ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი...

სამი დღის წინ ვცდილობდი, ჩემი მეუღლისთვის ამეხსნა, რანაირად არიან ძმები სოკრატესი და რაი, რონალდინიო და რობერტო ასისი ან ზიკო და ედუ... ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივხვდი, რომ ჩემი არც ერთი არგუმენტი ან ბრაზილიური რეალობისთვის ლოგიკური დასაბუთების მოძებნა შედეგს არ იძლეოდა და მოვიწყინე...
რაღა დაგიმალოთ და, ბრაზილიური ფეხბურთი არ მიყვარს, არც მათი თამაში მომწონს და ვერც მაგათ დიდი, დიდა, დოდო, ვავა, ვივა და ვოვას გავუგე რამე...

მაგრამ არის კი ეს ჩემი გასარჩევი? საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით.
...იდგა 1992 წლის შემოდგომა. კიტოვანი რკონიდან დაიძრა, რუსთაველზე ზვიადისტები შეიკრიბნენ, ტელევიზიასთან – მაშინდელი ოპოზიცია. მეც, ტერიტორიული სიახლოვისა და პროფესიული “პატრიოტიზმის” გამო, ვარაზის ხევი ჩავიარე და “პუტჩისტებში” გავერიე.

საღამოვდება... ტელევიზიის კიბეზე რუსლან მიქაბერიძე გადმომდგარა და ფუნაგორიებს კითხულობს, ხალხი მიდი-მოდის... უცებ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ზვიადისტების კოლონამ “იმელიდან” წერეთელი და მისი მომხრეები დაიფრინა და აქეთ დაიძრაო. სანამ რუსლანმა მორიგი ლექსი დაასრულა, ჩვენი რიგები მნიშვნელოვნად შეთხელდა... ორმოცამდე კაციღა დარჩა...

გვერდით მყავს უბნელი გელა, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა ყოველი “მებრძოლი” სათვალავშია, ძმურად ვესაუბრები ბრაზილიური ფეხბურთის უპირატესობაზე – გელა თავგადაკლული “კანარინიაა”, თუმცა, ვეჭვობ, ეს ტერმინი გაგონილი ჰქონდეს!!! მაგრამ რას არ იზამ “იდეისთვის”!!!

... ვითომ აქ ყოფნა არ იყოს საკმარისი, ვიღაცას აზრი მოუვიდა, ერთმანეთი რომ არ აგვერიოს, თავზე თეთრი ნაჭრები წავიკრათ, ერთმანეთი არ შემოგველახოსო! ხალხში გარევისა და გადარჩენის ბოლო იმედიც იწურება. უცებ ვხედავ, ჩემი უმცროსი ძმა აჩიკოც აქ ყოფილა – ენერგიულად ჯიჯგნის რაღაც ნაჭერს და თავზე იხვევს. ეს მაინც უნდა გადავარჩინო – გვერდით გამყავს და ვეუბნები, სახლში წადი-მეთქი.
- ვინაა ეს ბიჭი? – გელაც აქაა.
- ჩემი ძმა, აჩიკო...
- როგორ თუ ძმა, მე რომ არასოდეს მინახავს, – გამიშინაურდა “თანამებრძოლი”.
- მამასთან ცხოვრობს, მამით ერთნი ვართ, დედები კი სხვადასხვა გვყავს – ვცდილობ, თავიდან მოვიშორო.
- როგორ, შენები გაშორებულები არიან? – გელაში “კონსერვატორი” იღვიძებს.
- მართალს გეუბნება, წადი აქედან, – ებმება საუბარში აჩიკოს ძმა დათო მაცხონაშვილი, – ახლაღა შევამჩნიე, ისიც აქ ყოფილა.
- ეს ვინღაა? – ეჭვით მეკითხება გელა.
- აჩიკოს ძმა.
- ესეც შენი ძმაა?!
- არა, კაცო, აჩიკოსი!!! ჩვენ მამით ვართ ძმები, ეგენი - დედით...
- ეგ როგორ?
- დედა ჰყავთ საერთო, ბიჭო, რით ვერ გაიგე?! – ნერვები მეშლება. – დავით, გაიცანი, ჩემი მეგობარია, გელა...
- სასიამოვნოა. ბარემ მეც გაგაცნობ ჩემს ძმას. შალვა, მოდი აქ, – მეუბნება დათო და ვიღაც პატარა ბიჭს უხმობს. - გაიცანით, შალვა მაცხონაშვილი.…
- გამარჯობა, - მივესალმე ჩემი ძმის ძმის ძმას. გელასთვის ჩვენი ნათესაობის ახსნა აღარ მიცდია, ისედაც მიხვდა, რომ ჩვენ ხუთიდან მხოლოდ ის არ იყო არავისი ძმა...

...მას მერე თითქმის 20 წელი გელა აღარ მინახავს. უბანში მითხრეს, ზვიადისტებში გადავიდა და ემიგრაციაში იყოო. ამას წინათ შემხვდა. გადამეხვია, მომიკითხა, ისევ ბრაზილიას “ვბალელშჩიკობო”, მითხრა...

...ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რა ჩემი გასარჩევია ეს სოკრატესები და ზიკოები?! ვინ მეკითხება მე მაგათ ოჯახურ ამბებს?!

მოდი რა, ყველამ ჩვენ ჩვენს ძმებს და უბნელებს მივხედოთ...

კომენტარები