საპროცესო შეთანხმება ქართულ რეალობაში

მე-19 საუკუნის დასაწყისში მასაჩუსეტსის შტატში სპირტიანი სასმელების ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებას მოჰყვა ის, რომ ადგილობრივი პროკურორები სამუშაოს მოცულობას ვეღარ აუდიოდნენ. საქმეთა გამოძიებისა და სასამართლოში დავისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობამ, რასაც თან ახლდა მასობრივი იმიგრაციის შედეგად დანაშაულის საგრძნობი ზრდა, პროკურორებს ბრალდებულთა მსჯავრდების ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა. საპროცესო შეთანხმებას, რომელსაც მანამდე მხოლოდ ეპიზოდურად იყენებდნენ, თანდათანობით ფართო გასაქანი მიეცა. ასე დაედო სათავე აშშ-ში, და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული მოდელის გარდაქმნას, რომელიც დამნაშავეთა დასჯის აუცილებელ პირობად სასამართლოს მიერ საქმის სრულად განხილვას მოითხოვდა.
საპროცესო შეთანხმება სასამართლო განაჩენის გამოტანის დაჩქარებული ფორმაა და გულისხმობს ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას ან გამოძიებასთან თანამშრომლობას შედარებით მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ. ამ ინსტიტუტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას უწყობს ხელს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა, რაც დიდწილად განაპირობებს მის საყოველთაო პოპულარობას.
საპროცესო შეთანხმება სხვადასხვა ფორმით არსებობს ისეთი განსხვავებული სამართლებრივი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა, ინდოეთი, კანადა თუ ბულგარეთი. აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეთა 90-95% საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ხოლო ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 25%-ს აჭარბებს. თვით გერმანიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე „საპროცესო შეთანხმებისგან თავისუფალ მიწად” ითვლებოდა, მსგავსი წესით გადაწყვეტილ საქმეთა რაოდენობა 30-დან 40%-მდე მერყეობს.
მიუხედავად ამისა, ზოგი ეჭვქვეშ აყენებს საპროცესო შეთანხმების მიზანშეწონილობას იმ მოტივით, რომ ის ჯეროვნად არ სჯის დამნაშავეს და ამით უგულებელყოფს სასჯელის პრევენციულ მიზანს. მართლაც, სრული სასამართლო განხილვის შედეგად დაკისრებული სასჯელი, ჩვეულებრივ, საგრძნობლად აღემატება საპროცესო შეთანხმების შედეგად მიღებულს. თუმცა, თანამედროვე სასამართლო პროცესთან დაკავშირებული დიდი ხარჯები, დანაშაულთა სირთულის ზრდასთან ერთად, საპროცესო შეთანხმებას გარდაუვალ კომპრომისად აქცევს.
ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებშიც კი, ამ ინსტიტუტის აქტიური გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. 1980-იანი წლების იტალიაში, საპროცესო შეთანხმების რამდენიმე ფორმის შემოღებამდე, სასამართლოები იმდენად გადატვირთული იყო საქმეებით, რომ სისტემის არსებობა პერიოდულად ამნისტიების გამოცხადებაზე იყო დამოკიდებული. იმავე მიზეზით, იტალია პირველ ადგილზე იყო გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობით.
საქართველოში საპროცესო შეთანხმება 2004 წლიდან არსებობს. 2008 წელს მისი გამოყენების მაჩვენებელი პირველად გადასცდა 50%-იან ნიშნულს, ხოლო, 2009 წლის რვა თვის მონაცემებით, 56,9% შეადგინა. საპროცესო შეთანხმების შემოღებამ შესაძლებელი გახადა, რომ, ბოლო წლებში სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის გაორმაგების მიუხედავად, სასამართლო განხილვების ვადა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. თუ 2004 წლამდე საქართველოს საერთო სასამართლოები 3 წელს ანდომებდნენ სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოო განაჩენის გამოტანას, დღეს ეს ვადა 9 თვეს არ აღემატება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საპროცესო შეთანხმების როლი კორუფციასთან ბრძოლაში. სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ თანამზრახველთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შეთავაზება კარგად ნაცადი ხერხია საჯარო თანამდებობის პირებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად. საქართველო რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლებოდა. თუმცა, Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ უკვე 2007 წელს დააღწია თავი იმ ქვეყნების ჯგუფს, სადაც კორუფციის პრობლემა არსებობს, ხოლო 2009 წელს 66-ე ადგილზე გადაინაცვლა და ამ შედეგით ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოსაც გაუსწრო.
საქართველოში მოქმედი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძირითადად ამერიკული მოდელის მსგავსია. საპროცესო შეთანხმების დადების წინადადებით, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს როგორც პროკურორმა, ისე ბრალდებულმა. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ კი მიღწეული შეთანხმება წერილობით უნდა გაფორმდეს და სასამართლოს წარედგინოს დასამტკიცებლად. ამ პროცესში, ბრალდებულის უფლებების დასაცავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარანტია არსებობს. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ის არ დადებულა მოტყუებით ან იძულებით, ბრალდებული აცნობიერებდა თავის უფლებებს და საშუალება ჰქონდა ესარგებლა დამცველის დახმარებით. ბრალდებულს აგრეთვე უფლება აქვს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროსზემდგომ სასამართლოში.
ცხადია, რომ საპროცესო შეთანხმების ქართული ვარიანტი უნაკლო არ არის. პრობლემები თვალშისაცემი იყო ამ ინსტიტუტის დანერგვის პირველივე ეტაპზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად საუბრობდნენ პროკურატურის ორგანოების მხრიდან ჯარიმების თვითნებური გამოყენების პრაქტიკაზე, რაც საზოგადოებაში ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ დამნაშავეებს შეეძლოთ „თავისუფლების ყიდვა”. ეს აზიანებდა საზოგადოების ისედაც დაბალ ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და განსაკუთრებით ვნებდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველა აღიარებს ამ სფეროში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პროგრესის არსებობას, რამდენიმე საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.
2005 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მოქმედებს შიდა სახელმძღვანელო მითითებები, რაც ბევრ ქვეყანაში საპროცესო შეთანხმების თანმიმდევრული გამოყენების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა, ეს მითითებები საქართველოში საჯარო არ არის, რაც საპროცესო შეთანხმების დადებას გაუმჭვირვალე პროცესად აქცევს და ნამდვილად არ უწყობს ხელს საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული წარმოდგენის გაბათილებას, რომ ხშირად სასჯელის შემსუბუქება დამოკიდებულია ისეთ არამართლზომიერ ფაქტორებზე, როგორიცაა ბრალდებულის გავლენა ან მატერიალური კეთილდღეობა. საზოგადოების თვალში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ლეგიტიმურობის გაზრდისთვის, პროკურატურამ მკაფიოდ უნდა განმარტოს მისი გამოყენების პოლიტიკა და პროცედურები. ამისთვის მან შიდა სახელმძღვანელო მითითებების, სულ მცირე, ის ნაწილი უნდა გახადოს საჯარო, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადების გარემოებებს და სასჯელის შერჩევის წესებს განსაზღვრავს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასამართლოების მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეთა 98% მსჯავრდებით სრულდება. ასეთ ვითარებაში ბრალდებულს ფაქტობრივად ერთი არჩევანი აქვს: დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას პროკურორის მიერ შეთავაზებული პირობებით. მთავარი საფრთხე კი ის არის, რომ უდანაშაულო ბრალდებულმა შეიძლება, მსჯავრდების შიშით, გადაწყვიტოს სასამართლო განხილვაზე უარის თქმა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება. თუმცა, მსჯავრდებათა რაოდენობა საპროცესო შეთანხმების შემოღებამდეც დაახლოებით ამდენივე - 97% იყო. ამიტომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე უარის თქმა ამ მხრივ დადებით შედეგებს ვერ მოიტანს, სამაგიეროდ გამოიწვევს მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, რაც პირდაპირ აისახება ბრალდებულებზე უსასრულოდ გაწელილი სასამართლო პროცესების სახით.
მსჯავრდებათა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. მაგალითად, იაპონიაში ეს მაჩვენებელი შოკისმომგვრელად მაღალი - 99,7%-ია. იაპონიაში, ისევე როგორც სხვა დასავლური ტიპის დემოკრატიებში, ასეთი სურათი, ჩვეულებრივ, აიხსნება პროკურორების პრინციპული პოლიტიკით, რომ სასამართლოში მხოლოდ „ძლიერი” საქმეები წაიღონ, სხვებში კი ბრალდებულის მსჯავრდება საპროცესო შეთანხმების მსგავსი ალტერნატიული გზებით უზრუნველყონ. საქართველოში ამ ფაქტორს ემატება სასამართლოების დამოუკიდებლობის შედარებით დაბალი ხარისხიც. შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომლის ამოქმედება საქართველოში ამა წლის ოქტომბრიდან იგეგმება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, როგორც წესი, ამცირებენ მსჯავრდებათა რაოდენობას თვით ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი.



 

კომენტარები