ქართული ბლოგოსფერო ქვის ხანიდან გამოსვლას იწყებს

0 კომენტარი

პირველი ბლოგები 90-იანების დასაწყისში შეიქმნა. კატალოგ „ტექნორატის” მონაცემებზე დაყრდნობით, დღეისთვის მათი რიცხვი 100 მილიონზე მეტია. მათ ქართულ ინტერნეტ-სივრცეშიც მოიკიდეს ფეხი, თუმცა მცირე რაოდენობით. ქართულ კატალოგებში მხოლოდ რამდენიმე ასეული ასეთი საიტია. შედარებისთვის, უნგრულ miner.hu-ზე - 167 ათასი ბლოგია რეგისტრირებული.
ინტერნეტ-კონფერენცია „ბარკემპ 2009”-ის მონაწილეთა შეფასებით, სომხეთში ინტერნეტი, საქართველოსთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებული და ძვირია, მაგრამ ბლოგების რაოდენობა - დაახლოებით ორჯერ მეტი.
განვითარებულ ქვეყნებში ბლოგერობა არცთუ უხეირო საქმიანობაა. ამ საიტების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. რეკლამის ღირებულება კი მნახველების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ორმილიონიან ლატვიაში არსებობს პერსონალური ბლოგები, რომლებსაც ათასზე მეტი „გამომწერი” ჰყავთ, მაშინ როცა საქართველოში მათი რიცხვი ორიოდე ასეულს არ აღემატება.
ბლოგერი მარი ტალახაძე ამბობს, რომ ქართველი ბიზნესმენები ინტერნეტ-რეკლამით ნაკლებად ინტერესდებიან. აქ რეკლამის განთავსებისთვის საჭირო სერვისებიც ნაკლებად განვითარებულია. შესაბამისად, მას უცხოური სერვისების გამოყენება უწევს. ამ გზით ტალახაძე თვეში 50-100 დოლარს შოულობს. ა.შ.შ-ში ოცი მილიონი ბლოგერია. მათგან, სულ ცოტა, ორი მილიონი იღებს შემოსავალს რეკლამიდან. საკუთარ გვერდებზე სარეკლამო ბანერების განთავსების გარდა, ისინი შეკვეთილ სტატიებსაც წერენ. „ტექნორატის” კვლევის მიხედვით, საშუალო მოგება ამ საქმიანობისგან თვეში 500 დოლარია.
ზოგჯერ ბლოგი ავტორს შემდგომ პროფესიულ მოღვაწეობასაც განუსაზღვრავს ხოლმე. ზოგი მათგანი ჟურნალისტი ხდება, ზოგსაც კომპანიები ქირაობენ ბლოგების საწარმოებლად. მარი ტალახაძე ამბობს, რომ მისმა ბლოგმა ერთგვარი „რეზიუმეს” როლი შეასრულა, როდესაც ჟურნალ „კოსმოპოლიტანიდან” დაუკავშირდნენ და სვეტის წერა შესთავაზეს.
საინფორმაციო ბრძოლაში ბლოგოსფეროს დატვირთვაზე ბლოგერი პოლიტიკოსების სიმრავლე მეტყველებს. რომ არაფერი ვთქვათ ბრიტანეთის პრემიერ გორდონ ბრაუნზე, ბლოგები აქვთ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს და ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადსაც. საქართველო ამ მხრივ მოწინავეთა რიგებში არ არის. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ლამაზი, დიდი და თანამედროვე ბლოგის ხილვა ჯერ წინ გვაქვს...
ბლოგი, როგორც მნიშვნელოვანი საინფორმაციო ინსტრუმენტი, მხოლოდ პოლიტიკური და ბიზნესწრეების ხელში არ არის. შარშან, როდესაც მასობრივი გამოსვლების გამო ირანის ხელისუფლებამ დაბლოკა მედიასაშუალებები, თეირანში მიმდინარე მოვლენებს იქაური ბლოგერები გადმოსცემდნენ. ამ მასალას ავრცელებდა „სი-ენ-ენი” და „ბი-ბი-სი”.
ბლოგების გავლენის ზრდასთან ერთად, მათი წარმოება სახიფათოც გახდა. 2009 წლის 2 სექტემბერს ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს ორი აზერბაიჯანელი ავტორი ადნან ჰაჯიზადე და ემინ აბდულაევი. ბლოგოსფეროში გაჩნდა აზრი, რომ დაკავების ნამდვილი მიზეზი მათ მიერ გავრცელებული ვიდეო იყო. ვიდეოში ბლოგერები სამთავრობო პროპაგანდას დასცინოდნენ. ბლოგერებს რუსეთშიც აპატიმრებენ. ერთ-ერთი მათგანი, სამართალდამცავების მტკიცებით, ღორის გრიპის შესახებ მცდარი წერილის გამოქვეყნებისთვის დაისაჯა. კუბის ციხეებში ამჟამად 21 ბლოგერი იხდის სასჯელს. ბლოგერებისთვის ყველაზე „საშიშ” ქვეყანათა სიაში ბირმა, ირანი და სირია ლიდერობენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები