ანდერგრაუნდში ჩავარდნილი ვარსკვლავები

0 კომენტარი
ფოტო: ირინა თაბორიძე

მცირე ისტორიული რევიუ: კომპანია „სტეპ რეკორდსმა” პირველად 2008 წლის ზამთარში გაისროლა, როცა შარდენზე, ღია ცის ქვეშ, პატარა და საყვარელი კონცერტები გამართა. კონცერტები ახალი წლის დღეებს დაემთხვა და ამაღლებული ჯადოსნური განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა. მით უმეტეს, რომ კარგი ჯგუფები იყვნენ და მშვენივრადაც უკრავდნენ.
მეორედ „სტეპ რეკორდსმა” უფრო მსხვილკალიბრიანიდან დააქუხა და ისეთი „ოუფენ ეარ ფესტივალი” გააკეთა, რომ ის შეგრძნებები თბილისს დღემდე მოჰყვება. ეს 2009 წლის ზაფხულში იყო. ფესტივალს მალევე მოჰყვა Altervision Newcomers: აქ ახალბედა ჯგუფები გამოვიდნენ და აჩვენეს, რისი კეთება შეეძლოთ.
Stars for newcomers
მოულოდნელად სამი მუსიკოსის საუბარს შევესწარი ღიპის მოცილების მეთოდების შესახებ. საუკეთესო წამლად, სირბილთან და პრესის ვარჯიშებთან ერთად, ხშირი სექსიც დაასახელეს. კონცერტამდე დაახლოებით ნახევარი საათი იყო დარჩენილი და მუსიკოსებს, წესით, ღიპი არ უნდა გახსენებოდათ. მერე მათ უკან ორი ქართველი სუმოისტი შევნიშნე და მივხვდი, დისკუსია რამ გამოიწვია. აბა, „ფორესტის” ღიპი სუმოისტების ღიპთან რა მოსატანია! ისე, გაგიკვირდებათ და, სუმოისტებს კონცერტის ერთ-ერთი ნომრის ვიზუალური გაფორმება ევალებოდათ.
ალტერვიზიის ორგანიზატორებმა ახალბედებიდან საუკეთესოები ამოარჩიეს და ვეტერან მომღერლებს შეუამხანაგეს. აჩიკო გულედანი: „გვინდოდა, რომ მუსიკოსებს ერთმანეთი გაეცნოთ. სხვადასხვა ჟანრისა და თაობის მუსიკოსები საქართველოში ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ. გვინდოდა მუსიკისა და მუსიკოსების სოციალიზაცია და ანდერგრაუნდის ანდერგრაუნდიდან გამოყვანა.”

წყვილები:
თბილისის ოპერის სოლისტი
ირინა თაბორიძე & The Georgians
Ketrine and Me & ლექს-სენი
კოკა ნიკოლაძე, ეკა მამალაძე & The Forest
ABC & სოფო ხალვაში
მაია დარსმელიძე & რემა
თიკა ფაცაცია & პორნო პოეზია
ვიტამინი & ქეთათო
სალომე კორკოტაშვილი & Mirror Ilusion
რაც შეეხება სოციალიზაციას: მიზანი გამართლდა. მუსიკოსებმა ერთმანეთი გაიცნეს და შეიყვარეს.
გიორგი ამაშუკელი (The Georgians) ირინა თაბორიძის შესახებ: „ძალიან კარგი გოგოა! ნიჭიერი, დადებითი, თბილი... ადვილად შეგვეწყო და ძალიან კარგი ხმა აქვს!”
არანაკლებ თბილი სიტყვები მიიღო „ჯორჯიანზმა” ირინასგან.
თორნიკე „ქარჩხა” (პორნო პოეზია): „თიკა ფაცაცია ისეთი კარგი ვინმე აღმოჩნდა, რომ არ ველოდი! ძალიან ჩვენიანია!”
არც ეკა მამალაძეს გაეგო „ფორესტის” შესახებ და მოსწონებია. ემსი კი კოკა ნიკოლაძით აღფრთოვანებულა...
პირველი ნომრის დროს სცენის წინ ნამდვილი როკენროლური ემოცია სუფევდა - თავდავიწყებული კივილი, ხტუნაობა, თავების ქნევა... ირინა თაბორიძისა და ჯორჯიანზის დუეტი დრაივიანი გამოდგა. სოპრანო მეტალის კონსტრუქციაზე იდგა და მეტალის ფრთები ემოსა. „ქილერზისა” და „მიუზის” მუსიკას სოპრანო არაჩვეულებრივად მოერგო, ბოლოს კი გიორგი ამაშუკელი ანგუს იანგად გარდაიქმნა და სცენაზე გულაღმა დავარდნილმა ფარგლისებურად იხოხა.
ლექსო ქავთარაძისა და Ketrine and Me-ს დუეტი არ იყო ცუდი, მაგრამ არც მოგეწონებოდა.
ვიტამინის ლამაზი სიმღერის - „მუზის” შესრულებისას ქეთათოს საამური ხმა არ მესმოდა და მხოლოდ ვუყურებდი.
არც „ეი-ბი-სის” და სოფო ხალვაშის სიმღერა (პრინცის „ქისს”) იყო ძალიან კარგი. სამაგიეროდ სოფოს საქსოფონის სოლოებმა მასიამოვნა. კარგი იქნება, თუ სოფო ხალვაში მომავალში ამ ინსტრუმენტს აქტიურად გამოიყენებს. დასანანია, ადამიანი ასე კარგად უკრავდეს და არ უკრავდეს - მხოლოდ “პეესპეს” რეკლამაში ჩანს სოფოს ბუხრის გვერდზე ჩამოდებული საქსოფონი.
მაია დარსმელიძე რეპეტიციაზე ძალიან მომეწონა. საოცარი იყო, ლედ ზეპელინის სიმღერების შესრულებისას, რემას ვოკალისტ ნიკა ლეშენკოს გამყინავმა ვოკალმა მაიას ხმა რომ ვერ დაჩრდილა. სამაგიეროდ, კონცერტის დროს დარსმელიძეს ჩემი თვალი ეცა და რეპეტიციის ნახევარი ემოციითაც ვერ იმღერა. რემას ახალგაზრდა დრამერმა დანიელმა კი დიდებულად დაუკრა.
„პორნო პოეზიის” ვოკალისტმა „ქარჩხამ” ძალიან კარგად იმღერა, თავისებურად, ხმაურით. დაახლოებით იმ სულით, როგორც სიდ ვიშესმა ფრენკ სინატრას My Way. თიკა ფაცაციაც საოცრად დინამიკური იყო და ძალიან სასიამოვნოდ გარდაიქმნა პატარა კაილი მინოუგად, შემდეგ - პატარა ბრიტნი სპირსად. ამ დუეტის მიერ შესრულებული „ტოქსიკიც” ძალიან კარგი იყო.
Mirror Ilusiooooooon! ეს პატარა, ფერადთმიანი გოგოები გაგიჟდნენ, გადაირივნენ, კურტ კობეინის ძვლები შეაზანზარეს და საყვარელ კორკოტასთან ერთად ორი კარგი დუეტი შეასრულეს. ბოლოს ვოკალისტმა გამჭვირვალე ცისფერი კაბა გიტარის გრიფზე გადაიხია. კაბის პატარა ნახევი მეც მერგო და დღესაც ჩემი აკრედიტაციის საკიდს ამშვენებს.
და ყველაზე ექსტრავაგანტური ტრიო: ეკა მამალაძე, „ფორესტი” და კოკა ნიკოლაძე.
ეკა მამალაძის გაელექტრონულება მოულოდნელად კარგი აღმოჩნდა, მით უმეტეს, ყანჩელის მუსიკა ისეთია, რომ, თუ კარგად გააკეთებ, ყველაფერს აიტანს. შესანიშნავი რეჩიტატივი ჰქონდა უმცროს ნიკოლაძეს - დახვეწილი, ინტელექტუალური და არა პაროდიული. ვანილა აისსაც შეშურდებოდა! „ფორესტის”, იმავე ბაჩი თომაძის ნიჭიერებაზე წინა ნომერშიც ვწერდით და ახლაც გირჩევთ, ამ შესანიშნავ მუსიკოსს მოუსმინოთ.
ახლა სხვადასხვა დეტალის შესახებ მოგახსენებთ: დეკორაცია ძალიან კარგი იყო და განათება მეტალის კონსტრუქციებს შესანიშნავად ერწყმოდა.
მომინდა, რომ ხელები დამეკოცნა ვიზუალების შემქმნელისთვის, რადგან მონიტორზე გასული ვიზუალები, უბრალოდ, გენიალური იყო და შეგრძნებას უფრო სრულყოფილს ხდიდა.
მომინდა, რომ მარჯვენა მომეკვეთა ხმის რეჟისორისთვის, რადგან გამუდმებული წუილი და ხმის ცუდი ბალანსი მთელი კონცერტის მანძილზე ნერვებს მიშლიდა.
ქორეოგრაფიული გაფორმება - ცუდი. მომეწონა მოცეკვავეების ლატექსის კორსეტები და კოსტიუმების ფეტიშური ესთეტიკა.
კოსტიუმები მშვენიერი იყო და ჩემი საყვარელი წითელი ფერი ჭარბობდა.
წამყვანი - დათო ლომიძე, იგივე „ქვინი”. კარგი მომღერალი კარგი წამყვანიც გამოდგა. უფრო ლაღად, დათო!
პუბლიკა მოვიდა ისეთი, როგორიც უნდა მოსულიყო: შერეული და მრავალფეროვანი. მოვიდა, მაგრამ ვერ გაიხარა. კონცერტი ბოლომდე ვერ გახურდა მოკლე ქრონომეტრაჟის გამო და ფილარმონიის დაცვამ მათი ემოციები შიგნითვე ჩაახშო.
ფილარმონია საშინელი ადგილია ასეთი ღონისძიებისთვის. როგორი ემოციური წარმოდგენაც არ უნდა დადგა, ფილარმონიის კომუნისტური ატმოსფერო ამ ყველაფერს მაინც „ვია დიელოს” კონცერტად გარდაქმნის. ყველას გაგვიხარდება, თუ აშენდება ისეთი დარბაზი, სადაც კარგი შოუს დადგმა იქნება შესაძლებელი და სადაც ზარმაცი მაყურებლისთვის არ იქნება ამდენი სკამი.
საბოლოო შეფასება - დადებითი. რამდენი ნაკლიც არ უნდა ჩამოვთვალოთ, ღირსება მაინც უფრო მეტია. ალტერვიზიის ორგანიზატორები გვჩუქნიან ნამდვილ კონცერტებს და ზაფხულში დიდ „ოუფენ ეარს” ჩაატარებენ.
ფოტო და ტექსტი: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები