რას შეცვლის მაისის საპარლამენტო არჩევნები

0 კომენტარი
ფოტო: დევიდ კამერონი

სულ რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკურ რეიტინგებში დაწინაურებული კონსერვატორების, იგივე ტორების მიზანი უბრალოდ გამარჯვება არ ყოფილა. მათ სურდათ, შეერყიათ არსებული პოლიტიკური წესრიგი და ბოლო მოეღოთ ლეიბორისტთა მმართველობისთვის. თუმცა, ბრიტანელ ამომრჩეველს სულ უფრო უჭირს გამოააშკარავოს, თუ რა ალტერნატივას სთავაზობს კონსერვატიული პარტია გაერთიანებულ სამეფოს და რას დაუპირისპირებს იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, გორდონ ბრაუნის თავდაჯერებულ პოლიტიკას. კვლევითი კომპანია YouGov-ის მონაცემებით, მარტში, ტორებსა და ლეიბორისტებს შორის რეიტინგში სხვაობა საგრძნობლად შემცირდა: კონსერვატორები 37%-ით ლიდერობენ, ხოლო ლეიბორისტული პარტია 33%-ს ინარჩუნებს.
გაზაფხულის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა დევიდ კამერონმა აღნიშნა: „აუცილებელია საჯარო ხარჯების დაზოგვა და ეს მტკივნეული იქნება”. ამავე დროს გამოთქვა სურვილი, რომ კონსერვატორებს იცნობდნენ, როგორც ჯანდაცვის მომსახურებებზე სახელმწიფო განკარგვის მომხრეებს. მისი თქმით, ტორების ხელისუფლებას შეუძლია განკურნოს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ახალ სკანდალებში ეხვევა ცუდი დაწესებულებებისა და მომსახურების გამო.
კამერონის საარჩევნო კამპანია საკმაოდ წინააღმდეგობრივია: ტორებმა პრიორიტეტებად კლიმატის ცვლილება და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები მონიშნეს, თუმცა გამორიცხეს - აქტივისტთა უმეტესობის აზრით, აუცილებელი - მკაცრი ეკონომიკური რეგულირება; მათ ხარჯების შეკვეცა სურთ, თუმცა ამავდროულად აკრიტიკებენ ლეიბორისტებს სამხედროებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირებისთვის; კონსერვატორები დითირამბებს უძღვნიან ტრადიციულ ოჯახებსა და ქორწინებებს, თუმცა ბევრს საუბრობენ სექსუალური უმცირესობების უფლებებზეც.
საკვირველი არ არის, რომ ამგვარად განზოგადებული შეხედულებების მქონე კამერონს შეაწუხებდნენ მწვავე და კონკრეტული კითხვებით, მისი გაძლიერებული პარტიის პოლიტიკური მსოფლმხედველობის დასადგენად. თავად კამერონი საკუთარ პოზიციებს შორის იდეოლოგიურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს და საკუთარ პარტიას „მოდერნიზებულს” უწოდებს: „მე ვცდილობ, დავამეგობრო საბაზრო ეკონომიკა ეკონომიასთან და, ამავდროულად, კონსერვატორებს დავუბრუნო სოციალური რეფორმების გამტარებლების როლი. ასევე ვიზრუნო მომავალზე - კლიმატის ცვლის და გარემოს პრობლემებზე, - ამბობს კამერონი Vanity Fair-თან ინტერვიუში - ეს მომსახურებების სრული პაკეტია”.
„სრული პაკეტის” შეთავაზება ბრიტანელი ამომრჩევლისთვის სიახლე არ არის. კამერონის „მესამე გზის” პოლიტიკა უკვე გაცვეთილი ბილიკია, რომელიც მათმა მთავარმა კონკურენტებმა, ლეიბორისტებმა გაკვალეს. ტელეგენური და ქარიზმატული ტონი ბლერის ლიდერობით, ლეიბორისტებმა 1997 წელს პოლიტიკური თვითგანახლება განახორციელეს. მათ დაივიწყეს ძველი მიდრეკილებები და მხარი დაუჭირეს ბიზნესსა და ქმედით სახელმწიფოს.
