მობილური გაურკვევლობა

0 კომენტარი

ბოლო დროს ქართულ მედიაში ხშირად განიხილება მობილური კავშირის ფასები. დისკუსიამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ საკითხით პოლიტიკოსებიც დაინტერესდნენ. თანაც, არა მხოლოდ ლეიბორისტები — ხუთშაბათს ტარიფების კლება ქრისტიან-დემოკრატებმაც მოითხოვეს.
აურზაურის საფუძველი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბა) მიერ თებერვლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ასოციაცია იუწყებოდა, რომ საქართველო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მობილური კავშირის სიძვირით მესამე ადგილზეა. ამ ცნობას გულმოდგინედ უარყოფდნენ ოპერატორი კომპანიები, ეროვნული მარეგულირებელი კომისია კი ხელებს იბანდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მობილური კავშირის ფასები მართლაც უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში. თუმცა, ოდნავი ჩაძიებაც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ მხარეები შეფასებებს ზედაპირულად აკეთებდნენ; როგორც გაირკვა, ინფორმაციის გადამოწმებითაც კი არ იწუხებდნენ თავს.
მედიის ცნობებით, აფბა-ს დასკვნა ორ წყაროს ეყრდნობოდა: „მსოფლიო განვითარების ინდიკატორების ბაზას” და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” კვლევას. ის ინფორმაცია, რომ საქართველო, ფასების მიხედვით, მსოფლიოში მესამეა, პირველიდან მომდინარეობდა. აფბა-ს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს მონაცემები 2007 წლისაა. მეტიც, ასოციაციამ მონაცემები ერთი რუსული საიტიდან (rating.rbc.ru) გადმოიტანა, საიდანაც პირველწყაროზე გასვლა შეუძლებელია.
აფბა-ს განცხადებით, საქართველოში მობილურით განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის საშუალო ფასი 44.09$-ს შეადგენს. თუმცა, აფბა-ს პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აღიარებს, რომ არ იცის და არც დაინტერესებულა, თუ რა ხანგრძლივობის ზარებზეა საუბარი. საიტის მონაცემებით, რუსეთში, სადაც წუთის ღირებულება 0.05$-ა, იგივე სერვისი 5.96$ ჯდება. აქედან მარტივი გამოსათვლელია, რომ 25 ზარში დაახლოებით 100 წუთის საუბარი იგულისხმება. ამ დაშვებით, საქართველოში სერვისის ფასი 30 ლარს ვერ აღემატება.
„მაგთიკომში” აფბა-ს საპასუხოდ აცხადებენ, რომ სერვისი 8 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა, კვლევის პარამეტრებით არც ამ კომპანიაში ინტერესდებიან. „მაგთიკომის” გათვლა იმას ემყარება, რომ ზარის საშუალო ხანგრძლივობა 40 წამია. ამ მონაცემების შედარება ზემოხსენებულ კვლევასთან, რომლის მიხედვითაც თითოეული ზარი ოთხწუთიანია, სულ ცოტა, უყურადღებობის ნიშანია.
მეორე კვლევა აგრეთვე 2007 წლისაა. ამ კვლევის მიხედვით, ქართული ბაზარი 31 ქვეყანას შორის სიძვირით მეშვიდეა. მობილური კავშირი ბევრად იაფია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში. უფრო დაბალი ფასებია ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. აფბა არსებულ სიტუაციაში ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას ადანაშაულებს. „კომისია თვალს ხუჭავს ფიჭური კავშირგაბმულობის გიგანტების მოქმედებებზე”, - აცხადებს ჯანიაშვილი. მისი მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებში ტარიფები, მარეგულირებელი ორგანოების ჩარევის შედეგად იკლებს, ჩვენთან კი მრავალი წელია უცვლელია.
„მაგთისა” და „ჯეოსელის” საბაზისო ტარიფები საუბარზე მართლაც დიდი ხანია გაყინულია 28.8 თეთრის ნიშნულზე. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფი მნიშვნელოვნად დაწიეს. 2005-ში კომპანიებს ერთმანეთისთვის 1 წუთ საუბარში 22.8 თეთრი უნდა გადაეხადათ, დღეს კი 8 თეთრით ნაკლებს უხდიან. ამის მიუხედავად, კომისიაში მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის დაწევა ოპერატორების საქმეა და სახელმწიფოს ჩარევა ჯანსაღი კონკურენციისთვის მავნებელი იქნებოდა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები