ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია

0 კომენტარი

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია მომზადდა. საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერის პროექტი ნიდერლანდების განვითარებისთვის თანამშრომლობის სამინისტრომ 700.000 ევროთი დააფინანსა.
2005 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალი სტრატეგია, კორუფციის აღმოფხვრის ნაცვლად, მის პრევენციაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს ხუთ ძირითად მიმართულებაზე: მოქალაქეთა საჯარო სერვისის გაუმჯობესება; ხარჯვაზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის დახვეწა; საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა; და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა.
კორუფციის აღმოფხვრიდან მის პრევენციაზე აქცენტის გადატანა ბოლოდროინდელმა ტენდენციამ გამოიწვია: საქართველოში კორუფციის დონე, ისევე, როგორც ქვეყნის მთავრობაში კორუფციის გავრცელება, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა - ასეთია პროექტის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის -კორუფციის აღქმა საქართველოში- შედეგები.
კვლევა 2010 წლის იანვარში სოციოლოგიურმა ცენტრმა გორბიმ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და მასში 1000 რესპონდენტი მონაწილეობდა. მათგან 800 საჯარო მოხელე იყო. 71%-ის აზრით, მთავრობაში დღეს კორუფცია „არ არსებობს.”
სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის აღქმით კვლევითი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ყოველწლიურად ინტერესდება: საქართველო 2004 წელს რეიტინგში 133-ე ადგილზე იყო, შარშან კი 66-ზე გადაინაცვლა.
შარშან კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ეკონომიკური მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად, კორუმპირებული მოხელეების დასჯის ფაქტები დაასახელა.
ევროსაბჭოს ექსპერტების აზრით, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებით, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. პროექტის მრჩევლისა და ევროსაბჭოს ექსპერტის მარიანა ტრივუნოვიჩის თქმით, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ორგანოს არსებობას განაპირობებს ორი რამ: პირველი - არ არსებობს იდეალური ქვეყანა, სადაც კორუფცია საერთოდ არ არის და მეორე - საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე გარკვეული ვალდებულებები იკისრა.
მათ შორისაა გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია, რომელიც 2005 წელს შევიდა ძალაში და რომლის თანახმადაც, ქვეყნებში უნდა არსებობდეს პრევენციული ანტიკორუფციული ორგანო; ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული პროგრამა. საქართველო ამ კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. ამავე წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის ვახტანგ ლეჟავას თქმით, ახალ სტრატეგიაში ყველაზე მთავარი ეფექტური კანონმდებლობის შემუშავებაა, რადგან კარგი კანონმდებლობა ნაკლებ საფუძველს ქმნის კორუფციისთვის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები