სერბეთის პარლამენტი სრებრენიცას ტრაგედიის გამო ბოდიშს იხდის

ცამეტსაათიანი დებატების შემდეგ, სერბეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სრებრენიცას მასობრივი მკვლელობის აღიარების შესახებ. 173 დამსწრედან რეზოლუციის მიღებას 127 დაეთანხმა.
„სერბეთის პარლამენტი გმობს 1995 წლის ივლისში ბოსნიელი მუსულმანების მიმართ ჩადენილ დანაშაულს სრებრენიცაში,” - ნათქვამია რეზოლუციაში, - პარლამენტი აგრეთვე „თანაუგრძნობს და ბოდიშს უხდის მსხვერპლთა ოჯახებს იმის გამო, რომ ყველაფერი არ გააკეთა ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.”
ბოსნიელები რეზოლუციას არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან მასში სრებრენიცას დანაშაული გენოციდად არ შეფასებულა. გაერომ და ევროკავშირმა დაადგინეს, რომ მასობრივი მკვლელობები ეთნიკურ საფუძველზე განხორციელდა და, შესაბამისად, მოვლენას გენოციდის სტატუსი მიანიჭეს. სერბ ნაციონალისტთა შეფასებით, რეზოლუცია ჩამოურეცხავი ლაქაა მომავალი თაობებისთვის. ისინი ითხოვდნენ, რომ რეზოლუციაში აღეწერათ ბოსნიელების მიერ ჩადენილი დანაშაულებიც.
სრებრენიცას ტრაგედია ყველაზე მასშტაბური მასობრივი სასაკლაოა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ბოსნიელმა სერბებმა გაეროს მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ზონაში შეფარებული 8 ათასი მუსულმანი მამაკაცი ჩახოცეს. მოკლულთა ასაკი 12-დან 77 წლამდე მერყეობდა. სრებრენიცას იცავდნენ გაეროს ჰოლანდიური სამხედრო ნაწილები, თუმცა ისინი წინ ვერ, თუ არ აღუდგნენ ტრაგედიას.
ბოსნიელი სერბების ლიდერი რადოვან კარაჯიჩი ჰააგის სასამართლოს განაჩენს ელოდება, ხოლო გენერალი რატკო მლადიჩი, რომელიც სრებრენიცას მთავარ დამგეგმავად ითვლება, ჯერ კიდევ ძებნაშია.
მომხდარის გამო იყო გაეროს პასუხისგებაში მიცემის მცდელობაც, მაგრამ ჰააგის სააპელაციო სასამართლომ გაეროს იმუნიტეტი დაუმტკიცა.
მრავალი წლის განმავლობაში სერბეთის მთავრობა საერთოდ უარყოფდა სრებრენიცას ტრაგედიას.
პარლამენტის აზრით, დღეიდან ეს ისტორიული დოკუმენტი სერბეთს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას შეუმსუბუქებს.



 

კომენტარები