ახალი დღის დღესასწაული

21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მარნეულში ვიზიტისას, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა. „თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ყველანი ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის და ვიზეიმებთ, თუ ეს საჭირო იქნება. დღევანდელი დღიდან ეს არის საერთო ქართული, ეროვნული დღესასწაული”.
პრეზიდენტის პრესცენტრში ჯერ ვერ ამბობენ, იქნება თუ არა ახალი დღესასწაული უქმე დღე. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, რა ფორმით აღნიშნავს სახელმწიფო ნოვრუზობას. ამასობაში კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ნოვრუზობის მსგავსად, „სახალხო დღესასწაულის სახე მიიღოს საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფების დღესასწაულებმაც”.
საქართველოში აზერბაიჯანელები უდიდესი ეთნიკური უმცირესობაა. მათი ოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 6.5%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.7%-ით აღემატება სომეხთა წილს. ასე რომ, ნოვრუზობის სახელმწიფო დღესასწაულის რანგში აყვანის შემთხვევაში, გამართლებული იქნება მსგავსი სტატუსი სომეხთა ერთ-ერთ დღესასწაულსაც მიენიჭოს. მაგრამ მანჯგალაძის განცხადებაში „სხვა” ეთნიკური ჯგუფები მრავლობით რიცხვში იყო ნახსენები. ჩნდება შეკითხვა - რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის უმცირესობა, რომ სახელმწიფომ მისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული აღიაროს.
მიუხედავად იმისა, თუ რა პრინციპით შევარჩევთ უმნიშვნელოვანეს უმცირესობებს, აქტუალური რჩება კიდევ ერთი საკითხი - რამდენად გამართლებულია მთელმა საზოგადოებამ აღნიშნოს ისეთი დღესასწაული, რომელიც მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის არის ტრადიციული. ძნელი წარმოსადგენია ქართველებმა ან სომხებმა მათი კულტურისთვის სრულიად უცხო ნოვრუზობა ნებაყოფლობით გაითავისონ. ამავე მოსაზრებებით, სადავო ხდება აზერბაიჯანელებისთვის მათთვის უცხო ქრისტიანული დღესასწაულების უქმე დღეებად დაწესება.
იურისტი გიორგი ფარადანიშვილი განმარტავს, რომ შრომის კოდექსი ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას საკონტრაქტო ხელშეკრულებაში ჩაანაცვლოს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დღესასწაულები თავისთვის სასურველი დღეებით. ფორმალურად სახელმწიფო მხოლოდ უქმე დღეების რაოდენობას აწესებს. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ საკითხში არაინფორმირებულია - უქმე დღეების თარიღები აღიქმება, როგორც საყოველთაო და სავალდებულო, რაც პრაქტიკაზეც აისახება.
 

კომენტარები