„იმედის“ დათვური სამსახური ანუ უკან მომავალში 30 წუთით

0 კომენტარი

15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედს“ დაავალა ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმის გამო, რომ აუდიტორიის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია. ამ გადაწყვეტილების კანონიერება იურისტების მსჯელობის საგანი უკვე გახდა, მაგრამ ყველაზე უცნაური მასში არა სამართლებრივი მხარეა, არამედ ის გარემოება, რომ ამ ყველაფრისათვის „იმედს“ ბოდიში უკვე მოხდილი აქვს.
ბოდიშთან ერთად „იმედი” შეეცადა საზოგადოებისათვის საკუთარი მოტივები აეხსნა და თავისი ქმედება გაემართლებინა - გადაცემის მიზანი „მოსახლეობის გაღიზიანება“ კი არ ყოფილა, არამედ – „რუსეთის აგრესიული გეგმებისთვის ხელის შეშლა”.
რუსეთის აგრესიული გეგმებისათვის ხელის შეშლის გასაკიცხად ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს, მაგრამ ერთი რამ დღესავით ცხადია - ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოვლენები 13 მარტის იმიტირებული „ქრონიკის” სცენარით განვითარდა, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევა მოუწევს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ საქმე მორიგ „მოდელირებასთან”არა გვაქვს.
გარდა იმისა, რომ „იმედმა“ საქართველო და მისი ხელისუფლება მგლისა და ბიჭის შესახებ ეზოპეს ცნობილი იგავის მდგომარეობაში ჩააგდო, გადაცემით გამოწვეულმა პანიკამ და მისმა კრიტიკამ სრულად გადაფარა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის განხილვა. იმიტირებულმა „ქრონიკამ” ამ ერთ საკითხში, როგორც მინიმუმ ერთი საღამოს განმავლობაში, ერთ პოზიციაზე ამყოფა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მარგინალი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომის განახლების შემთხვევაში მათი მთავარი საზრუნავი საქართველოს არსებული ხელისუფლებისაგან განთავისუფლება იქნება.
იმიტაცია ჟურნალისტიკისთვის უცხო მოვლენა არ არის - მაგალითად იკმარებდა თუნდაც წამყვან ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-ში 6 მარტს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ასევე რუსეთთან ახალ ომს ეძღვნება. იმიტირებული ჟურნალისტიკის მრავალი სხვა ანალოგიის გახსენებაც შეიძლება, მათ შორის ისეთების, პროფესიულ ეთიკის ნორმებს უხეშად რომ არღვევს, მაგრამ იმედმა მოახერხა მოეხსნა მანამდე არსებული ყველა რეკორდი.
ქართულმა გადაცემამ დაიკავა პირველი ადგილი ჟურნალ „თაიმის” ყველა დროის უდიდეს შოკისმომგვრელ მისტიფიკაციათა ათეულში. ზოგიერთ უნივერსიტეტში მედიის მკვლევარებმა ქრონიკის განხილვას ლექციები მიუძღვნეს. მოდელირებულმა „ქრონიკამ” გაუსწრო მე-19 საუკუნეში გავრცელებულ ნაპოლეონის ნაადრევი სიკვდილის ამბავსა და 1930-იანი წლების ამერიკულ რეპორტაჟს მარსელების შემოსევის შესახებ.
„იმედის” ინსცენირებამ ბევრში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ 1938 წელს ორსონ უელსის მიერ ჰერბერთ უელსის კლასიკური რომანის „სამყაროთა ომის” სკანდალური რადიოდადგმის რემინისცენცია გამოიწვია. 1938 წელს ჰელოვინის დღესასწაულზე მოქალაქეებმა CBS-ის რადიოთი შეიტყვეს მარსელების შემოსევის “ამბავი”. მილიონობით ადამიანი პანიკამ მოიცვა, ბევრს ჰალუცინაციები დაეწყო - ზოგმა მომწამვლელი გაზის სუნი „იგრძნო”, ზოგმაც სროლისა და აფეთქების ალი „დაინახა”. ბევრი ნიუ ჯერსიში „მოვლენათა ეპიცენტრისკენ” გაეშურა. უელსის ამ პროვოკაციას უფართოესი რეზონანსი ახლდა - მხოლოდ იმ თვეში მოვლენას 12 500 საგაზეთო პუბლიკაცია უძღვნეს, ხოლო ერთერთ საჯარო გამოსვლაში ადოლფ ჰიტლერმა იგი დასავლური ცივილიზაციის ხრწნისა და დაცემის მაგალითად შეაფასა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული - ეს სიტყვები უძღოდა წინ „ქრონიკის” იმიტირებულ გადაცემას. თავად ეს იდეა, სახელმწიფოებრიობის დასასრული გამხდარიყო სატელევიზიო მისტიფიკაციის თემა, არ არის „იმედის” მიგნება.
