მესამედ: თასი და მსოფლიო ჩემპიონატი

ქართველმა მორაგბეებმა რუსები კიდევ ერთხელ ააყირავეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის ნაკრები ბრწყინვალედ - 36:8 დაამარცხა და მესამედ მოიგო ევროპის ერთა თასი, ამავდროულად, მესამედ მოიპოვა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.
ევროპის ერთა თასი 2000 წლიდან თამაშდება, ქართველმა მორაგბეებმა კი, ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი 2001 და 2008 წლის შემდეგ მესამედ მოიგეს.
რაგბიში მსოფლიო თასის 2011 წლის გათამაშებას ახალი ზელანდია უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინის, ინგლისის და შოტლანდიის გუნდებთან ერთად, B ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე რეპეშაჟში (საკვალიფიკაციო ეტაპი) გაირკვევა.
ქართველი მორაგბეები პირველ შეხვედრას მსოფლიო თასზე 2011 წლის 14 სექტემბერს შოტლანდიასთან, ქალაქ დუნედინში ჩაატარებენ. ოთხი დღის შემდეგ, ქალაქ ქრისჩერჩში, ჩვენი მეტოქე, თასის 2003 წლის გამარჯვებული და წინა გათამაშების ფინალისტი ინგლისის ნაკრები იქნება. 28 სექტემბერს ქართველები პალმერსტონ ნორსში რეპეშაჟის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, 2 ოქტომბერს კი ჯგუფურ ტურნირს იქვე, წინა გათამაშების მესამეადგილოსან არგენტინასთან თამაშით დაასრულებენ.
ქართველთა დებიუტი მსოფლიო თასზე 2003 წელს, ავსტრალიაში შედგა. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე პაექრობა წააგო: ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46, ურუგვაისთან 12:24.
2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე ჩვენმა გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა - 30:0 ნამიბიასთან, მაგრამ დანარჩენი შეხვედრები წააგო: არგენტინასთან 3:33, ირლანდიასთან 10:14 და საფრანგეთთან 7:64.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს ივნისში, რუმინეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში ჩაატარებს (მონაწილეთა ვინაობა ჯერ უცნობია), ნოემბერში თბილისში აშშ-ს და კანადის ნაკრებებს უმასპინძლებს, 2011 წლიდან კი ევროპის ერთა თასის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.


 

კომენტარები