ობამას ზეწოლის მიუხედავად, ნეთანიაჰუ პოლიტიკას არ ცვლის

ბენიამინ ნეტანიაჰუ
აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამჟღავნა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 საცხოვრებელი სახლის აშენების გეგმა. განცხადება დაემთხვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ისრაელში ვიზიტს. ვიზიტი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის აღდგენას ემსახურებოდა. შეერთებული შტატების რეაქცია მკვეთრი იყო - ბაიდენმა იმავე საღამოს დაგმო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება. ობამას ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმაც შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს და მკაცრად გააკრიტიკეს ნეთანიაჰუს მთავრობის ეს ნაბიჯი. ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ განცხადების გასაკეთებელი დრო სწორად არ იყო შერჩეული.
22-23 მარტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია. გაიმართა შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებთან. ჩასვლამდე პრემიერმა განაცხადა, რომ არ აპირებს დათმობებს იერუსალიმში დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მორიგი მშენებლობის შესახებ, ნეთანიაჰუს შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულებას, ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბარაკ ობამამ პრემიერ-მინისტრს აშშ-ისრაელის კრიზისის დასაძლევად შემდეგი პირობები შესთავაზა: აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობის შეჩერება და ისრაელის სამხედრო შენაერთების გადაყვანა 2000 წლის სექტემბრამდე დაკავებულ პოზიციებზე.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და სამშვიდობო პროცესი აშშ-ს სხვადასხვა ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია უკვე რამდენიმე დეკადის განმავლობაში. გამონაკლისი არც ობამას ადმინისტრაცია ყოფილა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმება თავიდანვე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საკითხთა ნუსხაში შეიყვანა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ისტორია საკმაოდ გრძელია.
ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლა დაემთხვა ღაზას სექტორში ისრაელის სამკვირიან სამხედრო ოპერაციას და შედეგად, ბუშის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას. ობამამ აღდგენილ მოლაპარაკებებში აშშ-ს სპეციალურ დესპანად ყოფილი სენატორი ჯორჯ მიტჩელი დანიშნა. 2009 წლის შემოდგომაზე ინტენსიურმა დიპლომატიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო: ისრაელმა ახალი დასახლებების მშენებლობაზე ცალმხრივი, 10-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მორატორიუმი არ გულისხმობდა აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობებზე შეზღუდვებს, მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ აღიარა პალესტინური სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა და დასავლეთ ნაპირს ეკონომიკურ განვითარებაშიც დახმარება აღუთქვა.
იყო მოლოდინი, რომ დათმობების პასუხად, პალესტინური მხარეც გადადგამდა სამშვიდობო პროცესის აღსადგენ ნაბიჯებს, მაგრამ მათ დასახლებების მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ს ძალისხმევით, პალესტინისა და ისრაელის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე.
ის ფაქტი, რომ შეთანხმება მხოლოდ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე მოხერხდა, თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ მყიფეა სამშვიდობო პროცესი. ანალიტიკოსების აზრით, მაშინ, როცა 17 წლის განმავლობაში პირდაპირ მოლაპარაკებებს გადამწყვეტი შედეგი არ მოუტანია, სათუოა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკება ნაყოფს გამოიღებს. თუმცა, ეს შეთანხმება განიხილება პირველ ნაბიჯად პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ; შესაძლოა, დაიწყოს საუბარი ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ისრაელსა და პალესტინას შორის საზღვრის დადგენაზე.
სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება არის პალესტინელების პოლიტიკური და ტერიტორიული დაქსაქსულობა. პალესტინელი ლიდერებისთვის ძალიან ძნელია კომპრომისებზე წასვლა, რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები მათ ინტერესების ღალატში დაადანაშაულებენ. სწორედ ამის გამო, უკანასკნელ პერიოდში ჩაიშალა რამდენიმე სამშვიდობო ინიციატივა. აღსანიშნავია ირანის ძლიერი გავლენა მსხვილ პალესტინურ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებზე. ირანი არის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ისრაელის სახელმწიფოს რამდენჯერმე დაემუქრა განადგურებით. ანალიტიკოსების აზრით, ირანი დაინტერესებულია ამ პრობლემის არსებობით და, შესაბამისად, მისი გავლენის ქვეშ მყოფი დაჯგუფებები ყველანაირად წინ აღუდგებიან სამშვიდობო პროცესს. ათწლეულებია, ტერორისტული ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები საფრთხეს უქმნიან ისრაელის სახელმწიფოს. ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული ამოცანაა. სამშვიდობო შეთანხმებაზე ზრუნვასთან ერთად, უსაფრთხოების პოლიტიკა ასევე გულისხმობს სიმტკიცის დემონსტრირებას და ტერორისტებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვას. აშშ ხაზგასმით აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და ის ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ამ რეგიონში.
პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა ამ ეტაპზე მთავარ დიპლომატიურ ამოცანად მიიჩნევა. თუ პირდაპირი მოლაპარაკებები შედგა, მედიატორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა მხარეების დათანხმება იერუსალიმის საბოლოო სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. ისინი შეეცდებიან, გამონახონ გზა, რომელიც უპასუხებს როგორც ისრაელის, ისე პალესტინური მხარის ინტერესებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ცალმხრივი დათმობები და კეთილი ნების დემონსტრირება ვერ განაპირობებს პროცესის წარმატებას. აუცილებელია, დაპირისპირებულებში არსებობდეს ნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე. საჭიროა მკაფიო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გულისხმობს დათმობებს ორივე მხარისგან.
სამშვიდობო პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ პირდაპირი დიალოგის უქონლობაში არ მდგომარეობს. 2008 წელს ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა, გულუხვი წინადადება შესთავაზა პალესტინურ მხარეს. სხვა საკითხებთან ერთად, ის გულისხმობდა პალესტინურ სახელმწიფოს, იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრასა და 10 ათასი პალესტინელი ლტოლვილის დაბრუნებას. პალესტინელების გამო შეთანხმება არც მაშინ მოხერხდა.
იშვიათად ხდება, სახელმწიფოს მეთაური თეთრ სახლს ეწვიოს და ფოტო არ გადაიღოს მასპინძელთან ერთად. ეს უმნიშვნელო დეტალია იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა ობამამ გასულ სამშაბათს ჩაიდინა: ისე გაეშურა სადილად, აშშ-ს მთავარი პარტნიორი არ მიუპატიჟებია. ისრაელის პრესა ამ ფაქტს პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფად აფასებს.
ისრაელ-ამერიკის ურთიერთობები ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაძაბულ ფაზაში იმყოფება. მოკავშირე დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურისადმი მესამე სამყაროს დიქტატორის შესაფერისი მოპყრობით, ობამამ ხელიდან გაუშვა შანსი წინ წაეწია სამშვიდობო პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ შექმნილი ვითარებით ესარგებლა და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებზე ისეთი საკითხები წამოეჭრა, რასაც ისრაელში მემარჯვენე მთავრობის ბევრი ოპონენტიც იზიარებს, ობამა შეეხო ისეთ თემას, სადაც მთელი ებრაული საზოგადოება ერთსულოვანია.


 

კომენტარები