2006 წელს ბელგიური საზოგადოებრივი მაუწყებლის RTBF-ის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა იმიტირებული ახალი ამბების საგანგებო გამოშვება ბელგიის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტის შესახებ. ბელგიელები შოკმა მოიცვა, როცა შეიტყვეს, რომ სეპარატისტული განწყობების მქონე პროვინცია ფლანდრიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო მეფე და დედოფალი კი ყოფილ კოლონია კონგოში გაიქცნენ. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაჩნდა წარწერა, რომ გადაცემა ინსცენირებულია. მიუხედავად ამისა, აფორიაქებული ხალხის დამშვიდებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
სწორედ ეს მაგალითი მოიყვანა იმედის ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა აქცენტებში გამოსვლისას. თუმცა, ბელგიური პრეცედენტი უფრო სხვის შეცდომაზე სწავლის შესაძლებლობა უნდა გამხდარიყო, ვიდრე მისაბაძი მაგალითი. მართალია, პროექტის ავტორებმა საკუთარი მოქმედება ბელგიის სახელმწიფოს შენარჩუნებაზე ზრუნვით ახსნეს, მაგრამ სატელევიზიო პროექტმა Bye Bye Belgium ძირითადად ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა.
ამასთან, რაკიღა რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული, მდიდარი ევროპული ქვეყნის დაშლისგან განსხვავებით, სისხლისღვრისა და ნგრევის გარეშე არ ჩაივლის, ქართველ მაყურებელს საპანიკოდ ბევრად მეტი საფუძველი ჰქონდა. რუსი ინტერვენტები სამეცნიერო ფანტასტიკის პერსონაჟები არ არიან, რომ საზოგადოებას გასჭირვებოდა იმის წარმოდგენა, თუ რა მოყვებოდა ჩვენს ქვეყანაში მათ მორიგ გამოჩენას.

მსოფლიო ჟურნალისტიკისათვის უცხო არც მასშტაბური კატასტროფების სიმულაციაა. წელს, თებერვალში CNN-მა გადასცა პროგრამა, რომელიც ამერიკაზე მასშტაბურ კიბერ-ტერორისტულ თავდასხმას ეძღვნებოდა. მაყურებელმა ნახა როგორ განიხილავდნენ თავდასხმაზე რეაგირების ვარიანტებს სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელები, რომელთა როლებს ყოფილი მინისტრები, სენატორები, გენერლები და სხვა მაღალი რანგის მოხელეები ასრულებდნენ. მოვლენები ვითარდებოდა რეალურ დროში, დაზვერვისა და პრესის მიერ მოწოდებული ახალ–ახალი მონაცემების საფუძველზე. წინასწარ არავინ იცოდა თუ რა სცენარით წარიმართებოდა პროცესები.
CNN-მა იმის ვიზუალიზება მოახდინა, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და როგორ უპასუხებს ის თავდასხმას, როგორ იმოქმედებს მთავრობა კრიზისულ ვითარებაში. ამ გადაცემას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა და მან აჩვენა რისთვის არის ქვეყანა მზად და სად არის სუსტი მხარეები.
