutelsat-ი ცალკეული ავტორიტარული რეჟიმების დაკვეთას ასრულებს. 2008 წელს ევროპულმა ოპერატორმა ჩინური ოპოზიციური არხის NTDTV-ს მაუწყებლობა შეწყვიტა. მიზეზად კარგად ნაცნობი „ტექნიკური ხასიათის” პრობლემები დასახელდა. პეკინის შემდეგ, 2009 წელს, პარიზმა, თეირანის ზეწოლის შედეგად, სპარსულენოვანი BBC სატელიტიდან გათიშა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ყველაფერ ამას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის.
დემოკრატია აბსტრაქტულია, ნავთობდოლარები კი - მეტად კონკრეტული. საფრანგეთს, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობის პრეტენზია აქვს, ავიწყდება, რომ საინფორმაციო ეპოქაში ინფორმაციის დაბლოკვა დიდი რისკია რეპუტაციისთვის. მორალური ავტორიტეტი არანაკლებ ღირებულია, ვიდრე გაზსადენები, ვერტმფრენმზიდები თუ სატელიტური თანამგზავრები.
რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის ახალი ეპოქა დაიწყო. აღმოსავლეთ ევროპას კი ისღა დარჩენია, “შეშფოთებასა” და “აღშფოთებას” შორის გააკეთოს არჩევანი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები