დედათა საქმე

„იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც კი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს...”. იქ და დღეს XIX საუკუნის ამერიკის ერთერთი შტატია, ეს კი ილიას სიტყვებია, წერილიდან „დედათა საქმე”. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად მანდილოსანი დღემდე არ აურჩევიათ, საქართველომ კი, ორჯერ იხილა პირველ პირად ქალი, თუმცა მხოლოდ საგანგებო ვითარებაში. 
ნინო ბურჯანაძე არ არის ერთადერთი ქალი ლიდერი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ახლო წარსულში პრემიერობის კანდიდატი იყო საქართველოს გზის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი. საფრანგეთში გადახვეწილი თავდაცვის მინისტრის პარტიას დიდხანს ხელმძღვანელობდა ადვოკატი ეკა ბესელია. თუმცა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოში სქესობრივი დისბალანსი მაინც ბევრად დიდია, ვიდრე ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და სხვა არჩევით ორგანოებში, რადგანაც მათი შემადგენლობა მოსახლეობის ნებას ასახავს.
2008 წლიდან 150 ქართველ დეპუტატში მანდილოსანი მხოლოდ შვიდია. მსგავსი სურათი საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არის დამკვიდრებული. თანასწორობამ პიკს მიაღწია წინა მოწვევის პარლამენტში, სადაც 213 კაცს გვერდს 22 ქალი უმშვენებდა. დღესდღეობით, დეპუტატი ქალების რაოდენობით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიც კი გვისწრებენ.
შეერთებულ შტატებში პარლამენტარი ქალების წილი 17%-ია, მის ღარიბ მეზობელ მექსიკაში კი 28%. ეკონომიკური ლიბერალიზმით გამორჩეულ სინგაპურსა და გაერთიანებულ ემირატებში მანდილოსანი ყოველი მეოთხე დეპუტატია. მაჩვენებელი 40%-ზე მაღალია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მისაბაძ ფინეთსა და პირველი ლედის მშობლიურ ნიდერლანდებში. თუმცა, მექსიკასა და ნიდერლანდებში საარჩევნო სიებზე კვოტების პრინციპი ვრცელდება - პარტიები ვალდებულნი არიან ადგილების გარკვეული რაოდენობა ქალებს დაუთმონ.
საქართველოში არსებობს პარტიები, სადაც წევრთა უმრავლესობა მანდილოსანია. თუმცა, როგორც კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი აღნიშნავს, ეს ძალაუფლების განაწილებაზე არ აისახება. „არჩევნების მოახლოებისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქალები კარდაკარ კაკუნით, მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებით არიან დაკავებულნი, სიაში კი არ არიან წარმოდგენილნი — ამბობს ციხისთავი.
არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოსავალს ზემოხსენებული კვოტების შემოღებაში ხედავს. ასეთი გამოცდილება უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს. ამ გზის მომხრეთა შორისაა ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი. „ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის 53 პროცენტის უფლებები რეალიზებული და დაცული იყოს”, — ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა მჟავანაძე. მისი აზრით, სხვა შემთხვევაში თანასწორობა ვერ მიიღწევა, რადგან სქესები განსხვავებულ სასტარტო პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამის გამო, ქალთა და კაცთა თანასწორობა კანონის წინაშე საკმარისი არ არის. ცენტრის დირექტორი, ლიკა ნადარაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არაერთი საგანგებო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ქალებმა პოლიტიკაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ. მაგალითად, პარტიებს უნდა ეკრძალებოდეთ საარჩევნო რეგისტრაცია, თუ მათ რიგებში გენდერული ბალანსი არ არის.
ზემოხსენებულ მეთოდებს პოზიტიურ დისკრიმინაციად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა ნადარაია კორექციულ ზომებს უწოდებს. ის განმარტავს, რომ დისკრიმინაცია ნეგატიური ელფერის სიტყვაა, კორექცია კი სავსებით შეესაბამება მიდგომას, რომელიც წარსული უსამართლობის შედეგების აღმოფხვრას გულისხმობს.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში ქალთა პოზიტიურ დისკრიმინაციაზე დებატები დღემდე მიმდინარეობს. აშშ-სგან განსხვავებით, ევროპის არაერთ ქვეყანაში კვოტური სისტემა პოლიტიკურ სისტემებში უკვე საფუძვლიანად დამკვიდრდა. ციხისთავი მართალია მიესალმება მანდილოსნების გააქტიურებას, მაგრამ კვოტური სისტემის წინააღმდეგია. მისი აზრით, მსგავსი მიდგომა შეურაცხმყოფელია. პოზიტიური დისკრიმინაცია ერთგვარი მინიშნებაა, რომ თანასწორ ბრძოლაში ქალი განწირულია მეორეხარისხოვანი როლისთვის; ამით ქალს ეპყრობიან, როგორც არასრულფასოვან არსებას, რომელსაც ხელი უნდა გაუწოდო და დაეხმარო, რათა გაგითანაბრდეს.
გარდა იმისა, რომ კვოტირებას ბევრი ღირსების შემლახველად მიიჩნევს, არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი პოლიტიკა არაპრაგმატული და წაგებიანია. ნებისმიერი დაწესებულება, მათ შორის საჯაროც, დაინტერესებულია ადამიანური რესურსები ნიჭისა და პოტენციალის მიხედვით გადაანაწილოს. ჩნდება კითხვა — რამდენად გამართლებულია აიძულო ორგანიზაცია, ფორმალური გენდერული ბალანსი კვალიფიკაციაზე მაღლა დააყენოს.
2003 წელს კვოტების შემოღების ინიციატივა საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა. მაშინ კანონპროექტი ჩავარდა — დეპუტატების უმრავლესობა პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი აღმოჩნდა. მას შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა. წელს დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე “გენდერული თანასწორობის შესახებ”. კანონპროექტი ძირითადად ანტიდისკრიმინაციული ხასიათისაა და მისი განხილვა გვიან გაზაფხულზე იგეგმება.
თუ უფრო შორეულ წარსულს გავიხსენებთ, დღევანდელი უთანასწორობა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს. ილიას ციტატიდანაც ჩანს, რომ მე-19 საუკუნეში ქალები საარჩევნო ხმის უფლებისთვის იბრძოდნენ. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ადრე, 1893 წელს, ბრძოლამ შედეგი ევროპისგან შორს, ახალ ზელანდიაში გამოიღო. ახალი ზელანდია ერთადერთ გამონაკლისად მეოცე საუკუნემდე დარჩა. შემდეგ წარმატებას ქალებმა 1902-ში მიაღწიეს მეორე ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავსტრალიაში. თუმცა, იქ კიდევ ექვსი ათწლეული უუფლებოდ რჩებოდა ეთნიკური უმცირესობა — ავსტრალიელი აბორიგენები. ევროპელმა ქალებმა ხმის უფლება პირველად 1906 წელს ფინეთში მოიპოვეს.
რუსეთის იმპერიის დაშლამდე სქესობრივი თანასწორობის ფლაგმანთა სია აღარ გაფართოებულა. საქართველო სიას 1918-ში, პირველი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ შეუერთდა. იმავე პერიოდში სუსტი სქესი ხმის ღირსად მიიჩნიეს კომუნისტურ რუსეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, კანადასა და ამერიკის დარჩენილ შტატებში. ალპურ სამოთხეში - შვეიცარიაში - მანდილოსნები ამომრჩეველთა სიების მიღმა სამოცდაათიან წლებამდე რჩებოდნენ. უმდიდრეს არაბულ ქვეყნებში კი ოცდამეერთე საუკუნესაც უუფლებონი შეხვდნენ.

კომენტარები