CNN-ისა და „იმედის” ინსცენირებებს შორის განსხვავება თვალშისაცემია: თუკი ამერიკელმა მაყურებელმა კატასტროფა ნახა, ქართული აუდიტორია სრული აპოკალიფსის მოწმე გახდა - არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არათუ გამართულად, არამედ საერთოდ არ ფუნქციონირებდა. მაყურებელს აჩვენეს, რომ არათუ არავის გააჩნია ძალა და უნარი მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს, არამედ უფრო მეტიც, არ არსებობს არანაირი გეგმა, რა შეიძლება მოიმოქმედოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ დამოუკიდებლობის გადასარჩენად, თუკი „საქართველოს შესაძლო ყველაზე მძიმე დღე” მართლაც დადგება.

როგორც ჩანს, გადაცემის ავტორებს მხოლოდ რუსეთთან ახალი ომი საკმაოდ შოკისმომგვრელად არ მოეჩვენათ და ამიტომ ან მეტი მხატვრული დამაჯერებლობისათვის მაყურებელს უთხრეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისთანავე ქართული ჯარის ნაწილი მტრის მხარეზე გადავა, პრეზიდენტს მოკლავენ და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში გარკვეული სახით სომხეთიც იქნება ჩართული. როგორც იტყვიან - ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. ნებისმიერ სხვა ვითარებაში ასეთი საკითხების ტრივიალიზაცია უმწვავესი კრიტიკის საგანი გახდებოდა, მაგრამ ახლა ამან შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა.
ასეთი თემებით ხშირი ოპერირება მათ საბოლოო ჯამში აუფასურებს. ბევრი შიშობს, რომ „იმედის” მოდელირებამ ვაქცინასავით იმოქმედა. ასეთ თემებზე ყოველგვარი მოკრძალების გარეშე საუბარი შემდეგ ამ მოვლენების მიუღებლობის ხარისხს ასუსტებს და თვითახდენადი წინასწარმეტყველება შეიძლება გახდეს.
ცალკე საკითხია, თუ რატომ იჯერებს ყველა ასე ადვილად არა მხოლოდ საქართველოში, ან თუნდაც ფინეთში, არამედ თავად რუსეთში რომ ასეთი ომი სავსებით რეალურია - ცნობები სენსაციური მოვლენების შესახებ ზოგიერთმა რუსულმა სააგენტომაც გაავრცელა.
რუსები იმავე დღეში აღმოჩდნენ, როგორც თავის დროზე ინგლისელები, რომლებმაც 1814 წელს ადვილად დაიჯერეს შიფ ინ-ის სახელით ცნობილ დოვერის ერთ-ერთი პაბში გაჩენილი ჭორი ნაპოლეონ ბონაპარტეს მოკვლის შესახებ. ნისლიანი ალბიონის მკვიდრთათვის ეს ხანგრძლივი ომის დასასრულს მოასწავებდა. „ინფორმაციის” გავრცელებისთანავე ლონდონის ბირჟაზე აქციების ფასმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია და რამდენიმე ადამიანს თაღლითობის შესაძლებლობა მისცა.

შეიძლება ბევრი ვისაუბროთ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, მაგრამ სწორედ აგრესიის ამ დამაჯერებლობიდან გამომდინარე ძნელი არ უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ ასეთი გადაცემა მაღალი ალბათობით მასობრივ პანიკას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის ბოლო პუნქტში ვკითხულობთ: „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება”.

კოდექსი არ ზღუდავს მაუწყებელს „ნათელი განმარტების” საშუალებათა არჩევაში, თუკი მთავარი ფასეულობა - „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის აცილება” - იქნება უზრუნველყოფილი. თავის მართლებისთვის „იმედის” ხელმძღვანელობა გვახსენებს, რომ გადაცემის ანონსირებისას, როგორც ქრონიკის დაწყების წინ, ასევე მანამდე დღის განმავლობაში მიუთითებდა რომ გადაცემა მოდელირებულია და მოვლენები მომავალში - 2010 წლის 7 ივნისს ვითარდება.
ამას თან დაერთო ის გარემოებაც, რომ იმიტირებული „ქრონიკა“, შემთხვევით თუ გამიზნულად, რადიოეთერშიც მოხვდა. მაყურებელთა და მსმენელთა იმ ნაწილმა, რომელსაც გადაცემის ანონსი არ ენახა, ინსცენირება რეალურ მოვლენად აღიქვა.
პროგრამის ხასიათის შესახებ მაყურებლის ინფორმირების მიზნით „იმედის” მიერ მიღებული ზომები ტრაგიკულად არაადეკვატური აღმოჩნდა - სანამ „იმედის” წამყვანი ოკუპაციის გამო წარმოქმნილ პანიკასა და რიგებზე ლაპარაკობდა, ადამიანები მართლაც გარბოდნენ სახლებიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მოსამარაგებლად. სამი დღის შემდეგ კი გავრცელდა ცნობა, რომ იმიტირებული „ქრონიკის” ყურებისას 50 წლის ნაინფარქტალი მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს უკვე თითქმის ყველა თანხმდება, რომ მასობრივი პანიკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო სათანადო წარწერა გადაცემის მსვლელობის მთელი დროის განმავლობაში, ვინაიდან ბევრი მაყურებელი ამა თუ იმ სატელევიზიო არხს ყოველთვის დროებით რთავენ და არც საინფორმაციო გამოშვებებს უყურებენ თავიდან ბოლომდე.
დადგმასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეთიკური პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ რეალურ პიროვნებებს როლები მათი ნებართვის გარეშე მიანიჭეს. ამან არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები, არამედ გადაცემაში ნახსენები უცხოელი დიპლომატებიც გააღიზიანა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებმა ტელეკომპანიას საპროტესტო წერილები მიწერეს.
საქართველოს ხელისუფლების შიდა და გარე კრიტიკოსები კიდევ ერთხელ მიეცათ საბაბი ელაპარაკათ სააკაშვილის გაუწონასწოებელ ხასიათზე, ქართული მედიისა და მისი მანიპულაციების შესახებ. ამ შანს უთუოდ გამოიყენებენ დასავლეთის ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ ღირს საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობათა დაძაბვა.
საქართველო ომს დღეს ორ ფრონტზე აწარმოებს. თუ კი ფრონტის ერთი, ხილული ხაზი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე გადის, მეორე, უხილავი ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის. ამ ორი ომის ბედი ერთმანეთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ერთ რომელიმეზე წარუმატებლობა მყისიერად გადაედება მეორეს. ამის თვალსაჩინო ილუსტრაცია 2008 წელს ვიხილეთ: აგვისტოს ომი ღრმა ეკონომიკურ კრიზისის მიზეზი გახდა. მეორე მხრივ, ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოებრივი ძლიერების მატერიალურ საფუძვლებს განამტკიცებს და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

რთული სათქმელია რამდენი ინვესტიცია ან სამუშაო ადგილი დაუჯდა ჩვენ ქვეყანას „იმედის” იმიტაცია, მაგრამ ცხადია, რომ ამგვარი გადაცემები ბიზნესმენებს საქართველოში ფულის ჩადების სტიმულებს, ვთქვათ რბილად, არ უძლიერებს. ძნელი წარმოსადგენია, ინვესტორებმა ენთუზიაზმით გაიხედონ ქვეყნისკენ, რომლის მმართველი ელიტაც სამ თვეში სამხედრო ინტერვენციას ელის.
ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეკონომიკასთან ერთად ზიანი მიადგა არსებული ხელისუფლების პარტიულ ინტერესებსაც. შოკი და ძრწოლა ეფექტური სამხედრო დოქტრინაა, რომელიც მრავალგზის აღმატებული ძალის გამოყენების გზით ბრძოლის ველზე მყისიერი დომინირების მიღწევას გულისხმობს და შედეგად მტერს უსპობს ნებას, გასწიოს წინააღმდეგობა. საკუთარ თავზე ტაქტიკა ჯერ არავის გამოუცდია. ამ გზით მოპოვებულ გამარჯვებას სამხედრო ისტორია არ იცნობს. ინვესტორების მსგავსად, „ქრონიკის” ანტიუტოპიამ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსაც არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის სურვილი, ალბათ, არ გაუძლიერა.
პრეზიდენტ სააკაშვილის თავდაპირველი კომენტარი ორაზროვანი იყო. „იმედის” პროფესიული სტანდარტების კრიტიკასთან ერთად მან რატომღაც საჭიროდ ჩათვალა გადაცემაში დახატული სცენარის რეალისტურობაზეც ესაუბრა. ასეთი შეფასება დისონანსს ქმნიდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ განწყობებთან, არამედ პრეზიდენტის გუნდისვე საჯაროდ გამოთქმულ პოზიციებთან. ზიანის ადეკვატური შეფასების შემდეგ სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც უკვე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაგმო მომხდარი.
ამასობაში რუსულ ვებ–გვერდებზე დაიდო აუდიოჩანაწერი, სადაც არველაძის მსგავსი ხმით მსმენელმა მოისმინა, რომ გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე გადაცემის გაშვება პირადად მიშას იდეა იყო. მოგვიანებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში კი სააკაშვილი იმიტირებულ „ქრონიკას” აკრიტიკებს. ორივე ჩანაწერის ავთენტურობა სადავოა. მაგრამ თავის მართლების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული, ხოლო ნეგატიურმა გამოხმაურებებმა პიკს მიაღწია.

მ გამოხმაურებათა ერთი ნაწილი „მოდელირებაში“ ბრალს დებს „იმედის” ჟურნალისტებს, რომელთაც სცადეს შეწინააღმდეგებოდნენ ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს და არ დაეშვათ 13 მარტს „ქრონიკის“ იმ სახით ეთერში გასვლა. თვითონ „ქრონიკის“ გუნდი ანუ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური თითქმის არავის გახსენებია. არადა, საღამოს რვა საათიდან ცხრის ნახევრამდე ეკრანიდან ლაპარაკობდნენ ის ჟურნალისტები, სხვა დღეებშიც იმავე დროს რომ გაჰყავთ ეთერში „ქრონიკა“. ჩვენთვის არაფერია ცნობილი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტთა პოზიციაზე. ფაქტია, ისინი გენდირექტორს ადვილად აყვნენ „თამაშში”. ყველაზე იოლია, ასეთი ქცევა უზნეობად ან უვიცობად გამოაცხადო. აყოლის მიზეზი შეიძლება უფრო ღრმა იყოს.
„ქრონიკის” ჟურნალისტთა უმეტესობას სწორედ ჟურნალისტური განათლება აქვს მიღებული, თან იმ წლებში და იმ სკოლებში, სადაც ლამის კონცეფციის დონეზე იყო აყვანილი პრინციპი, რომ ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივი აზრის შექმნა და მოსახლეობის აღზრდაა; ამას კი ნახევარი ნაბიჯი აშორებს საზოგადოების განწყობაზე გავლენისაგან. სინამდვილის ადეკვატური ასახვა და სანდო ინფორმირება მეორეულია. მომავალ ჟურნალისტებს სტუდენტობიდანვე აცდუნებენ ძალაუფლებით, რომელიც მათ უპყრიათ, როგორც „მეოთხე ხელისუფლებას”. ამგვარ მიდგომათა დანერგვას ხსენებულ სკოლებში ახლდა ისეთი კრეატიული დავალებები, როგორიცაა, ვთქვათ, წარმოსახვითი ინტერვიუ თამარ მეფესთან ანუ წმინდა წყლის თხზვა. რა გასაკვირია, რომ ამნაირი ცოდნიდან რწმენადქცეული განათლებით მედიაში მისულ ჟურნალისტებს არავითარი მორალური (გინდ პიროვნული, გინდ პროფესიული) ბარიერი არ გაუჩნდებათ, როცა საზოგადოებრივ აზრზე შოკურ ზემოქმედებას შესთავაზებენ. მათ არ ჭირდებათ ეთიკის დავიწყება საიმისოდ, რომ სინამდვილე აბსოლუტური გამონაგონით ჩაანაცვლონ – რადგან სწორედ ამ დროს ხედავენ საკუთარ თავს პროფესიული დიდების მწვერვალზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები