მე-10 რაუნდი კვლავ უშედეგოდ დამთავრდა

გრიგორი კარასინი და გიგა ბოკერია
23 მარტს დამთავრდა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდი. როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმების გარეშე. განსახილველ საკითხთა ნუსხა, თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ასე გამოიყურებოდა: ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, ტყვეთა გათავისუფლება, დაკარგული პირები და ინციდენტთა პრევენციის მექანიზმი.
ჟენევის პროცესი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც, ჯერჯერობით, მონაწილეთა სტატუსის შესახებაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ: რუსეთი და საქართველო - როგორც კონფლიქტის მხარეები; ევროკავშირი, ეუთო და გაერო - თანათავმჯდომარეები და აშშ - მონაწილე. რუსეთი ცდილობს მოლაპარაკების სრულუფლებიან მხარეებად ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები წარმოაჩინოს, რასაც, ბუნებრივია, საქართველო არ ეთანხმება.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკება დაგეგმილ ფორმატში - პლენარული სხდომის სახით - მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, 2008 წლის ოქტომბერში, და ისიც რუსების გარეშე.
საქმე ის არის, რომ ცხინვალი და სოხუმი პლენარულ სხდომას მხარის სტატუსით ვერ დაესწრებოდნენ. სხვაგვარად მათი დასწრება რუსეთმა არ მოინდომა. იმის გამო, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო, მუშაობა გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც ყველა წარმოდგენილია პიროვნულად, მხარის მითითების გარეშე, რათა სტატუსის საკითხი არ წამოიჭრას. ქართული მხარის მოთხოვნით, მონაწილეთა შორის არიან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
დღეს მოქმედებს ორი სამუშაო ჯგუფი - უსაფრთხოების საკითხებისა და ჰუმანიტარული. ამ დროისთვის ერთადერთ ხელშესახებ „მიღწევად” შეიძლება ჩაითვალოს ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის შექმნა, რაც გულისხმობს მხარეებს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. სოხუმის მონაწილეობით შეხვედრები 2 კვირაში ერთხელ იმართება გალში. ცხინვალი ამ დროისთვის უარს ამბობს მონაწილეობაზე. შესაბამისად, შეხვედრა არ შემდგარა.
არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია შეთანხმების მიღწევა, რადგან რუსული მხარე, მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველების მხრიდან ძალის გამოუყენებლობის პირობას ითხოვს, ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება უკვე არსებობს, სარკოზის 12 აგვისტოს დოკუმენტის სახით, რომელსაც რუსული მხარე არ ასრულებს. ახალი შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ძველი შესრულდება - რუსული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებს და მას საერთაშორისო ძალები ჩაანაცვლებენ. ამასთან, რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას საქართველოსა და მარიონეტულ მთავრობებს შორის ითხოვს, რაც, ქართული მხარის შეფასებით, ცალსახად იმის მცდელობაა, რომ რუსეთმა მიჩქმალოს მისი, როგორც კონფლიქტის ძირითადი მხარის როლი; თავიდან აიცილოს წარსულში ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა და ხელებგახსნილი დარჩეს მომავალში იგივეს გასამეორებლად.
კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველო ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, მაგრამ 2008 წლამდე საერთაშორისო საზოგადოება თავს იკავებდა აქტიურად ჩართულიყო კონფლიქტის მოგვარებაში. უფრო მეტიც, ის რუსეთს განიხილავდა შესაძლოა არც თუ მიუკერძოებელ და დაუინტერესებელ, მაგრამ მაინც შუამავალ აქტორად კონფლიქტის მხარეებს - საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს - შორის, მაშინ, როცა ახლა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, რუსეთი კონფლიქტის მხარეა.
მოლაპარაკებათა 10 რაუნდის შემდეგ თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ ჟენევის პროცესის სარგებელი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართულ-რუსული პრობლემის შეხსენებით განისაზღვრება. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც საქართველო რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან ხვდება, არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღებ ფორმატში - ევროკავშირის, აშშ-ს, ეუთოსა და გაეროს მონაწილეობით.


 

კომენტარები