გორდონ ბრაუნი ტონი ბლერის მმართველობის დროს ფინანსთა მინისტრი იყო. მას ახასიათებდნენ ნიჭიერ ფინანსურ მენეჯერად, რომელმაც წლების მანძილზე უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მოახერხა საზოგადოებრივ მომსახურებებში ინვესტირება. ბრაუნმა ტონი ბლერის წასვლის შემდეგ, 2007 წელს დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბევრი ფიქრობდა, რომ გაერთიანებული სამეფო წარმატებულ ტრაექტორიაზე განაგრძობდა სვლას, მაგრამ ჯერ კიდევ ბრაუნის გაპრემიერებამდე დაგროვილმა დეფიციტმა და 2009 წელს გამძვინვარებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქმე გააფუჭა. ბრიტანელმა ელექტორატმა ლეიბორისტული პარტია აითვალწუნა.
დღეს ლეიბორისტი გორდონ ბრაუნი განაგრძობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ამჟამინდელ გარემოში ნოვაციების დრო არ არის. როგორც კონსერვატორების რეიტინგის ჩამოქვეითებამ აჩვენა, ბევრმა ამომრჩეველმა ეს შეხედულება გაიზიარა. ბრაუნმა თავისი საარჩევნო კამპანია დააფუძნა სწორი ფინანსური განკარგვისა და მტკიცე გადაწყვეტილებების დაპირებებზე. ეს ზუსტი მიმართულებაა, რომლის ფონზე კამერონის კამპანია ზედმეტად გაბნეულად გამოიყურება.
თუმცა, კამერონის ცინიკური მანევრები არ არის უბრალოდ პიარზე მომართული პოლიტიკოსის პოზიცია. შესაძლოა, იგი თანამედროვე ბრიტანულ ფასეულობებთან მიახლოებას ცდილობს. როგორც თავის დროზე განახლებულ ლეიბორიზმს დასჭირდა ბიზნესის ნდობის მოპოვება, კონსერვატორებმაც დაინახეს თანამშრომლობის აუცილებლობა მათი პოლიტიკისთვის მანამდე შორეულ პრინციპებთან და ინსტიტუტებთან: გარემოს დაცვასთან, ჯანდაცვასთან და ა.შ.
ტორებს ლეიბორისტებზე მეტი ხმა თითქმის გარანტირებული აქვთ, მაგრამ შესაძლოა მათ ვერ მოიპოვონ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამ შემთხვევაში კამერონი იძულებული იქნება, ცენტრისტ ლიბერალ დემოკრატებს სთხოვოს მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ლიბერალ-დემოკრატებმა ხმების დაახლოებით 18% დააგროვეს.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკ კლეგმა უკვე გაამჟღავნა თავისი მზადყოფნა დახმარებისთვის, მაგრამ ისიც განმარტა, რომ იგი მოიცდის ხმების დათვლამდე: „ჩვენ სხვა პარტიებთან სათამაშოდ არ ვართ აქ, ჩვენ ბევრი მანდატის მოპოვება გვსურს ბრიტანეთში ბევრი რამის შესაცვლელად”, - უთხრა კლეგმა Independent-ს.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად ხმათა უმრავლესობას ტორები და ლეიბორისტები ინაწილებენ. მომავალი არჩევნები, რომლის თარიღი ჯერ არ დადგენილა, მხოლოდ მომავალ ხელისუფლებას არ განსაზღვრავს. იგი აჩვენებს, გამართლებულია თუ არა ტორების ძალისხმევა თვითგანახლებისთვის. ამის მიხედვით, მომავალში შეიძლება სხვა პარტიებმაც გადაწყვიტონ ახალი სახით მოვლინება.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები