რატომ დაარტყეს ტერორისტებმა მოსკოვს ახლა?

0 კომენტარი

ჩეჩნეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა შარშან შეწყდა,
მაგრამ ძალადობამ ტერორიზმისთვის
ახალწვეულები მიიზიდა.

ტონი ჰოლპინი

მოსკოვში დაბრუნდა ტერორიზმი და, მასთან ერთად, დაბრუნდა შიში ჩვეულებრივი რუსების ცხოვრებაში. მარცხი განიცადა კრემლის სტრატეგიამ ჩრდილოეთ კავკასიის საზღვარზე ისლამისტ მეამბოხეებთან.
იმის დამტკიცება, რომ აფეთქებების უკან ჩეჩნური დაჯგუფება იდგა, მძიმე დარტყმა იქნება რუსეთისთვის. გასული წლის აპრილში პრეზიდენტმა მედვედევმა შეაჩერა ჩეჩნეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. მისი რწმუნებით, უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაახშეს ამბოხი, რომელიც ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში გრძელდებოდა ათეული წლის მანძილზე, 1990-იან წლებში, ორი სისხლიანი სეპარატისტული ომის შემდეგ.
ბატონი მედვედევის ახალი წარმომადგენელი რეგიონში იმდენად დარწმუნებული იყო რეგიონის პერსპექტივებში, რომ პარასკევს, 26 მარტს, მან პრეზიდენტს ჩეჩნეთის ტურისტულ ცენტრად ქცევის 15-მილიარდდოლარიანი (10 მილიარდი ევრო) გეგმა წარუდგინა.
დარტყმა მოსკოვის ცენტრში ანგრევს ამ მითს და, აგრეთვე, ხორცს ასხამს ჩეჩენ მეამბოხეთა მეთაურის დოკუ უმაროვის მუქარას ომის რუსეთში გადატანის თაობაზე. გასულ თვეში მან თქვა: „ამიერიდან სისხლის ღვრა აღარ შემოიფარგლება ჩვენი სოფელ-ქალაქებით. ომი მათ ქალაქებს უახლოვდება.”
მოსკოვის მეტროს აფეთქება პირდაპირი გამოწვევაა მედვედევისთვის. იგი ზეწოლის ქვეშაა. მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მეტოქეობის გაწევა წინამორბედ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც 1999 წელს ჩეჩნეთში სეპარატისტთა გასანადგურებლად ულმობელი ომი წამოიწყო.
მას შემდეგ პუტინი ცდილობდა კონფლიქტის „ჩეჩენიზებას” ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით. მან ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნა რამზან კადიროვი, რომელსაც მთებს შეხიზნული პარტიზანების განადგურება დაავალა.
სტრატეგია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ბატონმა კადიროვმა დაიტრაბახა კიდეც, ჩეჩნეთი „მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილად” ვაქციეო. თუმცა, ეს მოხდა მეამბოხეების განდევნის ხარჯზე მეზობელ რესპუბლიკებში - დაღესტანსა და ინგუშეთში. შედეგად, მივიღეთ არეულობები ამ რეგიონებში და ადგილობრივი ტერორისტული კამპანიები ხელისუფლების წინააღმდეგ.
2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ, მედვედევის მიერ საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ წააქეზა მეამბოხე მოძრაობები ჩრდილოეთ კავკასიაში. პუტინმა ჩეჩნური ქალაქები ნანგრევებად აქცია, რათა სეპარატისტებს ვერ შეეცვალათ რუკა. მედვედევის გადაწყვეტილება კი ამის საპირისპირო მოქმედება იყო.
თუ ასეთი სასტიკი შედეგების მომტანი ამფეთქებლების, თვითმკვლელი ქალების, ე.წ. „შავი ქვრივების” რეკრუტირებაზე პასუხისმგებელია აჯანყებულთა მეთაური უმაროვი, მაშინ არსებობს ტერაქტების გამეორების საფრთხე.
უკანასკნელი აფეთქებები ყველაზე ავისმომტანი იყო რუსეთის დედაქალაქისთვის 2004 წლის თებერვლის შემდეგ, როცა მიწისქვეშა მატარებელში თვითმკვლელმა ამფეთქებლებმა მოკლეს 41 და დააზარალეს 250 ადამიანი. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე დღეს, თვითმკვლელმა ქალებმა თავი აიფეთქეს ორ თვითმფრინავში, რომლებიც მოსკოვის დემიდოვოს აეროპორტიდან აფრინდა. დაიღუპა 90 ადამიანი.
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის მიღმა, ფატალური ტერორისტული აქტები აღარ მომხდარა გასული წლის დეკემბრამდე, როდესაც ნაღმმა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი ნევსკი ექსპრესის მატარებლის კატასტროფა გამოიწვია. მაშინ დაიღუპა 26 და დაშავდა 100 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს უმაროვის მებრძოლებმა. უმაროვი საკუთარ თავს უწოდებს „ემირს” თვითგამოცხადებული მუსლიმანური სახელმწიფოსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაზეა გადაჭიმული.
უმაროვი იბრძოდა ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ 1990-იან წლებში. იგი აწარმოებდა პარტიზანულ კამპანიას უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და აცხადებდა, რომ მისი შეიარაღებული ჯგუფი 1000 მებრძოლისგან შედგება. რუსმა სამხედროებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ხმა მისი მოკვლის შესახებ (უკანასკნელად გასული წლის ივნისში), თუმცა უმაროვმა ყოველ ჯერზე დააღწია მათ თავი.
ლუბიანკას მეტროს სადგურზე აფეთქება აშკარად გამიზნული იყო ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფისზე (ფე-ეს-ბე), რომელიც საბჭოთა პერიოდის „კაგებეს” მთავარ სამმართველოზეა დაფუძნებული.
ფე-ეს-ბე ყოველთვის მოწინავე ხაზზე იყო ჩრდილოკავკასიელ ტერორისტთა ლიდერების პოვნისა და განადგურების საქმეში. ისინი ძალადობდნენ მოქალაქეებზე, რომლებმაც ნახეს გატაცების მონაწილენი, იყენებდნენ დაკითხვის სასტიკ მეთოდებს და ზოგჯერ, მეამბოხეებზე ინფორმაციის ამოღებისას, კლავდენ კიდეც დაკითხულს.
მეტროს მეორე სადგური, „პარკ კულტური”, ნაკლებად ცხადი სამიზნეა, მიუხედავად იმისა, რომ შორს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. თუმცა, პიკის საათის დროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია, რადგან აერთებს წითელ ხაზს - წრიულ ხაზთან, რომელიც მოსკოვის ცენტრს გარს ეხვევა.
მეტროს სადგურების შესასვლელებთან პოლიციელების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აშკარა თავისუფლება, რომლითაც ისარგებლეს ამფეთქებლებმა დაცვის ქსელის მიღმა შესაღწევად, განგაშს გამოიწვევს სახელისუფლებო და სამოქალაქო წრეებში. თითქმის შეუძლებელია მომავალი შემოტევების წინააღმდეგ ამომწურავი ზომების მიღება, თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველდღიურად მეტროთი მოსარგებლე მგზავრთა უზარმაზარ რაოდენობას, რომელსაც დღეიდან ტერაქტის გამეორების მოლოდინი ექნება.
წელს, მაისში, რკინიგზა 75-ე იუბილეს ზეიმობს და ამიტომ უფრო სიმბოლური სამიზნეა. ის საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის დროს აიგო. 1944 წელს სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტ დამპყრობლებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ჩეჩენი ხალხი სამშობლოდან გაასახლა.
მოსკოვში, წითელ მოედანზე, ომში გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, ზეიმი იგეგმება. კრემლის შეშფოთებას იწვევს ალბათობა, რომ მომხდარი ტერაქტი დედაქალაქში ახალი ტერორისტული კამპანიის დასაწყისია.
მოსკოვის უმნიშვნელოვანესი ზეიმის დროს მსოფლიოსთვის თავის შეხსენება ჩეჩენი ტერორისტებისთვისაც დიდი ცდუნებაა.
ფე-ეს-ბეს წინაშე ახალი თავსატეხი დგას. რამდენად შეუძლიათ აჯანყებულებს ააგორონ უწყვეტი კამპანია და რას მოიმოქმედებენ ამის წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალები.
ბატონმა მედვედევმა დაიფიცა, რომ „ბოლომდე” შეებრძოლება ტერორს. ახლახან მან შეწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიაში სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მცდელობა. შეწყვეტილი რეფორმა ემსახურებოდა უკმაყოფილო და დაუსაქმებელ ახალგაზრდობაში მეამბოხეთა პოპულარობის აღმოფხვრას.
დღეს მან წონასწორობა უნდა დაიცვას საზოგადოებაში შურისძიების მოთხოვნილებასა და სადამსჯელო ღონისძებებს შორის რეგიონში, რომელშიც მძიმე ხელით გატარებული რეპრესიები უფრო მეტ ახალგაზრდა კაცს და ქალს მიამხრობს აჯანყებულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები