თავისუფლების „პაქტი“

0 კომენტარი

ნათქვამია, რომ ხალხის ჯიბეში მეტი ფულის გაჩენის საუკეთესო საშუალებაა ეს ფული ხალხის ჯიბიდან საერთოდ არ ამოიღო. “თავისუფლების აქტის” სახელით შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ფულის ხალხის ჯიბეში დატოვებისკენ მიმართული ძალისხმევაა და, ზოგადად, ამაზე კარგს ქვეყნის მომავალ თაობებს ვერც ერთი მთავრობა ვერაფერს გაუკეთებს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ეშმაკი აქაც დეტალებში იმალება: ინიციატივა კომპრომისულია და არასაკმარისი.

“თავისუფლების აქტის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის შეზღუდვასა და გადასახადების ზომის/რაოდენობის შეცვლა/შემოღების კონტროლის უშუალოდ მოქალაქეებისთვის გადაცემას.

ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი წინადადება სახელმწიფო ხარჯებისა და ვალის ზომის შეზღუდვაა - მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, შესაბამისად, 30 და 60 პროცენტით. გარდა ამისა, აქტი სერიოზულად ზღუდავს მთავრობის მიერ გადასახადებით მანიპულირების საშუალებასაც – მათი რაოდენობისა და სტრუქტურის შეცვლა აკრძალულია, ხოლო განაკვეთების შესაცვლელად საჭირო იქნება რეფერენდუმი.

სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 30 პროცენტია, ხოლო სახელმწიფო ვალი - 40 პროცენტზე მეტი. გადასახადების გაზრდის გართულების პირობებში (რეფერენდუმი!), 60-პროცენტიანი მაქსიმუმი (ანუ 1.5-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს) ძალიან მაღალია, რადგან მთავრობას ძლიერ მოტივს უქმნის გაზარდოს ბიუჯეტი არა ეკონომიკის ზრდის შესაბამისად, არამედ დეფიციტის სახელმწიფო ვალით დაფინანსებით.

ზოგადად სახელმწიფო ვალი სხვა არაფერია, თუ არა მომავალ თაობებზე, მათი თანხმობის გარეშე, ვალდებულებების დაკისრება. მთავრობა დღეს იმ ფულს სესხულობს, რომელიც მომავალში საკუთარი გადასახადებით უნდა გაისტუმრონ იმათ, ვისაც ამაზე დასტური არ მოუცია. ვალის გადახდის დრო რომ მოვა, შესაძლოა, იგივე მთავრობა აღარ იყოს. ამიტომ მსგავსი ქმედება სადავოა მორალის თვალსაზრისითაც.

“თავისუფლების აქტში” გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტით შეზღუდვა, მართალია, არ მისცემს მთავრობას საშუალებას სახელმწიფო ვალი სწრაფად გაზარდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მაინც მიაღწევს საკუთარ მაქსიმუმს. ასე რომ მთავრობამ, უმჯობესია, ხარჯოს ზუსტად იმდენი, რამდენი გადასახადიც ამოიღო და მეტი არაფერი ისესხოს.

თავისთავად ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა კიდევ ის არის, რომ მის დასაფინანსებლად, სესხის გარდა, მთავრობამ შეიძლება სხვა, ალბათ, ეკონომიკისთვის უფრო მავნე, საშუალება გამოიყენოს: ქაღალდის ფულის ბეჭდვა.

ფულის მასის ამ გზით გაზრდა ნიშნავს ინფლაციას (ფასების ზრდას), რაც რეალურად მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებიდან პირდაპირ ფულის ამოღებაა. დღეს დეფიციტის დასაფარავად ფული, ალბათ, არ იბეჭდება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალში ეს არ მოხდება? მაგალითად, უკიდურესად უპასუხისმგებლო და პოპულისტი მთავრობის ხელში? ამიტომ, უმჯობესია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი საერთოდ აიკრძალოს.

ფულის მასის ზრდის პირობებშიც კი, ინფლაციისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება ფულის მიმოქცევის გათავისუფლებაა. დღეს გადახდის ლეგალური საშუალება მხოლოდ ლარია, რომლის საბეჭდი დაზგა სახელმწიფოს ხელშია. ჩეხოვის თოფივით, რომელიც, კედელზე თუ კიდია, აუცილებლად გაისვრის, ერთხელაც იქნება და ეს დაზგაც ჩაირთვება. ჩართვას რომ აზრი დაეკარგოს, სხვა ფულის (დოლარის ან ევროს, ან ორივეს) მიმოქცევის თავისუფალი დაშვებაა საჭირო. როცა ვალუტის არჩევანი არსებობს, ლარის გაუფასურება უაზრო მეცადინეობაა – ბაზრის მონაწილეები უბრალოდ მის გამოყენებას შეწყვეტენ. ფულის მიმოქცევის ლიბერალიზაციის გარეშე “თავისუფლების აქტი” სრულყოფილი არ არის.

მნიშვნელოვანი რამ, რაც “თავისუფლების აქტს” კიდევ აკლია, მთავრობის მიერ მაკროეკონომიკური მაქსიმალური პარამეტრების არგადაჭარბების გარანტიებია. ორგანულ კანონში ან თუნდაც კონსტიტუციაში ამ ციფრების ჩაწერა სრულიად არ არის საკმარისი - მთავრობა პოლიტიკურად უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პარამეტრების შეუსრულებლობაზე (მაგალითად, გადადგეს მთლიანი შემადგენლობით), წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, როცა “თავისუფლების აქტით” გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა უბრალოდ კიდევ ერთ ცუდ ტრადიციად იქცევა.

თავისთავად რეფერენდუმის წესით გადასახადების კონტროლიც (თან ყველასი არა!) არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საგადასახადო პოლიტიკა არ გახდეს მიმდინარე მომენტში არსებული კონინუქტურის მსხვერპლი. მთავრობას, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, პრინციპში, ადვილად შეუძლია დაარწმუნოს მოსახლეობა გადასახადების გაზრდის აუცილებლობაში. რეფერენდუმის შედეგების ძალაში შესვლის გადავადება (მაგ. ერთი საარჩევნო ციკლით, 4-5 წლით) მოუსპობს მთავრობას იმის მოტივაციას, რომ თავისი მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, გადასახადების განაკვეთებით მანიპულირება მოახდინოს და აიძულებს საკუთარი ხარჯები უკეთ აკონტროლოს.

არასაკმარისია ბაზრის დერეგულირების შემოთავაზებული საშუალებებიც. კანონი დამოუკიდებელ მარეგულირებლებს უკრძალავს ბაზრის მოქმედებაში მხოლოდ ფინანსურ ჩარევას, მაგრამ არ ზღუდავს სოციალისტებისთვის ასე საყვარელ საქმიანობას, როგორიც, მაგალითად, ხარისხის კონტროლია. არ იზღუდება არც “დამოკიდებული” მარეგულირებლების შექმნა/საქმიანობა, მაგალითად, ისეთის, როგორიც ეროვნული ბანკის სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურია.

“თავისუფლების აქტი”, შესაძლოა, ბოლო წლების საქართველოში ყველაზე სასარგებლო საკანონმდებლო ინიციატივაა, რადგან მიმართულია ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მიღწევის სამუდამოდ დამკვიდრებისთვის. ეს მიღწევა ლიბერალური ეკონომიკური თავისუფლებაა.

ეკონომიკის თავისუფლება არის ის, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს მომავალ არსებობასა და მისი მოქალაქეების თავისუფლებას. და, რაც უფრო მეტია ეს თავისუფლება, მით უფრო საიმედო იქნება ეს უზრუნველყოფა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები