თბილისის დინამო - ფეხბურთში დაკარგული

0 კომენტარი

ბილისის “დინამო” დღეს დაუძლურებულია - კლუბს არათუ საერთაშორისო სარბიელზე, საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც უჭირს.
რატომ?
ილია ბაბუნაშვილი, ჟურნალისტი: “საბჭოთა კავშირის დროს “დინამო” არაოფიციალურად საქართველოს ნაკრები იყო – საუკეთესო მოთამაშეები აქ იყრიდნენ თავს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი გუნდმა ეს ფუნქცია დაკარგა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ ქართული ფეხბურთის დონე, უამრავი მიზეზის გამო, აშკარად დაეცა. შესაბამისად, დასუსტდა “დინამოც”.
დავით ქადეიშვილი, გულშემატკივარი: “ფინანსურად წელგამართულმა მსოფლიო გრანდებმა ისეთ მწვერვალებს მიაღწიეს, არათუ “დინამოს”, საშუალო დონის კლუბსაც გაუჭირდება იქამდე მისვლა. როცა არ არის ფული, არ არიან ძლიერი ფეხბურთელები, შესაბამისად, არ არის სასურველი შედეგიც. ეს სამწუხარო რეალობაა”.
ორი განსხვავებული პოზიცია, რომელიც ვითარებას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ პრობლემას, რომელსაც პირობითად შეგვიძლია “დინამოს” დღევანდელი მდგომარეობა ვუწოდოთ, არაერთი სხვა მხარეც აქვს და მათ ჩამოსათვლელად, ვეჭვობთ, ეს ერთი გვერდი გვეყოს.
რატომ აღვნიშნავთ ყოველ გაზაფხულზე 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფს?
იმიტომ, რომ მას შემდეგ “დინამოსთვის” (და, ალბათ, ქართული ფეხბურთისთვისაც) საამაყო არაფერი მომხდარა. ევროთასის მოგების შემდეგ კლუბმა თითქოს ორიენტირი დაკარგა და დღემდე ვერ უპოვია მიზანი, რისთვისაც იბრძოლებს.
1990 წლის შემდეგ ჩვენ პერიოდულად გვესმოდა, რომ ახლა შეიქმნებოდა ის “ოცნების გუნდი”, რომელიც კლუბს წარსულ დიდებას დაუბრუნებდა, მაგრამ ამას არა და არ დაადგა საშველი. წამყვანი ფეხბურთელები რამდენიმე თვით უბრუნდებოდნენ გუნდს, მერე კი, ევროტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ყველა თავის გზაზე მიდიოდა და პროექტიც წყდებოდა. რამდენიმე წელიწადია, “ოცნების გუნდზე” აღარავის უსაუბრია – ჩანს, ეს მხოლოდ “დინამოს” წინა ხელმძღვანელობის, მერაბ ჟორდანიას და მისი გუნდის “საავტორო უფლება” იყო...
რა ემართება `დინამოს~?
ძნელია რაიმეს მტკიცება, მაგრამ, სავარაუდოდ, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას (არც მოქმედს და არც წინამორბედს) არ აქვს (და არ ჰქონია) მიზანი, გნებავთ, რამდენიმე წელიწადზე გაწერილი გეგმა, რომელიც გუნდს კონკრეტულ შედეგამდე, წარმატებამდე მიიყვანს. წარმატებაში საქართველოს ჩემპიონატის და თასის მოგებას არ ვგულისხმობთ, საუბარია ევროტურნირებში ღირსეულ ასპარეზობაზე: როცა “დინამო” ევროსეზონს ივლისის მიწურულს ან აგვისტოს დასაწყისში სამარცხვინოდ ამთავრებს (გაიხსენეთ “ცრვენა ზვეზდასთან” 2:5, “პანათინაიკოსთან” 0:3, “რაპიდთან” 0:3 და 0:5) და მომდევნო წელსაც იგივე მეორდება, შიდა სარბიელზე მოპოვებული ყველა გამარჯვება უფერულდება და ნათლად მიუთითებს, რომ გუნდში არაფერი შეცვლილა. აბსოლუტურად არაფერი.
მთავარია იმ მიზნის ნათლად წარმოდგენა და მისკენ სვლა, რომელსაც “დინამო” იმსახურებს. სერბეთის, საბერძნეთისა და ავსტრიის საშუალო დონის გუნდებთან განადგურება კი კლუბის “მიზანი” რომ არ უნდა იყოს, ეს არცაა საკამათო.
ვფიქრობთ, დასაწყისისთვის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდა იყოს, იმ სამყაროს კარის შეღება, სადაც ნაღდი ფეხბურთია. “დინამოს” ხელმძღვანელებმა კი კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ფეხბურთით არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - იქ სხვაც ბევრია მომგებიანი, მაგალითად, ფული, რის გარეშეც უფრო დიდ წარმატებაზე ფიქრი დღეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
თუ მიზნად ეს არ დავისახეთ, ყოველ ზაფხულს თუ ზამთარს ახალი ფეხბურთელების რამდენიმე თვით დამატება (ცხადია, გამონაკლისების გარდა), ამავდროულად კი, ლიდერების პერიოდული გასხვისება საბოლოოდ არაფერს არ მოგვიტანს. ასეთი მუშაობა იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ გუნდს არ აქვს მიზანი და ის მხოლოდ არსებობს.
განვლილი წლები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები