გუანტანამოს 3 პატიმარი საქართველოშია

მოჰამედ ჯავადი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი გუანტანამოს ციხეში. კუბა
23 მარტს საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს. მათივე უსაფრთხოების მიზნით, პატიმრების ვინაობას საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებს. თუმცა, ამერიკული გამოცემა მაიამი ჰერალდის ცნობით, ორი მათგანი ლიბიელია, ერთი კი - 47 წლის აბდელ ჰამიდ ალ ღაზავი (წარმომავლობას წყარო არ აზუსტებს). იგი პატარა მაღაზიას ფლობდა ჯალალაბადში (ავღანეთი) 2001 წლამდე, ვიდრე მას აშშ-ს გადასცემდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ყოფილ გუანტანამოელებს საქართველოში ბინადრობის უფლება ექნებათ, მაგრამ თავიანთ მოქალაქეობას შეინარჩუნებენ. ისინი ქვეყნის ტერიტორიას ვერ დატოვებენ, თუმცა თავიანთ ოჯახებთან ურთიერთობას შეძლებენ. თუ რამდენ ხანს მოუწევთ საქართველოში ცხოვრება ყოფილ პატიმრებს, დაკვირვების შედეგად გადაწყდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი მაინც შესაბამისი სტრუქტურების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.
“მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომ გვეხმარება გუანტანამოს ციხის დახურვაში. ჩვენი ახლო პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ფილიპ კროულიმ.
აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობითვე ახსნა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გუანტანამოდან პატიმრების გადაყვანას შეერთებული შტატების უწყებათაშორისი ჯგუფი განკარგავს. ჯგუფი შედგება თავდაცვის და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტების, დაზვერვისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებისა და იურისტებისაგან. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საბჭომ დეტალურად შეისწავლა ამ სამი პატიმრის საქმე და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი გადაცემა საქართველოსთვის.
ამავე დღეებში შვეიცარიაში გადაიყვანეს სამი უიღურული წარმოშობის პატიმარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ესპანეთმა გუანტანამოს ერთი პატიმარი მიიღო, ალბანეთმა - სამი, დიდმა ბრიტანეთმა - თოთხმეტი, იტალიამ – სამი, უნგრეთმა - ერთი. პატიმრები გადაიყვანეს პორტუგალიაში, ირლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთშიც.
ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და დანიამ უარი განაცხადეს გუანტანამოელი პატიმრების მიღებაზე.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი გუანტანამოს ციხის დახურვა იყო. 2009 წლის 22 იანვარს მან განაცხადა, რომ ერთი წლის თავზე ყბადაღებულ ციხეში არც ერთი პატიმარი აღარ დარჩებოდა.
საქართველოსა და შვეიცარიაში სამ-სამი პატიმრის გადაყვანის შემდეგ გუანტანამოში პატიმართა რაოდენობა 185-მდე შემცირდა. შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად ეძებს მათთვის თავშესაფარს.


 

კომენტარები