ბოლო 5 წლის მანძილზე რუსეთში ადამიანის უფლებათა შესახებ არცერთი ანგარიში არ მომზადებულა

22 მარტს თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მათიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ. ისინი ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებთან, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩამოვიდნენ.
მატიაშ ეორშიმ და კასტრიოტ ისლამიმ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ მეორე მოხსენებას ამზადებენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართეს. ისინი შეხვდნენ როგორც ოპოზიციისა და მთავრობის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; ცსკ-ს თავმჯდომარეს; საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს; სახალხო დამცველსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს. ბოლოს სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
ეორშიმ და ისლამიმ საქართველო 24 მარტს დატოვეს. “ვიზიტისას დავრწმუნდით, რომ ქვეყნის ლიდერებს სრულად აქვთ გაცნობიერებული, რა უნდა გაკეთდეს. მჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა” - განაცხადა ეორშიმ გამგზავრების წინ. მას ასევე სჯერა, რომ მომავალი არჩევნები ყველა ადრინდელზე უკეთ ჩატარდება.
ხსენებული ვიზიტი იმ მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა, რომლითაც ევროპის საბჭო თვალყურს ადევნებს წევრი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მომდევნო ვიზიტი ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აპრილში აქვთ დაგეგმილი, რის შემდეგაც, ჯგუფი რუსეთში გაემგზავრება. ამჟამინდელი ვიზიტისგან განსხვავებით, აპრილის ვიზიტის მიზანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოძიება. მომხსენებელთა შემადგენლობაც განსხვავებული იქნება. ჯგუფში დარჩება მატიაშ ეორში, ხოლო კასტრიოტ ისლამის, რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე ერთ-ერთი მომხსენებელი, ბრიტანელი დევიდ ვილშეარი ჩაანაცვლებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში უკვე შეტანილია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მსჯელობის საკითხი. სესია აპრილის ბოლოს გაიმართება.
ევროპის საბჭომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე სამი რეზოლუცია მიიღო - 2009 წლის იანვარში, აპრილსა და სექტემბერში. მესამე რეზოლუციაში, წინა ორისგან განსხვავებით, ძირითადად, რუსეთზე მახვილდებოდა ყურადღება. ამ რეზოლუციაში რუსეთისადმი წაყენებულ მოთხოვნებს შორის იყო: წლის ბოლომდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონფლიქტურ რეგიონებში შეშვება, ჯარების გაყვანა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნების უფლების “ოფიციალურად და ეფექტიანად” აღიარება. რუსეთმა კი, მოთხოვნები არ შეასრულა.
ახლა ევროპის საბჭო აპირებს, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა და ამავდროულად რუსეთზე თანამომხსენებელმა, ანდრეას გროსმა (შვეიცარია), განაცხადა მოსკოვში, 23 მარტს, დუმის სპიკერ გრიზლოვთან შეხვედრის შემდეგ.
2010 წლის 10 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრმა დენის მაკშეინმა (დიდი ბრიტანეთი), წერილობითი შეკითხვით მიმართა ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს:
„მინისტრთა კომიტეტი მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამ დაკვირვების შედეგად, სამდივნო და საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტები რეგულარულ ანგარიშებს ამზადებენ.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე სისტემატურად მზადდება მოხსენებები სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ჩერნოგორიასა და სერბეთზე. გავეცანი გენერალური მდივნის სამ ანგარიშს, რომლებიც 2009 წელს მომზადდა საქართველოში კონფლიქტისა და ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრების შესახებ. ისინი მოიცავდა ცხრილებს, რომლებშიც ნაჩვენები იყო, როგორ ასრულებენ რუსეთი და საქართველო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდებულებებს.
ზემოხსენებული ანგარიშების საფუძვლიანმა შესწავლამ დამანახა რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსხვავებები ამ ქვეყნების მიერ ვალდებულებათა შესრულებაში. თუმცა, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსგავსი ერთი ანგარიშიც კი არ მომზადებულა რუსეთის ფედერაციის შესახებ. ამასთან, ზემოთ აღნიშნული მოხსენებები არასაკმარის ინფორმაციას გვაწვდის რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე, იმდენად, რამდენადაც ისინი მხოლოდ იმ ვალდებულებებს ეხება, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ კონფლიქტებს უკავშირდება.
ხელმისაწვდომი საერთაშორისო ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს, მივმართავ მინისტრთა კომიტეტს შემდეგი კითხვებით:
1. მიაჩნია თუ არა მინისტრთა კომიტეტს, რომ რუსეთი ბევრად უკეთ ასრულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ვიდრე მინისტრთა კომიტეტის “მონიტორინგის” ქვეშ მყოფი სხვა წევრი სახელმწიფოები?
2. რატომ არ ატარებს მინისტრთა კომიტეტი რუსეთზე “მონიტორინგს” იმ პროცედურების ან ფორმატის გამოყენებით, რომლებსაც ევროპის საბჭოს სხვა, ზემოხსენებული წევრი სახელმწიფოების მიმართ იყენებს?
პასუხი, დეპუტატ მაკშეინის კითხვაზე, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრთა კომიტეტი ვალდებულია 6 თვის ვადაში პასუხი გასცეს ბრიტანელ პარლამენტარს, თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ პასუხის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოს ერთსულოვნება. დასთანხმდება თუ არა რუსეთი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მალე გაირკვევა.


 

კომენტარები