ჩერქეზთა გენოციდის საკითხი და საქართველო

ჩერქეზთა ტრაგედია
თუ ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიაში ჩერქეზთა გენოციდზე (Circassian genocide) ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, მოხვდებით გვერდზე, რომელსაც ეს სურათი ახლავს. თქვენდა გასაკვირად, აღმოაჩენთ, რომ ტილო, რომლის რეპროდუქციასაც უყურებთ, ქართველ, უფრო სწორად, ქართული წარმომავლობის რუს მხატვარს პიოტრ ნიკოლაევიჩ გრუზინსკის, იგივე პეტრე ბაგრატიონს, შეუქმნია 1872 წელს.
ფერწერულ ნამუშევარს ჰქვია „რუსული ჯარების მოახლოებისას მთიელთა მიერ აულიდან გამოსვლა” და ასახავს ჩერქეზთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველაზე უფრო საბედისწერო ეპიზოდს, როდესაც რუსეთმა კავკასიაში იმპერიული დამკვიდრების გადამწყვეტ ფაზაში, მე-19 საუკუნის შუა ხანებში, საკუთარი სამკვიდროდან აყარა და ოსმალეთში გადაასახლა ასეულათასობით კავკასიელი მუსლიმანი, რადგან შეუძლებლად მიიჩნია მათი ასიმილაცია რუსულ იმპერიულ სივრცეში. ოსმალეთში დეპორტაციას წინ უძღოდა ჩერქეზული ტომების მრავალწლიანი შეუპოვარი შეიარაღებული წინააღმდეგობა, რაც რუსმა სტრატეგოსებმა მთიელთა მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტის გასამართლებლად გამოიყენეს.
მართალია, ცარისტული რუსეთი „კავკასიის ველურ ტომებში მშვიდობისა და ცივილიზაციის შეტანის” სტრატეგიას ულმობლობისა და სისასტიკის ჟინს არც სხვაგან აკლებდა, მაგრამ მან სწორედ ჩერქეზული ტომების მიმართ გამოიყენა ის ტაქტიკური ხერხები, რომლებიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად არაადამიანურია.
ჩერქეზული ტომების წინააღმდეგ „დემოგრაფიული შეტევის” განხორციელებაში რუსეთმა გამოიყენა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არტილერიული იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეთნიკური წმენდა და დეპორტაცია, ტყეების გადაწვა და შიმშილობის ხელოვნურად გამოწვევა. ასეულათასობით ჩერქეზი ამოწყვიტეს ან ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს, მათ სამკვიდროში კი იმპერიის ერთგული ეთნიკური რუსები, სომხები და სხვა ხალხთა წარმომადგენლები ჩაასახლეს.

გენოციდის აღიარების საკითხი
რუსეთის ფედერაციის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1994 წელს განაცხადა, რომ „ცარისტული ძალებისადმი წინააღმდეგობა [მე-19 საუკუნეში] ლეგიტიმური იყო,” თუმცა, არ უღიარებია „მთავრობის ბრალეულობა გენოციდის მოწყობაში”.
რამდენიმე წლის შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს ლიდერებმა მიმართვა გაუგზავნეს რუსეთის დუმას და სთხოვეს, „ხელახლა განეხილა სიტუაცია და ბოდიში მოეხადა”. რუსეთის დუმამ პასუხს დუმილი ამჯობინა. 2006 წლის ოქტომბერში რუსეთში, თურქეთში, ისრაელში, იორდანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებში მოქმედმა ჩერქეზულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა ევროპული პარლამენტის ხელმძღვანელობას გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. ჩერქეზთა მიმართვას პასუხი არ მოჰყოლია.
ამ დღეებში რამდენიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ ამავე საკითხზე საქართველოს პარლამენტს მიმართა. ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლები 20 და 21 მარტს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ. კონფერენცია სახელწოდებით „ფარული ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის” აშშ-ში მოქმედი ჯეიმსთაუნის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის თაოსნობით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა, რომლებიც კავკასიის საკითხებზე მუშაობენ. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრიც დაესწრო.

საქართველო და ჩერქეზები: საერთო და განსხვავებული ინტერესები
საგულისხმოა, რომ ჩერქეზთა გააქტიურება მათი გენოციდის საერთაშორისო აღიარების საქმეში მჭიდროდ უკავშირდება სოჭის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 2014 წელს უნდა გაიმართოს. ჩერქეზთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადის გამართვა იმ მიწაზე, რომელიც მათი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, დაუშვებელია.
კლიმატის ცვლილების საკითხებზე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 2009 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მჭიდროდ დაუკავშირა სოჭის ოლიმპიადა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის საკითხს და აღნიშნა: „აფხაზეთში,სადაც საოკუპაციო რეჟიმი ზღვის სანაპიროს ჩამოქცევას ახდენს, ყველაზე გამორჩეულ ნაწილს ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე ანგრევენ. ქვიშის ამოღება სოჭის ოლიმპიადისთვის ხდება. ოლიმპიური თამაშები უნდა იყოს მშვიდობისა და ადამიანური მისწრაფებების ზეიმი, თუმცა ის უკვე გადაიქცა ბუნების განადგურების მიზეზად”. მას მხედველობაში ჰქონდა სამშენებლო მასალისა - ხრეშის, ღორღისა და სილის - და ხე-ტყის უკანონო გატანა აფხაზეთიდან, რაც განადგურებით ემუქრება საქართველოს საზღვაო სანაპიროს და მის ფლორასა და ფაუნას.
ამდენად, მართალია, განსხვავებული მიზეზების გამო, მაგრამ მაინც სრულიად ბუნებრივად ემთხვევა ჩერქეზებისა და საქართველოს ინტერესი, ჩაიშალოს სოჭის ოლიმპიადა ან გამოინახოს სხვა ადგილი მისი ჩატარებისთვის.
ჩერქეზული თემი ერთგვაროვანი არ არის და თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხში ასე თუ ისე ემთხვევა მისი სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი, აფხაზეთთან დაკავშირებით მიდგომათა მთელი გამაა. საქართველოში, მართალია, აზრთა სხვადასხვაობაა აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხზე, მაგრამ მაინც არის გარკვეული კონსენსუსი იმაზე, რომ, ენობრივი განსხვავების მიუხედავად, ქართველები და აფხაზები მონათესავე ხალხები ვართ. ამას ხელი შეუწყო ერთ მიწაზე მრავალსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ, შერეულმა ქორწინებებმა და სხვა ეთნოკულტურულმა და სოციალურმა გარემოებებმა.
ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს ჩერქეზთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აფხაზეთს ჩერქეზულ მიწად მიიჩნევს, ქართველებს კი - ახალმოსახლეებად.

საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა და ჩერქეზთა გენოციდის საკითხი
საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა მხოლოდ ახლა ისხამს ხორცს და მისი მიზანი ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით საქართველოსადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა. ამ საქმეში ფასდაუდებელია ადამიანური კონტაქტების გაღრმავება სამეცნიერო, კულტურულ და ყოფით დონეზე. თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გაცვლითმა პროგრამებმა, სტუდენტთა შორის კავშირების გაღრმავებამ და ლიტერატურულმა თანამშრომლობამ. ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები უნდა ითარგმნოს ჩრდილოკავკასიურ ენებზე, აგრეთვე, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დადებითი იმიჯის განმტკიცებას.
ჩერქეზთა გენოციდის აღიარება-არაღიარების საკითხი საქართველოს კავაკსიური პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს. მისი განხილვა სტრატეგიული ჩარჩოსგან მოწყვეტით დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოქმედებათა და უკუქმედებათა მთელი წყება, რომელთა გათვალისწინება იმთავითვე აუცილებელია.
წინასწარ უნდა შეფასდეს ჩვენი ყველა მეზობლის სავარაუდო რეაქცია და, აქედან გამომდინარე, რისკები. მართალია, რუსეთის მოსალოდნელი ქმედება ჩვენი ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს, მაგრამ ასევე აუცილებელია თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისა და გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეების შესაძლო ნაბიჯების შეფასება.
სასურველია, ჩერქეზთა გენოციდის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირდეს რუსეთის სხვადასხვა რეჟიმების მიერ განხორციელებულ სხვა რეპრესიულ ზომებს, კერძოდ, ჩეჩნების, ინგუშებისა და ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სხვა ჯგუფების დეპორტაციას 1944 წელს და დოკუმენტში, თუ მისი მიღება გადაწყდება, აისახოს სტალინური და, ზოგადად, საბჭოთა რეჟიმის ანტიჰუმანური ხასიათიც. ასევე უნდა აისახოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული ომები და მათი ბარბაროსული ბუნება.
ჩერქეზთა საკითხი განხილულ უნდა იქნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ქართველთა წინააღმდეგ მოწყობილ ეთნიკურ წმენდასთან მჭიდრო კავშირში და უნდა დასაბუთდეს ის, რომ ჩერქეზთა, ჩეჩენთა და ქართველთა წინააღმდეგ რუსეთის სხვადასხვა რეჟიმების მიერ განხორციელებულ დამსჯელ ზომებს ერთი მიზანი აქვს: კავკასიის დამორჩილების სურვილი.
ჩერქეზთა გენოციდის საკითხს განსაკუთრებული გამოხმაურება ექნება სომხეთის რესპუბლიკისა და გავლენიანი სომხური დიასპორის მხრიდან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოსმალეთის იმპერიამ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა გენოციდი მოაწყო. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა შეიმუშაოს, რათა ჩერქეზთა მიმართ ჩვენი კეთილი ნება მეორე მეზობელთან კონფრონტაციის საბაბად არ გვექცეს.
ჩერქეზთა გენოციდის საკითხი, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უნდა უკავშირებოდეს სოჭის ოლიმპიადის საკითხს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც იგი უქადის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ეკოლოგიასა და დემოგრაფიულ მდგომარეობას შავი ზღვისპირეთში.
სასურველია, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი გადაწყდეს მრავალმხრივ ფორმატში სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით. ამ თვალსაზრისით, გამოსაყოფია ისრაელი, თურქეთი, იორდანია და შეერთებული შტატები. ასევე საჭიროა, საქართველოსადმი ჩერქეზული ორგანიზაციების მიმართვა იყოს სხვა მთავრობებისადმი მიმართვის ნაწილი და მაქსიმალურად ბევრი ჩერქეზული ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი.



 

კომენტარები