საგადასახადო ფაშიზმი

ნვენტარიზაციის მიზნით კომპანიის დალუქვა ქართულ ბიზნესში ჩვეულებრივი მოვლენაა.
150 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს 300-ზე ნაკლები საგადასახადო ინსპექტორი ამოწმებს.
კანონის მიხედვით, ინვენტარიზაცია გულისხმობს ადგილზე გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ბუღალტრული აღრიცხვიანობის შემოწმებას. საწარმო ილუქება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საწარმოს ტერიტორიიდან სასაქონლო მატერიალური მარაგის გატანის, განკარგვის, განადგურების ან სხვა მანიპულაციის მაღალი რისკი.
ინვენტარიზაცია, როგორც საგადასახადო შემოწმების ერთ-ერთი მეთოდი, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული: „თავისთავად ინვენტარიზაცია რაიმე უფლების დარღვევას არ ნიშნავს, ისევე როგორც დანა არ არის მაინცდამაინც მკვლელობის იარაღი”, - ამბობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლებისთვის საფრთხეს შეიცავს ბუნდოვანი პროცედურა.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ამბობს, რომ ყოველი შესამოწმებელი ობიექტი რისკების მართვის სისტემით გამოვლინდება. შემოწმებას მხოლოდ მაღალი რისკის ობიექტები გადის. ამ ტიპის ობიექტთა იდენტიფიცირება საგადასახადო სამსახურის საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ხდება.
პრობლემა ამ შემთხვევაში არის არა ის, თუ რა სისტემით ვლინდება რისკიანი კომპანიები, არამედ ის, თუ რამდენად არის რისკის პროპორციული ის ზომები, რასაც საგადასახადო მიმართავს და უნაზღაურდება თუ არა უდანაშაულო კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგად მიყენებული ზარალი.
მარტის დასაწყისში საგადასახადო სამსახურმა ბავშვთა სათამაშოების ქსელი - ბაბილინა და მეცხრე ცა დალუქა. ამ კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყოველდღიურად ზარალი 3 ათას ლარს შეადგენდა. დალუქვა დაახლოებით ხუთ დღეს გაგრძელდა. კომპანიის მიერ მიწოდებული ნაშთებისა და საგადასახადოს მიერ აღწერის შედეგების შედარება დღემდე მიმდინარეობს და დასკვნა ჯერაც არ არის მომზადებული.
კანონი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, შემოწმების დროს ჩადენილი კანონდარღვევები დავების საბჭოში გაასაჩივროს. ასეთი ორია: შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საბჭოები. მაგრამ გასაჩივრების შემთხვევაში, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საგადასახადოს ინსპექტორი დაისაჯოს.
გასულ წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად საქართველომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში რეკორდულ წარმატებას მიაღწია. 132-ე ადგილიდან სულ რაღაც 6 წელიწადში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ეს წარმატება არაერთგვაროვანია: თუ ბიზნესის დაწყების, ლიზცენზიისა და ნებართვის აღების, შრომის კანონმდებლობისა და საკუთრების რეგისტრაციის კუთხით საქართველო მსოფლიო ათეულშია, შესაბამისად მე-5, მე-7, მე-9 და მე-2 ადგილებზე, გადასახადების ადმინისტრირების მხრივ მხოლოდ 64-ე ადგილს სჯერდება, მიუხედავად იმისა, რომ, გასულ წელთან შედარებით, მთელი 48 პუნქტით წინ წავიწიეთ. საქართველოსთვის ბიზნესის სიმარტივის პარამეტრებს შორის ეს ბოლოდან მეორე რეზულტატია გაკოტრების პროცედურათა შემდეგ. ამ სფეროში 95-ე ადგილზე ვართ.
შარშან, ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადოს მიერ ბიზნესის დალუქვა მავნე პრაქტიკად შეაფასა. მას შემდეგ კომპანია ორ დღეზე მეტხანს მხოლოდ ფინანსთა მინისტრის პირადი ბრძანების საფუძველზე ილუქება. მაგრამ ინვენტარიზაციის შედეგის წარმოდგენა კომპანიის პასუხისმგებლობაა. თუ კომპანიამ ეს ორ დღეში მოახერხა, ხომ კარგი, თუ არა და იმდენ ხანს იქნება გაჩერებული, რამდენიც დოკუმენტის მოსამზადებლად სჭირდება. არსებობს კომპანიები, რომლებიც ფიზიკურად ვერ შეძლებენ ორ დღეში ინვენტარიზაციას.
შავიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა კონცეპტუალური პრობლემიდან მომდინარეობს: “საგადასახადო კოდექსი აგებულია სახელმწიფოს სიმართლის პრეზუმპციაზე ანუ სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მართალია და გადამხდელმა უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო”. ამ ლოგიკით კოდექსისთვის პირველხარისხოვანია ბიუჯეტი და არა გადამხდელის კეთილდღეობა და მის მიერ აწყობილი ბიზნესი. ნიშანდობლივია ისიც, რომ საშემოსავლო სამსახური არც კი აწარმოებს იმის აღრიცხვას, თუ რამდენი კომპანია ილუქება, რას წარმოადგენს მათ მიერ დამალული გადასახადების საშუალო ოდენობა და რა თანხის ამოღება ხდება დალუქული საწარმოების შემოწმების შედეგად.
პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როდესაც ლიბერთარიანიზმი ხელისუფლებამ ლამის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ჩვენი საგადასახადო სისტემა ბენიტო მუსოლინის და ჯოვანი ჯენტილეს “ფაშიზმის დოქტრინით” ხელმძღვანელობს: “ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სახელმწიფოს გარეშე, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ”.

 

კომენტარები