პიცა და ჩანახი ოთხ დედაქალაქში

სად ღირს კვება უფრო ძვირი - ამის ცალსახად შეფასება რთულია. შედეგი დამოკიდებულია არჩეულ პროდუქტებზე: სადღაც პურია იაფი, სადღაც - ბრინჯი, სხვაგან კი - ბანანები. თითოეულ ქვეყანას აქვს მისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული საკვები, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეროვნული სამზარეულოს გავრცელება სახელმწიფო საზღვრებს აღარ ემთხვევა. საოჯახო სუფრაზე უცხო კერძებიც ხშირად ხვდება. საქართველოშიც ერთ დღეს მშობლიურ ჩაქაფულს მივირთმევთ, მეორე დღეს - იტალიურ სპაგეტის, მესამე დღეს კი - რუსულ ბლინებს ან ბავარიულ სოსისს. მოკლედ, დღესდღეობით, ადგილობრივიც მნიშვნელოვანია და შემოტანილიც.
ადგილობრივი პროდუქტების მაგალითად ჩანახი შევარჩიეთ, უცხოურისა კი პიცა. ჩანახში ყველაფერი მშობლიურია - ცხვრის ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი და პილპილიც კი. პიცა კი გადამთიელური მოცარელას ან პარმეზანის, სალიამის ან პეპერონის, ბეკონისა თუ ზეთისხილის გარეშე ძნელი წარმოსადგენია.
პიცა რომ ჩვენთან ძვირი სიამოვნებაა, ამის შესაგრძნობად რესტორნებში სიარული აუცილებელი არ არის. ადგილობრივი წარმოების 350-გრამიანი ნახევარფაბრიკატი თბილისურ სუპერმარკეტებში ექვს ლარზე მეტი ღირს. შედარებისთვის, გერმანულ „ალდიში” ამავე წონის იტალიური გაყინული პიცა 0.77-დან 1.37 ევრომდე (1.80—3.20 ლარი) დაგიჯდებათ. მსგავსი სურათი აჩვენა სახლში დამზადებული პიცის ღირებულების შეფასებამაც. რაც უნდა მოიმოქმედო, ჩვენში ამ სიფრიფანა იტალიურს იაფად ვერ მიირთმევ. არადა, ამავე გათვლებით, ჩანახის ფასით თბილისს ჯერ ვერც კიევი და ვერც სანატრელი ევროატლანტიკური სივრცე შეედრება.
მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ბაზარი ნაკლებად ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. მოძმე უკრაინელებთან ფასები ლონდონურსა და ვაშინგტონურს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისურს. თუ პროდუქტი იაფია დასავლეთ ევროპაში, დიდი ალბათობით, იაფია კიევშიც. საქართველოში კი საქმე სხვაგვარადაა. სწორედ ამიტომ, თბილისში უცხოური კომპონენტებისგან შემდგარი კერძები, მათ შორის პიცაც, ძვირია.
მიზეზი, სავაჭრო პარტნიორების დაშორებულობასთან ერთად, ადგილობრივი მრეწველობის სისუსტეშიც უნდა ვეძებოთ. ჩვენებური სულგუნი უფრო ჰგავს იტალიურ მოცარელას, ვიდრე რომელიმე ჩრდილოევროპული ყველი. ამის მიუხედავად, მოცარელას ადგილობრივი წარმოება შეიძლება უტოპიურ ოცნებად მოგვეჩვენოს. იაფად და ხარისხიანად ქართული კომპანიები ჩვენთვის ტრადიციულ პროდუქტებსაც კი ვერ აწარმოებენ. თანამედროვე, „ევროპული სტანდარტების” შეფუთვაც მხოლოდ ერთეულ პროდუქტებს თუ ეღირსა. მოკლედ, ხარისხიანი ქარხნული მრეწველობა ლამის საუკუნის წინ გარდაცვლილი ნიკოლაძის ოცნებებში რჩება. ქართული ეკონომიკა კვლავ მემაწვნე ბაბუებსა და მემწვანილე ბებოებზე დგას.



 

 

კომენტარები