URIAH HEEP თბილისში

იურაია ჰიპის ვოკალისტი ბერნი შოუ
ყველა ნამდვილმა მელომანმა იცის, რა განსხვავებაა ნამდვილ მუსიკასა და მაცივარს შორის. მაცივარი გამოშვების თარიღის მიხედვით ფასდება, მუსიკა კი - არა. მაცივარი ახალი გამოშვებული ჯობია, მუსიკა კი წლებთან ერთად იხვეწება, “ღვინდება” და იღებს იმ სახეს, რომლითაც მერე მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგია ვულკანივით უნდა გადმოიფრქვას და ათასობით მსმენელში ჩაიღვაროს. სწორედ ასე მოხდა 19 მარტს თბილისში. კომპანია ლოკომოტივ პრომოუშენის ძალისხმევით, ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული როკ-ჯგუფი იურაია ჰიპი სტუმრობდა. მუსიკოსებმა, რომელთა საშუალო ასაკი 60 წელია, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და საათნახევრის განმავლობაში მაყურებელი 70-იანი წლების თავისუფლების სურნელში გახვიეს. თუ როდესმე გაგჩენიათ სურვილი გენახათ, როგორ უნდა ხტუნავდეს და მღეროდეს ერთ კონცერტზე 4 წლის ბავშვიც, თინეიჯერიცა და 60 წლის ბებოც, მაშინ 19 მარტს იურაია ჰიპის კონცერტს უნდა დასწრებოდით.
ჯგუფი თბილისში 19 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა და იმავე საღამოს კონცერტი გამართა. რეპეტიციის დროს გავესაუბრეთ ჯგუფის ლეგენდარულ გიტარისტს მიკ ბოქსს.
თქვენ 70-იანების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ხართ. იურაია ჰიპი არის ჯგუფი, რომელიც არათუ ამ ეპოქის მუსიკის ნაწილია, არამედ უშუალო მონაწილეობა მიიღო ამ მუსიკის შექმნაში. როგორია 2010 წლიდან დანახული 1969 წელი, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ დამწყები ჯგუფი იყავით? მოელოდით, რომ 40 წლის შემდეგ უკვე ლეგენდების სტატუსით მოივლიდით მსოფლიოს?

რა თქმა უნდა, არა. არ მეგულება ჯგუფი, რომელმაც 70-იანებში დაიწყო მოღვაწეობა და ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი პოპულარული გახდებოდა. პოპულარობა და კომერცია ჩვენთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. როგორ შევქმენით ამ ეპოქის მუსიკა? არ ვიცი. უბრალოდ ავიღეთ ხელში ინსტრუმენტები და დავიწყეთ იმ საქმის კეთება, რაც გვიყვარდა. თუ ჯგუფი შექმნის ღირებულ მუსიკას, მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს, მსმენელი ყოველთვის დაინახავს ამას და დამატებითი ილეთები არ დაგჭირდება პოპულარობის მოსახვეჭად. მთავარია, რომ გულით აკეთო საქმე. დღეს მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად ძალიან ბევრი როკ-ჯგუფი საოცარ სანახაობებს აწყობს, იყენებს სცენის უზარმაზარ კონსტრუქციებს, განათებას, დეკორაციებს. ასეთ ჯგუფებს მსმენელი ორშაბათს რომ ჩაწერს თავის აიპოდში, ხუთშაბათისთვის უკვე ამოშლილი ეყოლება. ხოლო როცა მუსიკით გინდა ყურადღების მიპყრობა, შეძლებ, რომ ათეულობით წლები იდგე სცენაზე და გყავდეს მსმენელი. გულახდილი მუსიკა უნდა აკეთო, სიყალბე ხელოვანს არ ეპატიება.

70-იანების ცხოვრების სტილი - Sex, Drugs & Rock’N’Roll დღესაც იგივე რჩება თქვენთვის?

მოდი, ნარკოტიკების ნაცვლად ალკოჰოლი ჩავსვათ. ნარკოტიკები არასდროს მიტაცებდა. რაც შეეხება სექსს და როკ-ენროლს, ეს დღემდე ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

თანამედროვე მუსიკალურმა ტენდენციებმა როგორ იმოქმედა იურაია ჰიპზე?

წლებთან ერთად ბევრი რამ იცვლება. აღარავისთვის არის უცხო, რომ ინტერნეტ-ტექნოლოგიებმა თავდაყირა დააყენა ყველა სფერო. ეს ნაწილობრივ კარგია, ნაწილობრივ - ცუდი. MP3-ებისა და აიპოდების ეპოქაში ჯგუფი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს კარგავს, რადგან დისკები აღარ იყიდება. სამაგიეროდ, უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენი ტურნეების შესახებ და ქალაქიდან ქალაქში, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობენ კონცერტების სანახავად. მთავარი მაინც ის არის, რომ იურაია ჰიპმა თავისი სახე არ დაკარგა, არ გავხდით კომერციას აყოლილი ჯგუფი, რომელიც ათასგვარ იმიჯს იქმნის პოპულარობის შესანარჩუნებლად. და საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა - მუსიკალური ინდუსტრია. მოდი, მის ნაცვლად ვთქვათ მუსიკალური სამყარო.
კონცერტის შემდეგ კი მიკ ბოქსის შთაბეჭდილებები ჩავწერეთ.

რას იტყვით, მიკ, როგორ ჩაიარა კონცერტმა?

ღმერთო, ეს რა იყო. 2000 ადამიანი ერთად მღეროდა ჩვენს სიმღერებს. სცენის წინ, უფროსი ასაკის კაცს 4-5 წლის ბავშვი ჰყავდა კისერზე შემოსმული, რომელიც თავის პატარა ხელებს გახარებული იქნევდა აქეთ-იქეთ. მხურვალე მაყურებელი გყოლიათ, ტემპერამენტიანი. დარბაზიდან ისეთი მუხტი მოდიოდა რომ.... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კონცერტი, რაც ბოლო მსოფლიო ტურნეზე გვქონდა. ახლა კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის კონცერტს აუცილებლად გამოვცემთ DVD დისკზე და ის მთელ მსოფლიოში გაიყიდება სახელწოდებით Uriah Heep - Live in Tbilisi.


 

კომენტარები