სახიფათო თამაშები

0 კომენტარი

2008 წელს ქართველთა პოლიტიკურმა პროტესტმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შედეგი არ გამოიღო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გულგრილი დარჩა როგორც ქართული ტერიტორიების ოკუპაციის, ისე მე-19 საუკუნეში უბიხების ამოწყვეტის ამბისადმი. 2014-ისთვის მზადება რუსეთის პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით, ძველებური შემართებით გაგრძელდა. რამდენჯერმე შევიტყვეთ ოლიმპიურ მშენებლობებთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების შესახებ. თუმცა, ბოლო დროს გაძლიერებული პროტესტის მთავარი თემა გარემოს დაცვითი პრობლემები აღმოჩნდა.
სამშაბათს, 16 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგებს ემყარებოდა. მკვლევარების აზრით, რუსულმა მხარემ არ გაითვალისწინა ოლიმპიური პროექტების გავლენა რეგიონის ეკოსისტემაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ახალი საავტომობილო და სარკინიგზო მონაკვეთების მშენებლობამ. ამასთან, გაყინულია ის პროექტები, რომლებსაც რუსული მხარე ზიანის დასაბალანსებლად გეგმავდა.
რამდენიმე კვირით ადრე „ველური სამყაროს მსოფლიო ფონდმა” (WWF) დატოვა მისივე ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ გარემოს დაცვით პრობლემებზე მუშაობდა. „ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება სრულიად უკონტროლოდ მიმდინარეობს. რაც არ უნდა გაკეთდეს, სოჭის ოლიმპიადა ვეღარასდროს იქნება „გრინ გეიმი” და დღეს ამაზე ლაპარაკი აღარც ღირს. მთავარია ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა”, - განაცხადა WWF-ის რუსეთის ოფისის დირექტორმა იგორ ჩესტინმა.
კრიტიკულადაა განწყობილი „გრინფისიც”. ორგანიზაციის წარმომადგენლის მიხეილ კრეინდლინის განცხადებით, „ოლიმპიური თამაშების მოწყობა დაუშვებელია უნიკალური ფლორისა და ფაუნის განადგურების ხარჯზე. არსებული გეგმა დიდ ზიანს მიაყენებს ახლომდებარე დაცულ ტერიტორიებს”. საპროტესტო ტალღის აგორებაში ქართული მხარეც იყო ჩართული. გარემოს დაცვითი საფრთხეების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ დეკემბერში ილაპარაკა, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე.
ის, რომ თამაშები არ უნდა გახდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების საფუძველი, ოლიმპიური ქარტიის ერთ-ერთი პრინციპია. საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ „სოჭი 2014” საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის ეკოსისტემასაც. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ფორმალურად აღიარებდა საქართველოს მთლიანობას, რუსი ჩინოვნიკები უკვე ლაპარაკობდნენ სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთის რესურსების (120 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, ქვა და ხე) გამოყენებაზე.
რუსული გეგმის თანახმად, მდინარე მზიმთას ხეობაში უნდა აშენდეს 48 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზი, 46 კილომეტრი სიგრძის თანამედროვე ავტომაგისტრალი, 28 ხიდი, 59 ესტაკადა და გაითხაროს 12 გვირაბი. საქართველოს მთავრობაში შიშობენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს აფხაზეთის უნიკალურ კლიმატურ ზონას.
ორგანიზატორების დამოკიდებულება ბუნებისადმი უფრო მცირე დეტალებშიც ჩანს. 2009 წლის 1 სექტემბერს რუსეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა და შემოწმებისთვის 15 საათით გააჩერა 4000 ტროპიკული თევზი, რომელიც სოჭის ახლად აშენებული აკვარიუმისთვის იყო განკუთვნილი. ყველა თევზი მოკვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სასაზღვრო ბიუროკრატიამ თავისი მოვალეობა საჭირო დროში არ შეასრულა.
გარდა იმისა, რომ ოლიმპიადისთვის მზადება გარემოს დამატებით ზიანს აყენებს, ზღვისპირა რეგიონში არსებული სასტარტო პირობებიც საგანგაშოა. თამაშების ადგილის სიახლოვეს განლაგებულია ევროპის უდიდესი რადიოტელესკოპი „რატან-600”. უცნობია სად იმარხება მისთვის მოხმარებული რადიაქტიური ნივთიერებების ნარჩენები. აქვეა განლაგებული „ურალის წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის” საწარმოები, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, რადიაქტიურ ნივთიერებებს მოიპოვებს და ამუშავებს. ნარჩენები იმარხება კრასნოდარის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელიც კილომეტრებზეა გადაჭიმული.
რეგიონის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმის, ბოტაშოვის ცნობით, სამარხების ტერიტორია მკვდარ ზონად არის ქცეული. სიმსივნური დაავადებების რიცხვი ყარაჩაი-ჩერქეზეთში აღემატება ჩელიაბინსკში, ატომური იარაღის გამოცდის ზონაში არსებულ მაჩვენებლებს. ბოტაშოვის განცახდებით, მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად აიძულებენ მას, დამალოს რეალური ციფრები დაავადებულთა რაოდენობის შესახებ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები