შაქრო და ზაქრო

- გამატარე ბიჭო, თანამშრომელი ვარ!
ეს ძალიან ცნობილი და თითქოს უკვე „არქაული” ფრაზა ისევ შემეჯახა. ისევ მომჭრა ყური და მატკინა გული. არა იმიტომ, რომ „თანამშრომელს” (თუმცა არც კი ვიცი, ვისი და რისი თანამშრომელია - ჩემი, პოლიციის, უშიშროების, ტელეანძის, რესტორნის ...? ) არ შეიძლება მართლა ეჩქარებოდეს და რაღაც სიტუაციაში დროს, წუთებს და წამებს მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, არამედ ...

გახსოვს ძველი (1973 წ.) ქართული მულტფილმი „შაქრო და ზაქრო”? მანქანები ადამიანებივით ურთიერთობენ, პიპი პაპოოო, ცეკვავენ, ღვინოს სვამენ, სიგარეტს ეწევიან ... არ არის საბავშვო მულტფილმი, ეტყობა, რომ უფროსებზე იყო გათვლილი და ტრაგიკულადაც სრულდება.

იგივე პრობლემები 1973 წელსაც გვქონდა, ახლაც გვაქვს და ვშიშობ, თუ ვერ მოვახერხეთ ამ ზნე-ჩვეულების დამარცხება, მომავალშიც გვექნება.

გახსოვს ალბათ, ცნობილი ფოტოა, ქალაქში მანქანების მოძრაობის ამსახველი. ევროპელები დაწყობილად, მწკრივში დგანან, ჩვენ არეულად, უშნოდ და მოუწესრიგებლად?

ჩემი დაკვირვებით, ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მანერა, საზოგადოებაში „მოძრაობის” პირდაპირპროპორციულია. მანქანის ტარების მიხედვით მეტ-ნაკლებად შემიძლია ვიმსჯელო მძღოლის კულტურაზე.

ხერგის (იგივე საცობი; ჩახერგილიდან, ჭაბუა ამირეჯიბის მიხედვით) ასეთი სიმრავლე არა მხოლოდ გზების უხარისხობის და ქუჩების მოძველებული დაგეგმარების ბრალია. არც მანქანების სიმრავლეა ერთადერთი მიზეზი. ორმაგხაზგადაკვეთილი, წინ გავარდნილი მაგარი „ჯიპები” ან „სამთავრობო” მანქანები შუქნიშანთან მორჩილად მდგომს რამდენჯერ გინახავს? რამდენჯერ გიოსტატია ბავშვთან ერთად ტროტუარებზე ამაყად მდგარ მანქანებს შორის გზის გაკვალვისას? რამდენჯერ გადაგისწრია წითელზე დიდი სიჩქარით მოჯლიგინე შავი მანქანისთვის?

საზოგადოების უმეტესი ნაწილი წესებს ვემორჩილებით, არა იმიტომ, რომ მონები ვართ ან ღირსება არ გაგვაჩნია ან თავისუფლება არ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ამ წესების დაცვა ცხოვრებას გიიოლებს და სხვა უფრო სასიამოვნო რაღაცებისთვის უფრო მეტი დრო და საშუალება გრჩება.

საზოგადოებრივ ცხოვრებას თავისი წესები აქვს. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, მანამ ადამიანს საზოგადოებრივი, კოლექტიური თანაარსებობის სურვილი ექნება. სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისად, სხვადასხვა წესები და მათი რეგულირების ნორმები მოქმედებს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ომების, არეულობის და სუსტი სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში ამ წესებს ან საერთოდ არ იცავენ, ან შერჩევით, საზოგადოების რაღაც ნაწილს შეუძლია მათი უარყოფა. რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო (ძალაში რეპრესიული მანქანის სიძლიერეს არ ვგულისხმობ), მით უფრო ადვილია ამ წესების დაცვა და მოქალაქეებისთვის მათი შესრულება. ამის მაგალითი დანარჩენებს, პირველ რიგში საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა და პოლიციამ უნდა მისცეს. ჩემდა სამწუხაროდ არც პოლიტიკოსები და არც საზოგადოებაში პოპულარული ხალხის უმრავლესობა არ ცდილობს ამის გაკეთებას და არც პატრულია ის, რაც პირველ წლებში იყო.

შეიძლება თუ არა, რაც ზედაპირზე ჩანს, იმის მიხედვით იმსჯელო და გამოიტანო დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ მიყვებიან მოქალაქეები არსებულ წესებს და რა დონის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების კულტურაა ქვეყანაში? არ ვიცი სხვა ქვეყნების და საზოგადოებისა, მაგრამ ჩვენთან ამის გაკეთება ძალიან ადვილია. გადი ქუჩაში მანქანით და ყველაფერს მიხვდები.

ერთხელ მეგობარმა მოტოციკლი იყიდა, ჩაფხუტი დაიხურა და გახარებული გავიდა ქალაქში. გვიან საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, მიხვდა, რომ დაღლილი და ნაომარი იყო. მთელი დღე მანქანებს და მოქალაქეებს ვებრძოდიო. თითქმის ყველა, ვისაც ოდნავ ძლიერძრავიანი მანქანა ჰყავდა, ცდილობდა „ეგონკავა” და ამით თავისი მანქანის და მძღოლის უპირატესობა დაემტკიცებინაო. არ მინდა, არ „ვგონკაობ”, უბრალოდ წყნარად მინდა კარგ ამინდში ღია ტრანსპორტით ვიმგზავროო, ამბობდა მეგობარი. სახლთან არმისული შუქნიშანზე გაჩერდა. გვერდზე მანქანიდან ტიპმა თავი გამოყო და:

-აუუ ბრატ, რა მაგარი მოტოციკლეტია. დამსვი რა, ცოტას გავატარებ ...

P.S. ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ შემფასებელი ნამდვილად ვიქნები. ამიტომ თქვენ, ისინი, ვინც წითელზე არ აჩერებთ, ორმაგ ხაზს კვეთთ და საწინააღმდეგო მხარეს მიჯლიგინებთ, ისინიც, ვინც ტროტუარზე მოძრაობთ და სხვას გზას არ უთმობთ, ყველა ის, ვინც რიგში არ დგება, საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ყველანი ქაჯები, გოიმები და არაცივილიზებული ხალხი ხართ! არ არის თქვენი ადგილი ჩემთან, არ გვაქვს ჩვენ ერთი გზა.

კომენტარები