სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორია

ბაბო შერვაშიძე მეგობართან ერთად
27 მარტს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა პრეზენტაცია იგორ ობოლენსკის უკვე საკმაოდ გახმაურებული წიგნისა - „სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორიები” . ღონისძიება სტუმართა სიმწირეს ნამდვილად არ უჩიოდა. წარდგინების ფარგლებში მოეწყო მუზეუმის კუთვნილი კოლექციის - XIX-XX საუკუნეების ქართველ ქალთა ორიგინალური ფოტოების, ნახატების, წერილებისა და ნივთების გამოფენა. აღსანიშნავია ზინაიდა სერებრიაკოვას, ელენა დადიანის, მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტები, რომლებიც პრეზენტაციისთვის საგანგებოდ ითხოვეს ხელოვნების მუზეუმისგან. დამთვალიერებელი არ მოიწყენდა, რადგან ორგანიზატორებს, სოფიო ბატონიშვილის საბეჭდით დაწყებული, ოლღა ჭავჭავაძის ლორნეტითა და ბარბარე ჯორჯაძის ფინჯნით დამთავრებული, მართლაც ბევრი საინტერესო და უნიკალური ნივთი გამოეფინათ.
იგორ ობოლენსკიმ, მას შემდეგ, რაც შეკრებილ საზოგადოებას სიყვარულში გამოუტყდა, გვითხრა: „პოლიტიკისგან თავი შორს მიჭირავს, მოსკოვიდან ამ საღამოს გამო ჩამოვფრინდი და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ თბილ გარემოში ყოფნა. საქართველო ისევე მიყვარს, როგორც მშობლიური რუსეთი, განსაკუთრებით ქართველი ქალები, რომელთა ნაწილს ახლა დარბაზში ვხედავ, და ეს წიგნი სწორედ მათ ეძღვნებათ.”
„ტაბულა” ლიტერატურის მუზეუმის ახალ დირექტორს, ღონისძიების მასპინძელ ლაშა ბაქრაძესაც გაესაუბრა:
„ძალიან საინტერესო წიგნია, აქ ისეთ ბიოგრაფიებს გაეცნობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტას თუ სმენია. ეს არ არის მეცნიერული კვლევა, უფრო ჟურნალისტური ნამუშევარია და, შესაბამისად, საკმაოდ მარტივად იკითხება, არ მოგაწყენთ. პარალელურად მოვაწყვეთ ქართველ ქალთა ხელნაწერების, სურათების თუ შემორჩენილი პირადი ნივთების გამოფენა. ეს მხოლოდ ნაწილია ლიტერატურის მუზეუმის მდიდარი ფონდიდან, თუმცა ცხადად აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე კარგად მიესადაგება პრეზენტაციის ხასიათს”, - აღნიშნა მან.




 

კომენტარები