გულმოწყალება თუ მანკიერი პრაქტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომოდ კვლავ შეიწყალებს პატიმრებს. შეწყალების კომისია პრეზიდენტს 70-მდე პატიმრის გათავისუფლებას ურჩევს. დაახლოებით ამდენს კი სასჯელის შემცირების რეკომენდაციას უწევს. სულ კომისიამ 238 განაცხადი განიხილა, რომელთა უმრავლესობა თაღლითობას, ქურდობას, ყაჩაღობას, ნარკოტიკის მოხმარებასა და დაჭრას შეეხებოდა. იდგა 9 არასრულწლოვნის შეწყალების საკითხიც, მაგრამ მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ისინი შედარებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. რეკომენდაციები პრეზიდენტთან საპატრიარქოდანაც გაიგზავნა - დაახლოებით 300 ადამიანზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, ერთპიროვნულად შეიწყალოს დამნაშავეები. ამისთვის მას სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება შეუძლია და სწორედ ასეთი მექანიზმია შეწყალების კომისია. ის 13 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეადგენენ.
როგორც შეწყალების კომისიის წევრი, პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, კომისიის წევრებს არ აქვთ განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებებს და თითოეული თავისუფალია თავის არჩევანში. მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე მაინც ჩამოყალიბდა პრაქტიკა - ითვალისწინებენ დანაშაულის რიგითობასა და სიმძიმეს. განსაკუთრებული სიმკაცრით კი მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, იარაღის გამოყენებით ყაჩაღობას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკის გასაღებასა და სხეულის განგებ დაზიანებას ეკიდებიან. „თითქმის არ მახსენდება ასეთი შემთხვევების დადებითი გადაწყვეტა,” - აცხადებს ის. ამასთან, ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ითვალისწინებენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ ადამიანი სასიკვდილო სენითაა დაავადებული, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მას ათავისუფლებენ.
ბოლო წლებში შეწყალებათა სიხშირე და შეწყალებულთა რაოდენობა მატულობს. თუ 2006 წელს ოთხჯერ გამოცხადდა შეწყალება, 118 ადამიანი გაათავისუფლეს და 14-ს სასჯელი გაუნახევრეს, 2008 წელს 16-ჯერ შეწყალების შედეგად 2611 პატიმარმა დატოვა ციხე, ხოლო 273-ს სასჯელი შეუმსუბუქდა. 2009 წელს ამ ციფრმა იკლო - სამჯერადი შეწყალებით სულ 687 ადამიანი გათავისუფლდა და სასჯელი 123 პატიმარს შეუმცირდა. თუმცა ეს მაინც თითქმის 6-ჯერ მეტია 2006 წელთან შედარებით. 2010 წელს კი პირველი შეწყალება 4 აპრილს მოხდება.
მატების ამ ტენდენციის ორ მიზეზზე საუბრობს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) თბილისის ოფისის წარმომადგენელი ცირა ჭანტურია. პირველი - ციხეების გადატვირთულობა, რაც 2003 წლიდან პატიმრების რიცხვის მატებამ გამოიწვია. მეორე მიზეზი კი პოლიტიკურია. პრეზიდენტი დღესასწაულებზე იწყალებს პატიმრებს, რაც მის იმიჯზე დადებითად აისახება.
ცირა ჭანტურია განმარტავს, რომ კარგია, როცა პრეზიდენტი იჩენს კეთილ ნებას და შეიწყალებს ადამიანებს, მაგრამ პირობით ვადამდე გათავისუფლებას უფრო უსაფრთხო ზომად მიიჩნევს შეწყალებასთან შედარებით. მისი თქმით, შეწყალების შემთხვევაში ძნელია შეფასდეს რისკი, თუ რამდენად შეუქმნის ესა თუ ის ადამიანი საფრთხეს საზოგადოებას გათავისუფლების შემდეგ. როგორც ირკვევა, ამ რისკის შესაფასებლად შეწყალების კომისიის წევრებს დრო არ ყოფნით. ისინი მოკლე დროში, დოკუმენტების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას პატიმრის შესახებ. გათავისუფლების კომისიის წევრებისგან განსხვავებით, ვადაზე ადრე მათ არც პირადი კონტაქტი აქვთ პატიმრებთან.
ჩიორა თაქთაქიშვილიც აღნიშნავს, რომ, დადებითი ეფექტის მიუხედავად (ადამიანების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში, ციხეების გადატვირთულობის პრობლემის შემსუბუქება), შეწყალება არ უნდა იყოს ისეთი ხშირი და მრავალრიცხოვანი, როგორც ბოლო წლებში და უფრო ეფექტიან, ნაკლებ სარისკო და ჯანსაღ მექანიზმად მასაც პირობით ვადამდე გათავისუფლება მიაჩნია.
რისკის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2009 წლის 16 სექტემბერს შეწყალებულმა რატი რეხვიაშვილმა პოლიციელი გივი აფციაური მოკლა და კიდევ ორი პოლიციელი დაჭრა. ამ შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სერიოზულად „გადაიხედოს” შეწყალების პოლიტიკა, რადგან შეწყალებულების „დიდი, სერიოზული ნაწილი” ისევ ბრუნდება დანაშაულის გზაზე. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი შეწყალებული მოხვდა ისევ ციხეში. თუმცა, შსს-ს პირველადი მონაცემებით, 2008-2009 წლებში შეწყალებულ ადამიანთაგან დაახლოებით 400 (შეწყალებულთა 10%) ისევ ციხეში აღმოჩნდა.
ევროპასა და ამერიკაში, საქართველოსგან გასხვავებით, შეწყალება უფრო იშვიათი მოვლენაა. აქ უფრო მეტად პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი მუშაობს. მაგალითად, ბილ კლინტონმა, თავისი 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში სულ 459 ადამიანი შეიწყალა. ჯორჯ ბუშის შემთხვევაში კი ასეთი 200 ადამიანი იყო. რონალდ რეიგანმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში 406 ადამიანი შეიწყალა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეწყალების უფლება შტატების გუბერნატორებსაც აქვთ). შეწყალებების არამასშტაბურობის მიუხედავად, ამერიკაში ხშირად აკრიტიკებენ შეწყალების პოლიტიკას და მას პოლიტიკოსთა პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ.
ქართული შეწყალების პოლიტიკის პოპულიზმის მასშტაბზე შეგვიძლია პრეზიდენტის მიერ მხოლოდ 2006, 2008 და 2009 წლებში შეწყალებული პატიმრების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ამ წლებში შეწყალებულთა რიცხვი 3826-ია.
როგორც არ უნდა ფასდებოდეს ასეთი აქტები, ერთი რამ ცხადია: კეთილი ნების გამოხატვა დამატებით რისკს არ უნდა უქმნიდეს საზოგადოების უსაფრთხოებას. ამასთან, შეწყალებათა დიდი რიცხვი, გარკვეულწილად, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიმართ დაბალი ნდობის მაჩვენებელია.


 

კომენტარები