რა პრობლემები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას

 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები გამოჰყო.
სამ ყველაზე დიდ პრობლემად, გამოკითხულთა მიერ დასახელდა: უმუშევრობა (36%), ტერიტორიულ მთლიანობა (27%) და ეკონომიკურ მდგომარეობა (10%).
დასახლებული პუნქტის (ქალაქი/სოფელი) დონეზე, უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა (39%), გზები (13%) და წყალმომარაგება (7%), ხოლო ოჯახის დონეზე - უმუშევრობა (44%), ეკონომიკური მდგომარეობა (18%) და ჯანდაცვის სისტემა (8%) მიიჩნიეს.
უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას, გამოკითხულთა 38% მიხეილ სააკაშვილს, 9% გიორგი თარგამაძეს, 6% კი შალვა ნათელაშვილს ანდობს.
გამოკითხულთა 34%-ის აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ყველაზე უკეთ მოაგვარებს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის შემდეგ, მოდიან გიორგი თარგამაძე 7%-ით, ირაკლი ალასანია და შალვა ნათელაშვილი 5-5%-ით.
კითხვაზე - ყველაზე უკეთ ვის შეუძლია, მართოს ქვეყანა ფინანსური კრიზისის დროს? - რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 1. მიხეილ სააკაშვილი - 40%; 2. გიორგი თარგამაძე - 8%; 3. ირაკლი ალასანია და შალვა ნათელაშვილი - 5-5%.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, სააკაშვილის მაჩვენებელი 45%-დან 40%-მდე დაეცა, ალასანიას მაჩვენებელი 10%-დან 5%-მდე, ნათელაშვილის კი 6%-დან 5%-მდე. 5%-დან 8%-მდე იმატა გიორგი თარგამაძის მაჩვენებელმა.
გამოკითხულთა აზრით, რუსეთის აგრესიის დროს, ქვეყნის მართვას ყველაზე უკეთ თავს გაართმევს: 1. მიხეილ სააკაშვილი - 34%; 2. გიორგი თარგამაძე - 8%; 3.ირაკლი ალასანია - 6%; 4. შალვა ნათელაშვილი - 5%.
აქაც, წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, მაჩვენებელმა იკლო: სააკაშვილისთვის 41%-დან 34%-მდე, ალასანიასთვის 11%-დან 6%-მდე და ნათელაშვილისთვის 6%-დან 5%-მდე. გიორგი თარგამაძის რეიტინგი კი გაიზარდა - 5%-დან 8%-მდე.
კვლევა ტარდებოდა 4-დან 13 მარტამდე. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული 1800 ადამიანი - 800 თბილისიდან და 1000 რეგიონებიდან. ცდომილების ზღვარი 2.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). სოციოლოგიური კვლევა დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.


 

კომენტარები