პარიზული მინიმალიზმი

0 კომენტარი

10 მარტს პარიზში დასრულდა პრეტ-ა-პორტე მოდის კვირეული, რომელზეც მინიმალიზმი კვლავ მთავარი თემა იყო. ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები დახვეწილ სვლებს გვთავაზობენ: მკაცრი გრაფიკული ხაზები, მონოქრომული პალიტრა, ტოტალური გატაცება შავი ფერით - მონუმენტური დეკორით, ბეწვითა და ტყავით იყო დაბალანსებული.
ფიბი ფილო მეორე სეზონია „სელინის” სახლისთვის ქმნის ტანისამოსს. მისი მუქი ლურჯი, ყავისფერი და სპილოსძვლისფერი კაბები და ტყავის სამოსი ამ ბურჟუაზიულ სპორტულ ხაზს ისევ მოწინავე ადგილზე აბრუნებს.
მართალია, მარტინ მარჟიელამ პირადად დატოვა სახლი, მაგრამ ჯგუფი, რომელმაც შექმნა 2010 წლის კოლექცია, ერთგული დარჩა იმ პრინციპებისა, რომელსაც ეს კონცეპტუალისტი დიზაინერი ავითარებდა. მისი გროტესკული ქურთუკები უცნაური სახელოებით, ექსტრავაგანტური, ბეწვის გიგანტური თავსაბურავები და ხავერდის გრძელი კაბები დიდ ინტერესს იმსახურებს.
მეცხრე წელია, რაც ალბერ ელბაზმა „ლანვანის” სახლი ყველაზე გავლენიან მარკად აქცია. ჟულიეტ ბინოში, რომელიც კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა, მისი ერთ-ერთი ფანია და თანამედროვე პარიზული ბრწყინვალების ეკვივალენტად სწორედ „ლანვანს” ასახელებს. ექვს თვეში აფრიკულ მოტივებზე შექმნილი კოლექცია მსოფლიოს ცნობილ მაღაზიებში გაიყიდება. წელვადი მასალისგან დამზადებული სკულპტურული ტანსაცმელი და ელეგანტური საღამოს კაბები ბუმბულისა და კრისტალების ბრწყინვალე აპლიკაციებით არაერთ ქალს სრულიად განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ გრძნობებს აღუძრავს.
კარლ ლაგერფელდმა, რომელიც მოდის სამყაროს მექას - კოკო შანელის სახლს მეთაურობს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა არა ტანისამოსით, არამედ ჩვენების ატმოსფეროთი: მან ისლანდიიდან ჩამოატანინა მინიაისბერგები და მოაწყო პოლარული ციალი, რომელშიც ხელოვნური ბეწვი და ბუკლეს ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი მეტისმეტად არქტიკულ ასოციაციებს იწვევდა.
„ერმესი” თავდაპირველად ტყავის კომპანია იყო, შემდეგ იქცა ლუქს ტანისამოსისა და ჩანთების მწარმოებლად. ჟან პოლ გოტიემ ტყავი და მამაკაცის ბრიტანული ტანისამოსი აქცია მთავარ ინსპირაციად. მართალია, ზედმეტად ისტორიული პარალელების გამო, ჩვენებას მოძველებულის იერი დაჰკრავდა, მაგრამ ცალკე აღებული თითოეული მოდელი და მინიატიურული გრეის კელის ჩანთა კიდევ ერთხელ გახდება ამ პრემიუმ სახლის ჰიტი.
სტეფანო პილატიმ კიდევ ერთხელ გააცოცხლა ივ სენ ლორანის შემოქმედება: სენ ლორანის 70-იანი წლების ფოტოსესიებიდან ამოჭრა სილუეტები და გააკეთა სამკაულები, რომლებიც მკაცრ, მაგრამ რომანტიკულ ტანისამოსთან იყო გათამაშებული. მშვენიერი გამჭვირვალე შიფონის კაბები მოსასხამებით, ოსტატურად კონსტრუირებული პიჯაკები სიასამურის საყელოთი და ინტენსიური ფერის საღამოს კაბები ამ კოლექციას თანამედროვე კლასიკის ნამდვილ ნიმუშად აქცევს. „ხვალინდელი დღის სექსუალურობა ცოდნაშია”, - ასე ახსნა ეს კოლექცია ფილიპ სტარკმა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები