კვანძის გახსნის მოლოდინში

0 კომენტარი
ფოტო: ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჟადი და სირიის პრეზიდენტი ალ ასადი, დამასკო.

დღეს ირანში სამი წამმზომია ჩართული: ერთი - ქვეყნის ბირთვულ ლაბორატორიებში; მეორე - მოლაპარაკებათა მაგიდებზე; მესამე - ქუჩებში. ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წამმზომის ისარი იმოძრავებს უფრო სწრაფად.
11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის წლისთავზე, თეირანის ქუჩები დემონსტრაციებმა მოიცვა. რეჟიმთან წინააღმდეგობის ნიშნები ირანში ყოველთვის იყო, მაგრამ 2009 წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაძაბულობა გაიზარდა. გაძლიერდა ოპოზიციური „მწვანე მოძრაობა”. ხელისუფლება გამოსვლებს ხელკეტებით, დაპატიმრებებით და ინტერნეტ-ცენზურით გაუმკლავდა. რამდენიმე აქტივისტს სიკვდილი მიუსაჯეს. ირანის მმართველობა დაშინებით ცდილობს საპროტესტო ტალღის ჩახშობას. ისინი „მწვანე მოძრაობაში” დასავლეთის მიერ დადგმულ მორიგ „ფერად რევოლუციას” ხედავენ და პარალელს ავლებენ უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციასთან.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკვე დროა დასავლეთმა ღიად დაუჭიროს მხარი ირანულ ოპოზიციას. ამ აზრს ეთანხმებიან ახალგაზრდა ირანელი აქტივისტებიც. ჯერჯერობით ობამას ადმინისტრაცია მკვეთრ განცხადებებს ერიდება და ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლება, რითაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის დელიკატურ ბალანსს იცავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ და ევროპა მოვალენი არიან გაამხნევონ დემონსტრანტები და დაეხმარონ ირანის ოპოზიციას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარებაში. თუმცა, დასავლეთს, ამავდროულად, სიფრთხილე მართებს, რადგან ოპოზიციის მომხრეების დიდი ნაწილი ისლამური რევოლუციის მხარდამჭერია. ისინი არ მოიწონებენ ირანის შიდა ბრძოლაში გარეშე ძალების მკვეთრ ჩარევას.
დასავლეთის და ირანული ოპოზიციის საერთო კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ბირთვული ამბიციებია. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობის ბირთვული პროგრამა ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირების პოლიტიკაა. ამგვარად, დამანგრეველი ზიანი ადგება ირანის ეკონომიკას.
გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ ისლამურ რესპუბლიკას ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლი სანქციების დაწესებით დაიმუქრა. დასახელდა ვადა - 2009 წლის დეკემბერი, თუმცა, აშშ-ს დღემდე არ აუსრულებია მუქარა. სანქციებს უქადიან ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებიც. უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ ირანის ტექნოლოგიები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს. ირანს უკვე აქვს 4%-ით გამდიდრებული ურანი, რაც საკმარისია ელექტროენერგიის საწარმოებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები, გერმანიასთან ერთად, მუშაობენ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ირანმა 4%-ით გამდიდრებული ურანის მცირე რაოდენობა (1200კგ) უნდა გაგზავნოს საფრანგეთში და რუსეთში. სანაცვლოდ ისლამური რესპუბლიკა მიიღებს 20%-ით გამდიდრებულ რადიაქტიურ იზოტოპურ ურანს. შეთავაზებაზე პასუხად პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მათ დამოუკიდებლად გაამდიდრეს ურანი 20%-მდე და მომავალშიც პროცესი ირანის ტერიტორიაზე წარიმართება. ჩანს, შეთანხმება ვერ შედგება.
ოფიციალური თეირანის მიმართ დასავლეთის სანქციებს აბრკოლებენ ჩინეთი და რუსეთი. „სწორი დრო არ არის შერჩეული სანქციების დასაწესებლად, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს”, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა გაეროში. დასავლეთმაც არ იცის დანამდვილებით, თუ როგორ გავლენას იქონიებს სანქციები რეჟიმის გადაწყვეტილებებზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ მოაქვთ სწრაფი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები. გარდა ამისა, სანქციების დაწესების შემთხვევაში, „მწვანე მოძრაობა” დაკარგავს მილიონობით დოლარის გრანტებს, გამოყოფილს ადამიანის უფლებების დასაცავად.
ექსპერტები ვერ ადგენენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აჰმადინეჟადის განცხადება ირანში 20%-ით გამდიდრებული ურანის შესახებ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ირანი ახლოსაა ბირთვული იარაღის დამზადებასთან. საქმე ის არის, რომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭიროა 90%-ით გამდიდრებული ურანი. რთული ურანის 4%-დან 20%-მდე გამდიდრებაა, თორემ 20%-დან 90%-მდე გამდიდრება ტექნოლოგიურად ბევრად მარტივია.
თუ ირანს გაუჩნდება ბირთვული იარაღი, ძალთა წონასწორობა რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს, ერთი მხრივ, წაახალისებს ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხოლო მეორე მხრივ - რეგიონის ძლიერ ქვეყნებს (ს. არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი) ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგებს, ძველი ბალანსის აღსადგენად. ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესი ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ისედაც გაზრდილია. თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, იორდანია და იემენი ოფიციალურად მუშაობენ ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ეს ქვეყნები თავიანთ მისწრაფებებს ეკონომიკური ინტერესით ხსნიან: ნავთობის რეზერვების კლებამ, ბუნებრივი რესურსების სიმცირემ და, შედეგად, ნავთობზე და ბუნებრივ აირზე ფასის მატებამ განაპირობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიება. თუმცა, არსებობს პოლიტიკური ინტერესიც. არაბული ქვეყნები გამუდმებით აპროტესტებენ ისრაელის მფლობელობაში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას. სუნიტურ სახელმწიფოებს არანაკლებ აშფოთებთ შიიტურ ირანში ბირთვული იარაღის გაჩენის პერსპექტივაც.
თუ დასავლელი მონიტორები ახლო მომავალში ვერ შეაღწევენ ირანის ბირთვულ ლაბორატორიებში, აშშ და ისრაელი დგებიან საზარელი არჩევანის წინაშე - შეეგუონ ბირთვულ თეირანს ან სამხედრო ძალით გაანეიტრალონ იგი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები