ჩილეს მიწისძვრა და დედამიწის ღერძი

27 თებერვალს, ჩილეში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 ბალი შეადგინა. აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტოს (NASA) მკვლევარმა რიჩარდ გროსმა გამოთვალა მიწისძვრის შედეგები. გამოთვლებისას გროსი ეყრდნობოდა დღეისათვის არსებულ ყველაზე ზუსტ მოდელებს დედამიწის ბრუნვის აღსაწერად. დადგინდა, რომ დედამიწის ღერძი გადაიხარა 75 მემილიარდედი გრადუსით, ანუ, პოლუსის მახლობლად ღერძი 8 სანტიმეტრით გადაადგილდა. გაჩნდა ვერსია, რომ ამან შეიძლება კლიმატის ცვლილება გამოიწვიოს.

საქმე იმაშია, რომ ღერძის გადახრის დროს იცვლება მზისკენ „მიშვერილი” უბანი და შესაბამისად, ინაცვლებს კლიმატური ზონები. მაგალითად, სუბტროპიკულმა ზონამ შეიძლება ოდნავ პოლუსების მხარეს წაინაცვლოს, ან პირიქით - ეკვატორის მხარეს.

დედამიწის ღერძის მიმართულებისა და დახრილობის ცვლა პირველად არ ხდება. დედამიწა არ არის იდეალური სფერო, იგი შებრტყელებულია პოლუსებთან, ამიტომ მთვარე და მზე განსხვავებულად მიიზიდავენ მის სხვადასხვა უბნებს, რის შედეგადაც ხდება ე.წ. პრეცესია. ეს მოვლენა ჯერ კიდევ ძვ.წ. II საუკუნეში აღმოაჩინეს ძველმა ბერძნებმა. პრეცესია პერიოდული მოვლენაა: თუ კოსმოსში მოვნიშნავთ ერთ ფიქსირებულ წერტილს, პირობითად „შორეულ ვარსკვლავს”, 26 ათას წელიწადში, დედამიწის ღერძი მის მიმართ წრიულ მოძრაობას შეასრულებს.

შორეული ვარსკვლავის მიმართ დედამიწის ღერძისა და ორბიტის რხევას, ანუ ნუტაციას, რამდენიმე მოვლენის ერთობლიობა იწვევს. მათ შორისაა: პლანეტების მიზიდულობა; დედამიწის არაერთგვაროვანი შემადგენლობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო მეტია ხმელეთი, სამხრეთში კი - წყალი); მიწისძვრების დროს ნივთიერებათა გადანაცვლება და ა.შ. თითოეული მათგანის წვლილი დედამიწის ღერძის რხევაზე - განსხვავებულია.

ჩილეს მიწისძვრის შემდეგ, ღერძის მიმართულებასთან ერთად, შეიცვალა დედამიწის ფორმა და ბრუნვის სიჩქარე. შემცირდა შებრტყელება პოლუსებთან, შემცირდა დღე-ღამის ხანგრძლივობა 1.26 მემილიონედი წამით. უნდა აღინიშნოს, რომ NASA-ს მეცნიერების ეს თეორიული გათვლები ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელია. დაკვირვების საბოლოო შედეგს ისინი რამდენიმე თვეში ელიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოვლენის გავლენა მსოფლიო კლიმატზე უმნიშვნელოა, შედარებით ყინულის დნობით გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელიც 11 ათასი წელია მიმდინარეობს. დნობა იწვევს დედამიწის წონასწორობის ცენტრის ცვლას და ღერძის „მოგზაურობას” წელიწადში დაახლოებით 10 სანტიმეტრით.

კლიმატი ყოველთვის განიცდიდა პერიოდულ ცვლილებებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგალითად, ცნობილია კლიმატური ცვლილებები შუა საუკუნეებში, მცირე გამყინვარებისა (XVI-XIX ს.) და მცირე დათბობის (X-XIII ს.) სახელწოდებებით. ცვლილებები დადასტურებულია გეოლოგიური მონაცემებითაც: ყინულისა და ქანების ნიმუშებით, ხეების რგოლებით, რომლებზეც ასახულია ტემპერატურული ცვლილებები. დანალექ ქანებზეც კარგად ჩანს სხვადასხვა ფენების მონაცვლეობა, რომელიც, გეოლოგიური მონაცემებით, დაახლოებით 100 000 წლით თარიღდება. ითვლება, რომ ის დედამიწაზე გამყინვარებისა და დათბობის პერიოდული მონაცვლეობის შედეგია.

სერბი მათემატიკოსის მილუტინ მილანკოვიჩის თეორიის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატის პერიოდულ ცვლას განაპირობებს სამი ციკლური მოვლენა: დედამიწის ორბიტის მიმართ ღერძის დახრის ცვალებადობა, ორბიტის ექსცენტრისიტეტის (ოვალურობა) ცვალებადობა და პრეცესია.

ბრუნვის ღერძის დახრილობა 41 ათას წელიწადში ერთხელ იცვლება დაახლოებით 22°-დან 24°-მდე, რაც დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით 220 კმ-იან მონაკვეთს შეესაბამება. მიწისძვრით გამოწვეული 8სმ-იანი გადანაცვლება ამ „გეგმიურ მოგზაურობასთან“ მართლაც უმნიშვნელოდ გამოიყურება. გარდა ამისა, 100 ათას წელიწადში ერთხელ, ციკლურად იცვლება დედამიწის ორბიტის ოვალურობაც - ის ხან ოდნავ უფრო გაწელილია, ხანაც წრიულთან მიახლოვებული.

არსებული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ მიწისძვრებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ დედამიწის ბრუნვის ღერძის იმგვარი გადახრა, რომელიც კლიმატს შესამჩნევად შეცვლიდა.

კომენტარები