მოსკოვი მეტროს აფეთქებებში „ქართულ კვალს” ეძებს

0 კომენტარი
ფოტო: ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და გამოთქვა ვარაუდი მოსკოვის მეტროს სადგურებში მომხდარ აფეთქებებთან შესაძლო კავშირზე.
29 მარტს, დილით, აფეთქებები მოხდა მოსკოვის ორ მეტროსადგურში - ლუბიანკასა და პარკ კულტურიში. 40 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი დაშავდა.
ნიკოლაი პატრუშევის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს კავშირი აქვთ რეგიონის ტერორისტულ ჯგუფებთან. გამომძიებლები იკვლევენ მათ კვალს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ აფეთქებებში.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა პატრუშევმა 30 მარტს ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ აფეთქებებში გარე ძალების მონაწილეობის შესახებ საქართველო და მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახსენა და დასძინა, რომ ყველა შესაძლო ვერსია უნდა შემოწმდეს.
„ერთხელ მან ომი უკვე გააჩაღა. შესაძლებელია იგივე ხელახლა გაიმეოროს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ წარმომადგენლებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ეს უნდა შევამოწმოთ მოსკოვის ტერაქტების მიმართაც”, - თქვა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ ვარაუდს „შიზოფრენიული იდეა” უწოდა. მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელი განცხადებაა, ვინაიდან „რუსეთმა, შესაძლოა, მეტროს ტერაქტები საქართველოს წინააღმდეგ საბაბად გამოიყენოს”.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ მოუწოდა რუსულ მხარეს, თავი შეიკავოს ნაადრევი განცხადებებისგან.
„ადრეც კეთდებოდა რუსეთის მხრიდან განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან საქართველოს ჰქონდა კავშირი. იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოში ტერორისტები იყვნენ. ჩვენ რამდენჯერმე გადავამოწმეთ ეს ყველაფერი და არც ერთხელ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა,” - განაცხადა სემნებიმ.
პატრუშევის განცხადებას დაემთხვა რუსული და აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანში ტერორისტული აქტების აღკვეთის შესახებ. აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, 30 მარტს სააგენტოები იუწყებოდნენ 16 მარტს დამნაშავეთა 8-კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ, რომელსაც ტერაქტების მოსაწყობად საჭირო იარაღი და მასალა საქართველოდან შეჰქონდა. ჯგუფის ერთი წევრი რუსეთის, დანარჩენები კი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართული მხარე ამ საკითხზე კოორდინირებულად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მან განმარტა, რომ თბილისი „დეტალურად გაერკვევა” ამ ვითარებაში. „საქართველოდან იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს,” - ხაზი გაუსვა ვაშაძემ.
ინფორმაცია აზერბაიჯანში ამ ჯგუფის დაკავების შესახებ რუსულმა სააგენტოებმა პირველად 17 მარტს გაავრცელეს. ამ ცნობის კომენტირებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 18 მარტს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ ფლობდა ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. „აზერბაიჯანულ მხარეს ჯერჯერობით არ მოუმართავს ჩვენთვის. მომართვის შემთხვევაში მზად ვართ თანამშრომლობისთვის,” - თქვა მან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები