შეთქმულების თეორია

იმალება თუ არა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდუმალი ძალები, რომელთა შესახებაც ხალხმა არაფერი იცის? მოქმედებენ თუ არა საქართველოში კრემლის აგენტები? არსებობს თუ არა მასონთა შეთქმულება? ხომ არ არის ეს ყოველივე ავადმყოფი გონების ნაყოფი? მოდით, ვცადოთ და ნელ-ნელა გავერკვეთ. 

დავიწყოთ სამი ციტატით:
“თუ პარანოია გაქვს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არ გითვალთვალებენ”.

ციტატის წყარო არაა ნათელი; მისი ავტორი ან დიდი ამერიკელი რეჟისორი ვუდი ალენია, ან არანაკლებ დიდი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი.

ფრაზა ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი პოლიტიკური ელიტა აგერ, უკვე ოც წელზე მეტია ხვდება, როდესაც რუსეთის ფარულ გავლენაზე იწყებს საუბარს. სწორედ “სუკის აგენტისა” და “კრემლის ხელის” ძახილის გამო შერაცხეს შეშლილად პირველი პრეზიდენტი. მაგრამ განა სუკის აგენტები და კრემლის ხელები ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საკმარისზე ხშირად არ დაფათურობდნენ?

პრობლემა ისაა, რომ თუ შეთქმულების თეორია სადმე მუშაობს, მუშაობს რუსეთში. რუსეთის პოლიტელიტას სწამს შეთქმულებისა და ამზადებს შეთქმულებებს, ხოლო საზოგადოებრივი ელიტები იზიარებენ როგორც თავდაცვით, ისე თავდასხმით გეგმებს. ამაზე მეტყველებს ყველაფერი, ნიკიტა მიხალკოვის ფილმებით დაწყებული და ტრეტიაკოვის ინტელექტუალური ტოქშოუებით დამთავრებული. ამაზე მეტყველებს პუტინის ქცევაც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ის არარსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს ეძებდა ქართულ მხარეზე.

ძალიან ცუდია, როცა პარანოია გჭირს, ძალიან ცუდია, როცა გითვალთვალებენ, და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც პარანოიკი გითვალთვალებს.
“პათოლოგიურია იმ ქმრის ეჭვიანობაც კი, რომელსაც ცოლი მართლა ღალატობს”.

ამ ციტატის ავტორი დიდი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ჟაკ ლაკანია. განა ის იმასვე არ ამბობს, რასაც პირველი ციტატა? - იკითხავს ეჭვიანი მკითხველი. და სულ ტყუილად, ხომ გავიგეთ, რომ ეჭვიანობა პათოლოგიაა, ამიტომ ნდობით აღვიჭურვოთ და გავაცნობიეროთ, რასაც ფსიქოანალიზი გვასწავლის: მიუხედავად იმისა, რამდენად გამართლებულია პათოლოგიური გრძნობები, ისინი მაინც პათოლოგიურია. რამდენი კრემლის აგენტიც უნდა გყავდეს ქვეყანაში, მათზე ფიქრი უკვე აჩენს არაჯანსაღ ატმოსფეროს, გამსჭვალულს ეჭვებით, უნდობლობითა და შიშებით.

ეს ჩიხია, საიდანაც ადვილი გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
“როცა პოლიტიკური მოვლენის ახსნას ცდილობ, ყოველთვის სისულელე და არაკომპეტენტურობა ამჯობინე შეთქმულებას”.

ეს ციტატა ეკუთვნის ბრწყინვალე ამერიკელ პოლიტიკურ კომენტატორს ჩარლზ კრაუტჰამერს.
კრაუტჰამერი ამას ამერიკულ მთავრობაზე ამბობს, ჩვენ კი არ გვაწყენდა მისი რჩევის გათვალისწინება საკუთარი მთავრობის ქცევის ანალიზისას. მთავრობა ზოგან უკეთესია, ზოგან - უარესი, მაგრამ სისულელეების ჩადენას ყოველი მათგანი უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე შეთქმულების დაგეგმვა-განხორციელებას.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამ ციტატას ტყუილად დავუწყებთ ძებნას აკაკი გელოვანის მიერ 1989 წელს გამოცემულ “სიბრძნის სიმფონიაში”, სადაც, წესით, მსოფლიო ხალხების აფორიზმები და ხატოვანი თქმები უნდა იყოს თავმოყრილი. შემთხვევითობაა ეს თუ ბოროტი ჩანაფიქრი? ამას მომდევნო სტატიებში გავარკვევთ.

კომენტარები