აღდგომის დღესასწაული და სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები

4 აპრილს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესია იესო ნაზარეველის მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც” (I კორ. 15:14), - წერს პავლე მოციქული. ეს სიტყვები ნათლად წარმოაჩენს, თუ რატომ უკავია სააღდგომო ღვთისმსახურებას ყველაზე საპატიო ადგილი საეკლესიო კალენდრებში.
წლევანდელი აღდგომა, კალენდარული დამთხვევის წყალობით, საერთო ქრისტიანულ დღესასწაულად იქცა. მართალია, აღდგომა ვერ წაშლის განსხვავებებს კონფესიათა საღვთისმეტყველო შეხედულებებს შორის, მაგრამ საერთო ფესვებს ნამდვილად გაგვახსენებს. ქრისტეს აღდგომის შესახებ სწავლება ხომ ერთ-ერთია, რომელშიც ეკლესიებს ეჭვი არასდროს შეუტანიათ. მომავალ ათწლეულში მართლმადიდებლებს, სომეხ ქრისტიანებს, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს კიდევ სამჯერ მოუწევთ ყველაზე დიდი დღესასწაულის ერთდროულად აღნიშნვა.
მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას ორმოცი დღის მარხვის შემდეგ აღნიშნავენ. ბოლო კვირას ეწოდება ვნების კვირა, რომელიც განასახიერებს ქრისტეს გზას იერუსალიმში შესვლიდან საფლავში ჩასვენებამდე. მამა ალექსანდრე შმემანი თავის ნაშრომში „დიდი მარხვა” მას „ნათელი სევდის” პერიოდს უწოდებდა. აღდგომა კვირის ბოლოს დგება, მწუხარება სიხარულით იცვლება, შავ საღვთისმსახურო სამოსს, რომელსაც ორმოცი დღე გლოვის ნიშნად ატარებდნენ, ერთი წლით კარადაში მოათავსებენ. აღსავლის კარს უკან დაკიდებული ფარდა (კრეტსაბმელი) ღია ფერის ფარდით შეიცვლება. ტაძრის ჩრდილოეთით მდგარ ჯვარცმასაც ჩამოხსნიან სუდარას. ყველაფერი ნათელ, სადღესასწაულო ფერებში შეიმოსება. შაბათს საღამოს დაწყებული მწუხრი კვირის პირველივე საათებში ცისკრად გადაიქცევა. საკურთხევლიდან კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამობრძანდება, ხელში სამი სანთლით განათებული ჯვარცმა ეჭირება და ღამისთევის მსახურებაზე მდგარ მრევლს სამ ენაზე მიმართავს: „ქრისტე აღსდგა!”
მრევლიდან პასუხი იქუხებს - „ჭეშმარიტად აღსდგა”! დღესასწაულიც აქედან იწყება. შუა მსახურებაზე მრევლი ტაძარს სამგზის გარს შემოუვლის გალობით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.” ლიტანიობის შემდეგ მრევლი კვლავ ტაძარს შეეფარება. სააღდგომო ლიტურღიაზე საგანგებოდ ჩამოაბრძანებენ წმინდა ცეცხლს. ცეცხლით დაანთებენ ორ შეკვრა სანთელს, რომლითაც კათაოლიკოს-პატრიარქი მრევლს ჯვარს გარდასახავს. წითელ პარასკევს შეღებილი კვერცხების გატეხვა მორწმუნეებს კვირა დილით შეეძლებათ. ორშაბათიდან კი ბრწყინვალე კვირა იწყება.
სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიაში აღდგომისადმი მიძღვნილი დღესასწაული შაბათ საღამოს ხუთ საათზე იწყება და საღამოს რვამდე გრძელდება. ღამისთევის წირვას არ აღასრულებენ, მაგრამ ტაძრები მთელი ღამე ღიაა. დროის ამ მონაკვეთში მორწმუნეებს ტაძარში მისვლისა და ლოცვის საშუალება აქვთ. ამავე პერიოდში ერთსაათიანი მსახურება ჩატარდება.
წირვა კვირას, დილის 11 საათზე დაიწყება. მორწმუნეებს ზიარების მიღების საშუალება ექნებათ.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურის, მამა ნარეკ კუშჩიანის თქმით, სააღდგომო დღესასწაულის კანონიკას მართლმადიდებლური ტრადიციისგან არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მსახურება გაყოფილია. ნაწილი შაბათ საღამოს ტარდება, ნაწილიც კვირა დილით. შაბათ საღამოდან მორწმუნეებს ტაძარში მიაქვთ პასქა და შეღებილი კვერცხები, რათა მღვდელმსახურებმა აკურთხონ.
მამა ნარეკის თქმით, აღდგომა სომეხი ქრისტიანებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, სხვა ქრისტიანული კონფესიების მსგავსად. ის სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ წელს ყველა ქრისტიანი ერთად აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სომხურმა ეკლესიამ გადაწყვიტა საქართველოში აღდგომა წმინდა ეჩმიაძინთან ერთად, ახალი სტილით ეზეიმა, უხერხულობა იქმნებოდა - თითქოს მოძმე მართლმადიდებლებს შორდებოდნენ. წლევანდელმა აღდგომამ კი დამატებითი შესაძლებლობა შექმნა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ბარიერის დროებითი გაუჩინარებისთვის.
კათოლიკეებისთვის აღდგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ეს არც მითია და არც ოცნება, ეს არც ხილვაა და არც უტოპია, ეს არც ზღაპარია. ეს ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენაა: იესო ნაზარეველმა, ძემ მარიამისა, რომელიც პარასკევს შებინდებისას ჯვრიდან გარდამოხსნეს და დაფლეს, ძლევამოსილად დატოვა საფლავი”, - ქადაგებს რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე. პლანეტის მილიარდზე მეტი კათოლიკესათვის კი დღესასწაული სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ნიშნავს. დიდი მარხვის შემდეგ თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების კათედრალში, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სააღდგომო ცეცხლს აკურთხებს. ქართველი კათოლიკეების პროცესია პასქალით (დიდი სააღდგომო სანთელი) შედის ჩაბნელებულ ტაძარში, რომელიც ცოდვის სიბნელეს განასახიერებს. როგორც კი დიაკვანი სამჯერ ხმამაღლა წარმოთქვამს „Lumen Christi” (ნათელი ქრისტესი), პასქალს ნაკურთხ ცეცხლს გადაუკიდებენ. ტაძარი სინათლით აივსება, რაც ცოდვის სიბნელისგან გამოხსნას ნიშნავს.
რიტუალის ნაწილია ნათლობის წყლის კურთხევა. გრძელ ღვთისმსახურებაში, ორღანის ფონზე სააღდგომო პრეკონია, ანუ სიხარულის უწყების გალობა გაიჟღერებს. ღვთისმსახურებს თეთრი და ოქროსფერი შესამოსელი აცვიათ. წმინდა წირვის დაწყებამდე მრევლი და მოძღვრები 9 საკითხავს კითხულობენ, რომელთაგან შვიდი ძველი აღთქმის წიგნებიდან არის, ერთიც პავლე მოციქულის წერილიდან, ერთი კი - ოთხთავიდან. წირვის დასაწყისში ძღვენს აკურთხებენ, ტრაპეზზე კი დაბრძანდება აღმდგარი ქრისტეს ქანდაკება, რომელიც ტაძრის ცენტრიდან შეახსენებს მორწმუნეებს კაცთა მოდგმის განახლებას.
საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში, მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მითითებით, სპეციალური კომისია ადგენს, როგორ აღნიშნოს თემმა დღესასწაული. რეგიონებიდან მშვიდობის კათედრალში ღვთისმსახურები და მრევლი ჩამოდიან. ღამისთევის მსახურების დაწყებისთანავე, წინასწარ შერჩეული გალობის თანხლებით, კათედრალში პროცესია გამოჩნდება. წინ ბავშვები ხელში შემართული წმინდა წერილით მოდიან, უკან ჯვარი მოჰყვებათ, ჯვარს - ღვთის სიტყვის წამკითხველები. ბოლოს ეპისკოპოსები შემოვლენ. მთავარეპისკოპოსის მოვალეობის შემსრულებელი, ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, ძველი, კელტურ-ქრისტიანული ლოცვით ხსნის მსახურებას. მას „მამის ხელმწიფებით” ეწოდება. „შემდეგ გამოდიან ღვთისმსახურები და დღის საკითხავს ძველი, სინაგოგალური ტრადიციით კითხულობენ. მათ შორის ერთი ძველი აღთქმიდანაა, მეორე მოციქულთა წერილებიდან, მესამე კი - სახარება”, - ყვება ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი. საკითხავების შემდეგ მორწმუნეებს ღვთისმსახურები ქადაგებით განუმარტავენ წაკითხულის შინაარსს. გალობა, რომელიც ქადაგებას მოსდევს, მრევლს აღდგომის სიხარულს კიდევ ერთხელ ახსენებს. ტაძარში ქისას ჩამოატარებენ. მრევლი შესაწირს გაიღებს. ამას მატერიალურ მსახურებას უწოდებენ.
ბაპტისტურ თემში დიდ როლს ასრულებს ლიტურღიული ცეკვა. ის, რაც უცხოა მართლმადიდებლური და კათოლიკური წირვისთვის, ბაპტისტებისთვის საღვთო განდიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - სულთან ერთად, მსახურებაში სხეულიც მონაწილეობს. ცეკვას სპეციალური დასი ასრულებს. ბოლოს მრევლი პასტორს მოსახსენებელ ბარათებს მიუტანს. მათ საკურთხეველში თემატურად დაალაგებენ და მსახურებაზე სახოტბო, სამადლობელი და სავედრებელი ლოცვებით მოიხსენიებენ. როდესაც ღამეულ უკუნს ნათელი დაეტყობა, ქართველი ბაპტისტები მთაზე სალოცავად წავლენ.



 

კომენტარები