დევნილების გასაჭირი

31 მარტს პარლამენტში გაიგზავნა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც, ტრადიციულად, დიდი ადგილი დაეთმო დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას.
დევნილთა რაოდენობა 250 ათას ადამიანს ანუ საქართველოს მოსახლეობის 6%-ს შეადგენს. მათმა ძირითადმა ნაწილმა 1990-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა საცხოვრებელი. 2008 წლის ომის შედეგად გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი დაახლოებით 22 ათასია. მათგან 15 ათასს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. სტატუსის მინიჭების პროცესი დღემდე გრძელდება.
დევნილები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაბნეული. მათგან ნაწილი კოლექტიურ ცენტრებში, ნაწილი ახალ ჩასახლებებში, ყველაზე ბევრი კი კერძო სექტორშია განსახლებული.
წლევანდელ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღნიშნულია პოზიტიური ძვრები, რომელიც მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2009 წლის მეორე ნახევარში განხორციელდა:
• დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით დაარსდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც, სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც წევრიანდებიან. ისინი სამინისტროს კონკრეტულ რეკომენდაციებს აწვდიან;
• დამტკიცდა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და გრძელდება კოლექტიური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციისა და პრივატიზაციის პროცესი;
• ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმა მუდმივად განახლებადი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე რეგულარულად შეიცვლება-შესწორება;
• სამინისტრო ხელს უწყობს პროექტებს, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად;
ამ სასიკეთო ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებლად რჩება ბევრი პრობლება, რომლებმაც სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ნაწილი დაიკავეს.
უარყოფითად შეფასდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხი. მართალია, სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ინფორმაციის გაცვლა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ დაბალია კომუნიკაციის ხარისხი თვითონ დევნილებსა და სამინისტროს შორის. ხშირად სახალხო დამცველის ოფისს უწევს დევნილთა უპასუხოდ დარჩენილი განცხადებების სამინისტროში გადამისამართება, თუმცა, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას, დაბრკოლება მათაც ექმნებათ. შედეგად, ვიღებთ დევნილთა არაინფორმირებულობას, რაც დამატებით პრობლემებს აჩენს. მაგალითად, შეფერხდა ახალი ჩასახლებებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ სახელმწიფომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზარალებულთა კომუნალური გადასახადების დაფარვის ვალდებულება აიღო. დევნილთა განცხადებით, მათ არ იცოდნენ, როდის წყდებოდა სახელმწიფო დახმარება. 2009 წლის იანვრის დასაწყისში დევნილებმა მიიღეს სამი თვის დავალიანების ქვითრები, რომლის დაფარვა ვერ შეძლეს.
კომუნიკაციის პრობლემის გარდა, მწვავედ დგას კომპენსაციის საკითხიც. 2008 წლის ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილმა დროებით თავშესაფარს 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია ამჯობინა. მათგან 1,700 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველს იმ ოჯახებმა მიმართეს, რომლებმაც კოტეჯებზე უარი თქვეს, მაგრამ თანხა დღემდე არ მიუღიათ.
აღმოუფხვრელი დარჩა ახალ ჩასახლებებში ჰიგიენის, სანიტარიული პირობებისა და სპეციფიკური მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ ჯერ კიდევ 2009 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიწერა დეტალურად. ჩასახლებების უმეტესობაში არ გააქვთ ნაგავი, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. უცვლელია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ადეკვატური საკვებით, მედიკამენტებით, ინვენტარითა თუ ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პრობლემაც.
ასევე დღის წესრიგში დგას მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებულ პირთა უსაფრთხოების დაცვა, რასაც სახელმწიფოს ავალდებულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „სახელმძღვანელო პრინციპები იძულებითი გადაადგილების შესახებ”. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა 2009 წლის მეორე ნახევარში. მოხდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ცხინვალის რეგიონის მახლობლად მცხოვრები პირები ტყვედ აიყვანეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. იყო ახალგორში ნათესავების მოსანახულებლად ჩასული პირების დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებისა და გასამართლების შემთხვევები. ამჟამად დაუცველია არა მარტო უსაფრთხო დაბრუნების პრინციპი, არამედ ე.წ. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაც.
ამ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული რეკომენდაციები:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გადადგას პოზიტიური ნაბიჯები ინფორმაციის ნაკლებობის დასაძლევად;
2. დროულად გაიცეს კომპენსაციები იმ კატეგორიის დევნილებზე, რომელთაც კოტეჯის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციაზე შეაჩერეს არჩევანი;
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით აღმოფხვრას სანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები;
4. საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, გადადგას ეფექტური ნაბიჯები კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სახალხო დამცველის ძალისხმევით, 2010 წლის იანვრიდან დაიწყო პროექტი „სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის არსებული პრობლემების გადასაჭრელად”. მისი ხანგრძლივობა საწყის ეტაპზე 6 თვით განისაზღვრა.



 

კომენტარები