სადა ხარ, ჩემო ალეკო?!

0 კომენტარი

ღმერთმანი, არ მინდოდა ამ წერილის დაწერა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში გაჟღერებულმა საბრძოლო ყიჟინამ და სრულიად საქართველოს ეიფორიულმა ექსტაზმა ძალიან დამღალა. რა თქმა უნდა, მსოფლიო ფეხბურთის ისეთ “გრანდთან” გამარჯვება, როგორიც ესტონეთია, დიდად დასაფასებელი მოვლენაა, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ცოტა თავშეკავებული ვიყოთ – ბიჭებს თავში არ აუვარდეთ!

...დიახ, ისევ საქართველოს ბედკრული საფეხბურთო ნაკრების შესახებ გვიწევს საუბარი.

მახსენდება ჩემი სტუდენტობის პერიოდში პოპულარული ანეკდოტური ამბავი, რომელიც უთუოდ ვიღაც ენაკვიმატმა გულშემატკივარმა მოიგონა. ამბობდნენ, რომ 70-იანების ბოლოს თბილისში NBA-ს მაღალჩინოსანი ჩამოსულა არაოფიციალური ვიზიტით. ტრადიციული პურ-მარილისა და ტაშ-ფანდურის შემდეგ პატივსაცემი სტუმარი სპორტის სასახლეში, თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელთა პრინციპულ მატჩზე წაუყვანიათ. სტუმარმა თურმე დიდი ინტერესით უყურა თამაშს, ინერვიულა კიდეც... ბოლოს მასპინძლებს გულითადი მადლობა გადაუხადა და უთხრა: დიდი მადლობა, შესანიშნავად გავერთე. ნამდვილად კარგი თამაში გქონიათ – რაღაცით კალათბურთს მაგონებსო!

ჩემი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, ანალოგიური განცდა დამეუფლა საქართველო-ესტონეთის ამასწინანდელი შეხვედრის ცქერისას.

ტყუილს ვერ ვიტყვი, რაღაცით მართლაც ჰგავდა ფეხბურთს – მონაწილე გუნდების (2), მსაჯების (3), ტაიმებისა (2) და მოთამაშეთა თავდაპირველი რაოდენობა (22) იგივე გახლდათ, რაც ნამდვილ ფეხბურთში. თამაშის ძირითადი არსი და მიზანიც თითქოს იდენტური ჩანდა, თუმცა იყო თვალშისაცემი განსხვავებაც. ჯერ ერთი, ამ თამაშში სხვა წესებია, რომლებიც მას დინამიზმსა და აზარტულობას მატებს: ორივე ტაიმის ბოლო წუთზე მსაჯმა უნდა აღმოაჩინოს უბრალო მაყურებლისთვის უხილავი მიზეზი და გააძევოს სტუმართა ერთი ფეხბურთელი, მასპინძლებს კი ეძლევათ დაახლოებით 5-6 წუთი გოლის გასატანად! თუ ისინი დროში ვერ ეტევიან, თამაში გრძელდება იქამდე, სანამ სტუმართა კარში გოლი არ გავა.

შეიძლება ვინმეს ეს სიტუაცია მეორადად მოეჩვენოს, ოვერტაიმისა და “ოქროს გოლის” წესი მოაგონოს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს უბრალო დამთხვევაა და ნოუ-ჰაუ ჩვენ გვეკუთვნის.

მსაჯის ფუნქციის თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც არ გაამართლა სლოგანმა: “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” (ამ ერთობამ ორწლიანი წაგებების სერია მოგვიტანა) და დღის წესრიგში დადგა ახალი მიმართვა: “გახდი მე-12 მოთამაშე”, ყველა თავმოყვარე მოლდოველი მსაჯი თავს ვალდებულად თვლის, ეს ლოზუნგი უშუალოდ საკუთარ თავზე გამოსცადოს!

თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ამ მატჩმა დამანახა, რომ დღეს მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების იმედი უნდა გვქონდეს. ხოლო ფეხბურთელების ისეთ ქალაქებში გაყიდვა, სადაც არც ერთი თქვენი ნაცნობი არაა ნამყოფი, თქვენ კი ბუნდოვნად გახსოვთ გასულ ზაფხულს აგარაკზე ნათამაშები ქალაქობანადან (მაგ. მახაჩკალა), არაფერ სასიკეთოს არ იძლევა!

სადღაც წავიკითხე, ნაკრებში ნაკრები დაბრუნდაო. ნუთუ ამათ ველოდით?!

და კიდევ ერთი: იქნებ ვინმემ ამიხსნას, რით ვერ ჩამოაღწია საქართველოში ალეკო ამისულაშვილმა, რომელსაც, ბეკეტისეული “გოდოს” მსგავსად, მთელი ერი ელოდება? დალოცვილო, თბილისს მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა უსინათლომ, ცხონებულმა რეი ჩარლზმა მოაგნო და შენ ასეთი რა მარშრუტით მოდიხარ?!

ჩვენში არაა მიღებული წერილის პესიმისტურ ნოტზე დამთავრება და მეც ოპტიმისტური პროგნოზით დავასრულებ: ჯგუფში საპატიო მესამე ადგილის დაკავების თეორიული შანსი ნამდვილად გვაქვს. უბრალოდ, აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფში... მარტო ასპარეზობდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები