106 წე­ლი პატ­რი­არ­ქის გა­რე­შე

0 კომენტარი

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან ჯერ 10 წელიც არ იყო გასული, როდესაც სამეფო ტახტის ბედი საპატრიარქო კათედრამაც გაიზიარა. 1810 წელს ერეკლე II-ის შვილი, კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II პეტერბურგში გაიწვიეს. ამ დროიდან საქართველოს ეკლესიას 106 წლის მანძილზე აღარ ჰყოლია საკუთარი პატრიარქი. „მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ კარგად იცოდა ეს გაწვევა რასაც მოასწავებდა, ამიტომ ცრემლითა და ლოცვით გამოემშვიდობა სვეტიცხოველსა და საქართველოს”, — იხსენებდა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებაში 1985 წელს.
იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვას საფუძველი 1783 წელს ჩაეყარა. გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რუსეთის უწმინდეს სინოდში მერვე წევრად შესვლას ითვალისწინებდა. როგორ შეძლებდა დამოუკიდებელი ეკლესიის პირველიერარქი სხვა ეკლესიის წმინდა სინოდის წევრობას?
ამ კითხვას პასუხი 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გასცა. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და, მასთან ერთად, საპატრიარქო ინსტიტუტიც. ამით დაირღვა კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონი, სადაც ვკითხულობთ: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა”. შექმნეს „აღმოსავლეთ საქართველოს საეგზარქოსო”, რომელიც რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. პირველ ეგზარქოსად ეროვნებით ქართველი, ვარლამ ერისთავი დანიშნეს. სამი წლის შემდეგ აღმოსავლეთის საეგზარქოსოს აფხაზეთის საკათალიკოსოც შეუერთეს და ასე გადააქციეს ივერიის ეკლესია „საქართველოსა და იმერეთის საეგზარქოსოდ”. აქედან მოყოლებული საქართველოში სულ 17-მა ეგზარქოსმა იმსახურა, რომელთაგან არც ერთი ყოფილა ქართველი.
„ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიას 1811 წლიდან მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის ენა და არც ადათ-წესები. ამჟამად კი საქართველოს ეგზარქოს ნიკონს თავისი მრევლის წინაშე გამოჩენის ეშინია”, - წერს რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვო. ქართულ კულტურასთან გაუცხოება ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომელიც ეროვნული და სარწმუნოებრივი მოღვაწეობისთვის წმინდანად არის შერაცხული, შემდეგნაირად ახასიათებდა ეგზარქატს: „ეს პირები ზნეობრივად დაბალ დონეზე იდგნენ. ესენი იყვნენ პირმოთნე, ეგოისტი, ანგარებიანი, პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ძალადობითა და ცრუდასმენებით კარიერას იკეთებდნენ”.
საქართველოს ეკლესიის დანაკარგი ეგზარქატის პერიოდში უპრეცედენტო იყო. რუსებმა დახურეს 25 სამღვდელმთავრო კათედრა და 800-ზე მეტი ეკლესია. დურნოვოს შეფასებით, 150 მილიონ მანეთად ღირებული საეკლესიო ქონება ხაზინამ წაიღო. ეგზარქოს ევსევის დროს ხახულის ღვთისმშობლის ხატიდან მოხსნეს ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომელიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდა. ევსევისვე ნებართვით, ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა გელათიდან გაიტანა ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, მოხსნა მას ოქროს მოჭედილობა და შეცვალა იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. სვეტიცხოვლის ფრესკები კირის რამდენიმე ფენით მხოლოდ იმის გამო დაფარეს, რომ საქართველოს პროვინციაში ჩამოსულ იმპერატორ ნიკოლოზ პირველს „სანიტარული წესრიგი” დახვედროდა. განადგურდა არაერთი უძველესი ჰიმნოგრაფიული ძეგლი. ქართული საეკლესიო გალობა და წირვა-ლოცვა დადუმდა და რუსულით ჩანაცვლდა.
1886 წელს მოკლეს თბილისის სემინარიის რექტორი, დეკანოზი ჩუდეცკი. მის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ქართველი ერი პირდაპირ ამბიონიდან დაწყევლა. ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, პროტესტის ნიშნად, ლებედევს მისწერა წერილი, რომელშიც პირდაპირ მოსთხოვა საქართველოს დატოვება: „თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან”. წმინდა დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წელს კი სახლში შეპარულმა ჯალათმა თავში უროს ჩარტყმით მოკლა.ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. ამ პროცესში ილია ჭავჭავაძეც იყო ჩართული. მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვთან წერილში ილია და სხვა დიდებულები წერდნენ: „ივერიის ეკლესიას წაერთვა ყოველივე ის, რითაც ცხოვრობდა, რითაც ძლიერი იყო იგი. შეწყდა სიცოცხლის ძარღვი...” აქტიურობდა სასულიერო დასიც. მანიფესტაციებმა იმდენად ფართომასშტაბიანი სახე მიიღო, რომ ეგზარქოსმა ალექსიმ 1905 წელს სასულიერო სემინარიაში ქართველ სამღვდელოთა ყრილობის დარბევა მხოლოდ კაზაკების დახმარებით მოახერხა.
ერთი წლის შემდეგ დაიწყო კრებისწინა სემინარები, რომელსაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი უნდა განეხილა. ისტორიკოს ნუგზარ პაპუაშვილის ცნობით, მოხსენებები წაიკითხეს ეპისკოპოსებმა — კირიონმა, ლეონიდემ, ევთიმემ და პროფესორებმა — ალექსანდრე ცაგარელმა, ალექსანდრე ხახანაშვილმა და ნიკო მარმა. ავტოკეფალიის განახლების მთავარ საფუძვლად დაასახელეს ის, რომ რუსული საეკლესიო მმართველობის პირობებში კავკასიაში მართლმადიდებლური სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცების მისია მიზანს ვერ აღწევდა, „ხალხი წარმართობისა და ურწმუნოების ჭაობში ეფლობოდა”.
ავტოკეფალიის წინააღმდეგ არაერთი სასულიერო პირი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით ეროვნებით ქართველი რენეგატი ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე გამოირჩეოდა. „მან ასე მიმართა რუსეთის წმინდა სინოდის წევრებს: დაიჭირეთ ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო”,- წერს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.
დაპირების მიუხედავად საეკლესიო კრება არ შედგა. ქართველი სასულიერო პირები მალევე მიხვდნენ, რომ საკითხის გადაჭრა საეკლესიო კანონიკისა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. 1917 წლის რევოლუციამ პროცესი დააჩქარა. იმავე წლის 25 მარტს (ახალი სტილით) სვეტიცხოველში ათასობით ქართველი საერო და სასულიერო პირი შეიკრიბა. ლიტურღიის აღსრულების შემდეგ სვეტიცხოვლის ამბიონიდან გაისმა ნანატრი სიტყვები — ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ავტოკეფალიის აღდგენა ამცნო.
17 აპრილს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი აირჩიეს. „უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქომომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამოღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი,” - წერს პატრიარქი კირიონი რომის პაპისადმი წერილში, რომელიც საგარეო ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა. ძმური სიყვარულით სავსე წერილები ასევე გაეგზავნა სომხეთის პატრიარქსა და კენტერბერის მთავარეპისკოპოსს.
ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებამ. მეტიც, პატრიარქმა ტიხონმა საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს წერილობით მოუწოდა ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ „ავტოკეფალისტ მღვდლებთან”. წინააღმდეგ შემთხვევაში „უსათუოდ ჯოჯოხეთში მოხვდებით”, - იმუქრებოდა ტიხონი. ამას ემატებოდა ბოლშევიკების მიერ სასულიერო პირების მასობრივი დევნა. 1923 წელს დააპატიმრეს პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები. სახელმწიფოს აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურსი შეცვალა. 1927 წელს ქუთაისში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ საბჭოთა ხელისუფლებას ერთგულება გამოუცხადა. ბოლშევიკების აგრესიული ქმედებები პატრიარქი ამბროსის ხისტ პოლიტიკასა და საგარეო კურსს დააბრალეს. სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა შენარჩუნდა. ცნობილია კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბასილი მესამის რამდენიმე წერილი პატრიარქ ამბროსისადმი, საეკლესიო კალენდრის შესახებ, მაგრამ, ოფიციალურად, მართლმადიდებელი ეკლესიები არც აღიარებდნენ და არც გმობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. რუსეთის ეკლესიასთან ზიარებითი ერთიანობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს აღდგა.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად მხოლოდ 1990 წლის 3 მარტს აღიარა. პატრიარქმა დიმიტრიოსმა საზეიმო ლიტურღიაზე კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს „საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიის ცნობისა და დასტურის” სიგელი უბოძა. სიგელში აღნიშნულია: „სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით, რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: „ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა”.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები