ჰაერში გაჭიმული ჰამაკები

0 კომენტარი

რასდროს დამავიწყდება, პირველად ვიდეო რომ ვნახე - ელექტრონიკა იყო, კასეტა ზევიდან იდებოდა. ფილმიც მახსოვს, ასე იწყებოდა: ნიუ იორკი, 2010 წელი... მანქანები ცაში დაფრინავდნენ, რობოტები ქუჩაში ჰოთ-დოგს ყიდდნენ, ქალაქის მერი კიბორგი იყო.

მაშინ, გაგანია ოთხმოციანებში, დიეგო არმანდო მარადონაზე მგონი პირველად თქვეს, პელეს ჯობიაო.

არ ვიცი, საბოლოოდ აჯობა თუ არა მარადონამ პელეს. ეს არც არავინ იცის. ეს არის ჩიხირთმა-ბოზბაშის ამბავი და ეს არაა მათემატიკა. ამიტომაც დიდად არ მადარდებს, პელე თუ მარადონა. მთავარია, რომ პელეც და მარადონაც.

ჯერჯერობით არც მანქანები დაფრინავენ და არც არსად აურჩევიათ მერად კიბორგი, მაგრამ საფეხბურთო მონარქიის კენწეროში კიდევ ერთხელ დაიძაბა მდგომარეობა და გაჩნდა ახალი კითხვა: მარადონა თუ მესი? ერთი პასუხი არც ამ კითხვას აქვს, თუმცა არსებობის უფლება - უდავოდ.

თუ იმ კუთხით ვიმსჯელებთ, რომ რაც დრო გადის (ტემპისა და ფიზიკური დატვირთვის რეაქტიულად ზრდიდან გამომდინარე), ფეხბურთის უნიკალურად თამაში სულ უფრო რთულია, მაშინ პელეს მარადონა ჯობდა, დიეგოს - ზიდანი და ზიდანს - მესი. მაგრამ ამის მტკიცება ხომ იგივეა, რაც მერსედესის წლევანდელი მოდელის შედარება, ვთქვათ, სამოციანი წლების მოდელთან. მიუხედავად ამისა, ზოგს ძველი მანქანა მოსწონს და ზოგს - ახალი. ანუ გემოვნებაზე ვდავობთ.

ფეხბურთელებზე კამათისას უმეტესობა ხმალივით იქნევს სტატისტიკას, რაც ზოგადად არასწორია - მსოფლიო ჩემპიონი მაზინიო ვერასდროს ვერ იქნება არამსოფლიოჩემპიონ ერიკ კანტონაზე დიდი. თუმცა, როდესაც ვამბობთ, რომ პელე, მარადონა, ზიდანი და მესი გენიოსები არიან, ანუ ერთნაირ სასტარტო პირობებში ვაყენებთ, მაშინ საუკეთესოს გამოსავლენად ბონუსებია საჭირო და, ძირითადად, ამ დროს იწყება ციფრებით მანიპულირება. ეს თითქოს ლოგიკურია, თითქოს სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ფეხბურთს ლოგიკა სტატისტიკასავით არ უხდება.

დღეს, როცა საშუალო დონის მცველი ან ნახევარმცველი 90 წუთში 12-13 კილომეტრს დარბის და რომ მიუშვა, ორ ამდენს კიდევ გაირბენს, ლეო მესი გადის მოედანზე და აკეთებს იმას, რაც მოუნდება. და რა უნდება მესის? რა და, ხან მთელი გუნდის მოტყუება, ხან ჟირაფივით მცველებში ისეთი ადგილის პოვნა, საიდანაც აუხტომლად გააქვს თავით (მეტრი და სამოცდაცხრაა), ხან ისეთი “პადსებია”, რომ მოწინააღმდეგე ტრიბუნაზე არბის კისრისტეხით. მოუნდა მარადონასნაირი გოლის გატანა ხელით? ზუსტად ეგეთი გაიტანა ესპანიოლთან. მოუნდა მარადონასნაირი გოლის გატანა ფეხით (იცით, რომელი გოლისაც)? ზუსტად ეგეთი გაიტანა ხეტაფესთან. გაუჭირდა ბარსელონას? მოცუცქნულ მხრებზე შემოიგდო ამხელა ტვირთი და უკვე ერთი თვეა, მარტო სპობს ყველას და ყველაფერს.

ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ძალიან დიდხანს იქცეოდა ისე, როგორც მესი იქცევა ამ ბოლო დროს, იყო მაიკლ ჯორდანი, ადამიანი, რომელიც არა მარტო დაფრინავდა, ფრენისას ჩერდებოდა კიდეც, თითქოს ჰაერში ეკიდა.

მესის ყურებისას ჯორდანი პირველად შარშან, 27 მაისს გამახსენდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბევრად მაღალ ფერდინანდს და ო’შის აუხტა, ცოტა ხნით გაშეშდა, ბეღურასავით მიმოიხედა და ასევე ბევრად მაღალ ვან დერ სარს ბურთი თავით თავზე გადაუგდო. მეორედ კი ახლა, მას შემდეგ, რაც ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი თითქმის ბოლომდე წაშალა.

თუმცა, ჩემთვის მაინც სულ სხვა კაცია საუკეთესო. კაცი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ჰამაკში იწვა, ხანდახან წამოდგებოდა, ცინიკური გოლები გაჰქონდა და გაღიმებული ჰამაკში ბრუნდებოდა. ვერავინ იტყუებოდა ისე ნელა, და თან ისე სწრაფად, როგორც რომარიო და ამას ვერც ერთი მათემატიკოსი ვერ ახსნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები