1991-2010 დამოუკიდებლობის 19 წელი

1918 წელს მოვიდა თავისუფლება. მოვიდა კი არა, თავს დაატყდა საქართველოს. მაშინ ზოგიერთი მმართველისთვის „ეროვნული საკითხი” მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა იყვნენ სხვებიც, ვისი ოცნებაც აღსრულდა. ვისაც ესმოდა – სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფო აპარატი, ქართული არმია, უნივერსიტეტი... არ შეიძლება წითლებისთვის მოქმედების თავისუფლების მიცემა, დაუშვებელია მტერ-მოყვარის აღრევა, ნეიტრალიტეტით თამაში.
შესაძლოა, თავდაპირველად ყველამ ვერ გააცნობიერა კარს მომდგარი ბედნიერება, მაგრამ სამ წელიწადში თავისუფლების დაკარგვა თითოეული მათგანისთვის თანაბრად კატასტროფული აღმოჩნდა.
70 წლით გაქრა 26 მაისის დღესასწაული, კოტე აფხაზისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელები. ამჯერად სხვა, კოლმეურნე გმირების დრო დადგა. ხელოვანები პროლეტარულ შემოქმედებით კავშირებში გააერთიანეს და სავალდებულო სოცრეალიზმი მიუსაჯეს. სასულიერო, სამეცნიერო, სამხედრო ელიტა კი შრომა-გასწორებით ბანაკებსა და ემიგრაციაში გაისტუმრეს.
და ისევ უეცრად, 1988-89 წლებში ყველაფერი დაბრუნდა. ქვეყანამ თავიდან დაიწყო დავიწყებული ისტორიის სწავლა. გაცოცხლდა გამქრალი და მეხსიერებიდან ამოშანთული სახელები – ამბროსი ხელაია, კირიონ მეორე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე... ვეღარაფერი გააჩერებდა ამ ტალღას. ყველგან – პრაღასა და დრეზდენში, რიგასა და ვილნიუსში, ვარშავასა და თბილისში, ერთ დროს უძლეველი საბჭოთა მანქანა ხმაურით ილეწებოდა.
ყოფილი მეცკომის ლექტორები პოლიტოლოგებად გარდაიქმნენ, პარტკომები სხაპასხუპით კითხულობდნენ ახლად გაზეპირებულ „მამაო ჩვენოს” და ძველებური სიმკაცრით მოითხოვდნენ საჯარო ლოცვას სხვებისგანაც, პატრიოტები კი ხვდებოდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალია.
ყველაფერი დიდ სახალხო გამოკითხვას უნდა გადაეწყვიტა და გადაწყვიტა კიდეც! ყველამ, სიტყვის სრული მნიშვნელობით - ყველამ, პასუხად „დიახ” შემოხაზა.
გულანთებულმა პატრიოტებმა და ყოფილმა კომკავშირლებმა, მეოცნებე რომანტიკოსებმა და სკეპტიკოსმა ინტელექტუალებმა, მშფოთვარე სტუდენტებმა და უზრუნველმა „არაფორმალებმა” – ყველამ ერთხმად გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას – დიახ! ყველას სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
1991 წლის 31 მარტი. მანამდე სამი წელი, აღსავსე ნამდვილი ბრძოლით: მრავალათასიანი გამოსვლები 1988 წლის ნოემბერში და 1989 წლის აპრილში, როდიონოვის სამხედროები და ტანკები თბილისის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობა, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა დაპატიმრება და ბოლოს, 1990 წელს, კომუნისტების მარცხი პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში. ათი დღის შემდეგ, 9 აპრილს, ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადება ელის.
მომდევნო 19 წლის განმავლობაში საქართველო შეცდომებსაც დაუშვებს და წარმატებებსაც მოიპოვებს, ბევრს შეიძენს და ბევრს დაკარგავს, მაგრამ ეს თავისი წარმატებებიდა თავისი მარცხები იქნება. უფლება, რომ შენით შეცდე და შენით გაიმარჯვო - აი, 70 წლით მივიწყებული ფუფუნება, რომელიც საქართველოს 1991 წლის 31 მარტს დაუბრუნდა.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების მიერ განადგურებული სახელმწიფო თავიდან დაიბადა. თუმცა, ყველაფერი იმდენად ჩქარა მოხდა, რომ არ დარჩა ფიქრის დრო. არავინ იცოდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო. ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში აღარ არსებობდა თაობა, რომელსაც თუნდაც სამწლიანი დამოუკიდებლობის გამოცდილება ემახსოვრებოდა. ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. დაიწყო კიდეც.
გაირკვა, რომ თავისუფლება მხოლოდ აქტების გამოცემითა და სიმბოლიკის შეცვლით არ მოდის, რომ ქუჩების სახელების შეცვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი შეცვლა და სამუდამოდ დამშვიდობება საბჭოთა წარსულთან. წარსულთან, რომელმაც ადამიანების ბუნებაში ღრმად ჩანერგა უპასუხისმგებლობა, იზოლაციონიზმი, შეუწყნარებლობა. საბჭოთა ადამიანის მენტალობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიგებდა მახეს და ჩვენც ვეგებოდით: სამოქალაქო დაპირისპირება, არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, კრიმინალური ჯგუფების გაბატონება.
ისიც გაირკვა, რომ ყოფილი მეტროპოლია სულაც არ აპირებს მშვიდად უყუროს ჩვენს დამოუკიდებლობას და ცნოს უფლება „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”, რომ, შინააშლილობის მიუხედავად, მათ საქართველოსთვის ყოველთვის ეცლებათ. რამდენჯერმე ყველაფრის დაკარგვის სახიფათო ზღვართანაც ვყოფილვართ, როცა, კრემლთან შეკრულ სეპარატისტებთან ომში დამარცხებულებს, ისევ მოსკოვიდან დაგვინიშნეს ძალოვანი მინისტრები და სამხედრო ბაზების 25-წლიან ხელშეკრულებაზეც მოგვაწერინეს ხელი.
ზოგჯერ თავად არ გვჯეროდა, რომ უკვე ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 7 წლის მერე საქართველოში ჯერ კიდევ კამათობდნენ, თუ ვინ ვართ საერთოდ ქართველები! ეთნიკური წარმომავლობით შეკავშირებული ერთობა თუ თითოეული მოქალაქე განურჩევლად წარმომავლობისა. საკვირველია - ქართველი ნაციონალისტები საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში თავგამოდებით იცავდნენ იდეებს, რომელიც სეპარატისტული მოძრაობების ქვაკუთხედად ითვლება.
მაგრამ ნელ-ნელა იკვეთებოდა სწორი პასუხები. ჩვენივე ცდები და შეცდომები, ჩვენი მეგობრების - ესტონელების, ლიტველების, ჩეხების, პოლონელების წარმატება და წინსვლა გვარწმუნებდა - ის, რაც სწორია ყველა განვითარებული ქვეყნისთვის, სწორია ჩვენთვისაც - თავისუფლება, კერძო საკუთრება, კანონის უზენაესობა.
თუმცა, ერთია სწორი მიზნების დასახვა და სულ სხვაა მათ მისაღწევად სწორი გზების პოვნა. საქართველოში ხომ ყველაფერი ტკივილით იბადებოდა: გაჩნდნენ ბანკები, მაგრამ სანამ ისინი ცივილიზებულ და განვითარებისთვის აუცილებელ, სასარგებლო ინსტიტუტებად იქცეოდნენ, ბევრი მოტყუვდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ბანკი, რომელიც 65% წლიურ სარგებელს გპირდება, აუცილებლად გაკოტრდება და შენც გაგაკოტრებს; გაჩნდნენ კერძო სასწავლებლები, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაგვეცნობიერებინა, რომ რეალური განათლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური დიპლომი; გაჩნდა მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები. გაჩნდნენ პირველი ექსპერტები უცხო ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ცოტა ამრეზით, მუდმივი უკმაყოფილებით და საბჭოთა ამპარტავნობით, ახალ რეალობაში აღმოჩენილი ქვეყანა სწავლობდა, როგორ იწერება ბიუჯეტი, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რა არის მარკეტინგი...
ჩვენ თავიდან ვიწყებდით სიარულს და ამაში გვეხმარებოდნენ. გვეხმარებოდნენ ფულით, გვეხმარებოდნენ ცოდნით, გვეხმარებოდნენ წვრთნითა და აღჭურვით. თუმცა, მთავარი მაინც ჩვენი გასაკეთებელი იყო. ჩვენი მოსაშლელი იყო საბჭოთა ცრურწმენები და დაავადებები, რომელიც 70-წლიანი კომუნისტური ყოფის გამო უკვე ტრადიციები გვეგონა. გვეგონა, რომ ქრთამი და კორუფცია ჩვენი ეროვნული ხასიათის განუყოფელი ნაწილია, რომ რაღაც ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელთანაც ეს დაავადებები მშვიდობიანად თანაიარსებებენ. წლები, რევოლუცია და დაუნდობელი ბრძოლა დასჭირდა ამ სტერეოტიპის დამსხვრევას, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებას, რომ ჩვენც შეგვიძლია ისე, როგორც სხვებს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ მეგობრები ვერ იქნებოდნენ გარშემო. ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ვასალებსა და მტრებს ცნობს, ჩვენ 1991 წლის 31 მარტს ვუთხარით უარი ვასალობაზე და ავტომატურად ვიქეცით მტრად. ამოქმედდა საბჭოთა წარსულში ჩამარხული ყველა ნაღმი – ეთნიკური შუღლი, რელიგიური შეუწყნარებლობა და კუთხური კომპლექსები; კრიმინალური სამყაროს ძალა და მითი, რომ საქართველო ქურდების ქვეყანაა; ჩვენი ეკონომიკის მიბმულობა რუსეთზე და მცდელობა, ემბარგოთი დაგვიმორჩილონ; ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე და ღრმა რწმენა, რომ ამ პრობლემებს ვერაფრით გადავლახავთ და ბოლოს - ომი. ომი, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაგვაფიქროს – ღირს კი? ღირს ამდენ ტანჯვად ეს ჩვენი შემოხაზული „დიახ” 1991 წლის 31 მარტს? ღირდა მსხვერპლი 1989 წლის აპრილს თბილისში, 1992-93 წლების აფხაზეთში, 2008 წლის თავდასხმის მოგერიებისას? შესაძლებელია მუდმივი საფრთხის პირობებში განვითარება? იქნებ ჯობია, შევეგუოთ ბედს და მივიღოთ ვასალის როლი? იქნებ ჯობია, ,,არ გავაღიზიანოთ”? იქნებ დავინახოთ ახალი რეალობა? იქნებ იმან შეგვიმსუბუქოს ყოფა, რომ მტერს მეგობარი ვუწოდოთ და მეგობარს - მტერი? ან იქნებ ნეიტრალურები ვიყოთ და დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ არც მტერი გვყავს და არც მეგობარი?
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არასოდეს არავის გამოსვლია თავისუფლების „ცოტათი” დათმობა. ასეთ მნიშვნელოვან შეკითხვებზე არასწორ პასუხებს კი ჩვენი ქვეყანა უკვე დაუყვია სამ ნაწილად – ნაწილად, რომელმაც იბრძოლა და განადგურდა, ვინც პარიზსა და ლევილში დარდით გარდაიცვალა და ვინც შეეგუა და დაივიწყა თავისუფლება.
დღეს, როცა ეს 19 წელი უკვე ნანახი გვაქვს, როცა ვიცით, რას ნიშნავს, რომ პური, ზეთი და სიგარეტი არ იშოვება, ხოლო შემდეგი ორი კვირა ეს ერთი „კანისტრა” ბენზინი უნდა გეყოს, ფიდერი გადაიწვა და პენსია არ ჩაირიცხება კიდევ ორი თვე, თანამშრომლის შვილი პანკისში გაიტაცეს და „ბიჭის მოწყობაში” 3000 დოლარს გთხოვენ, შენს ინსტიტუტში კი დევნილები ცხოვრობენ – ისევ ისე მოვიქცეოდით 1991 წლის 31 მარტს?
ჩავთვლიდით, რომ ეს ყველაფერი მწარე საფასურია თავისუფლებისა, რომლის გარეშე ნორმალური მომავლის შექმნა შეუძლებელია? რომ ეს ყველაფერი სახადია, რომელიც დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე მოვიხადეთ, იმისთვის რომ გავჯანსაღებულიყავით? რომ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა არავის აქვს უფლება მიგითითოს, რას უსმინო, რა წაიკითხო, ვინ გიყვარდეს, რა აკეთო? რომ საოცრად საინტერესო დროში ვცხოვრობთ და ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მომავალს? რომ ათას ქვეყანაში ათასი რამ შეგიძლია ისწავლო? ათასი საქმე წამოიწყო, ათასჯერ ჩაფლავდე და ათასჯერ გაგიმართლოს?
ალბათ მაინც, გულანთებული პატრიოტები და ყოფილი კომკავშირლები, მეოცნებე რომანტიკოსები და სკეპტიკოსი ინტელექტუალები, მშფოთვარე სტუდენტები და უზრუნველი „არაფორმალებიც”, ყველანი, დღესაც ერთხმად გასცემდნენ პასუხს მთავარ შეკითხვას – დიახ!
ამ ცხრამეტ წელს კი მრავალი ცხრამეტი მოჰყვება. ისევ უამრავი შეცდომითა და გაკვეთილით. როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა? რა ძალები იქნებიან ხელისუფლებაში? რას ავირჩევთ? მეტ თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩაურევლობას პირად ცხოვრებაში, თუ რეგულაციებსა და შეზღუდვებს? სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს თუ თავისუფალ ბაზარს? ფედერაციას თუ უნიტარულ სახელმწიფოს? დემოკრატიას თუ „თეოდემოკრატიას”? იქნებ მაინც მონარქიას ან კიდევ რამე სხვას? თავისუფლებას თუ ცენზურას? მართალია ამჯერად არა კომუნისტურს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... რას მოგვიტანს ათი გამოცდა ან ეკონომიკური თავისუფლების აქტი? გვარგებს კი რამეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა?
კიდევ ათას ასეთ წვრილმან თუ მსხვილმან კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.
ზოგიერთ მათგანს ისეთივე საბედისწერო მნიშვნელობა ექნება თავისუფლებისთვის, როგორც 19 წლის წინანდელ „დიახ”-ს.

კომენტარები