შირინ ნეჟადი, სიმღერა სიტყვების გარეშე

0 კომენტარი

შავ-თეთრი ეკრანი ორადაა გაყოფილი.
ორ, თითქოს იდენტურ, მაგრამ შავი საზღვრით გამოყოფილ სამყაროში თეთრებში ჩაცმული მამაკაცის ფიგურა და შავი ლანდი დგანან. მათ უკან სკამების რიგებია. მამაკაცს ასეთივე თეთრ პერანგებში ჩაცმული პუბლიკა ჰყავს, ლანდს – არავინ.
მამაკაცი სიმღერას იწყებს. გრძნობით, ლამაზად, გულის განმგმირავად მღერის. მაყურებელი აპლოდისმენტებით აჯილდოებს.
შემდეგ ლანდის ჯერია. მას არც მაყურებელი ჰყავს სკამები ცარიელია - და არც ხმა აქვს. მაგრამ ნელ-ნელა მისი ღმუილი სიმღერას ემსგავსება, უსიტყვო სიმღერას და ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ლანდი ქალია.
ქალი ისლამში არ მღერის, მისთვის არ შეიძლება. ამიტომ ირანელი ხელოვანის შირინ ნეჟადის ქალი ყმუის, გოდებს, ღიღინებს, კივის.
მისი ხმა ხან სექსუალურია, ხან - ნაზი, ხანაც - გამყინავი.
ხანდახან ის დელფინივით ჭყივის, მაგრამ, რაც მთავარია, ხმას გამოსცემს. საკუთარ თავს თვითონვე უსმენს, მის მოსასმენად ხომ სხვა არავინ მოსულა.
სიმღერა მთავრდება, მაგრამ აპლოდისმენტების გარეშე. ეკრანს სიბნელე მოიცავს.
შირინ ნეჟადის ეს ვიდეოარტი თურბულენტ (1998 წელი) ვენეციის ბიენალეს ჯილდოს მფლობელია.
ირანელმა არტისტმა, რომელიც თეირანში დაიბადა და ამერიკაში მოღვაწეობს, უკვე დიდი ხანია იპოვა საკუთარი ხმა და მისი ვიზუალური განცხადებები ყველა თოფის გასროლაზე ხმამაღლა ისმის.
შირინ - მისი სახელი ტკბილს ნიშნავს, გვარი კი - გვარს, ტომს. ირანელ ქალს ნუშის თვალები და ინისფერი ფაფარი აქვს. მისი არტი სულაც არ არის ტკბილი. მან ირანელი ქალების საოცარ ძალასა და ნებისყოფაში აიღო ინსპირაცია და ირანის ტრადიციული შავ-თეთრი ხატება მსოფლიოს ახალი რაკურსით შესთავაზა.
შირინ ნეჟადი შეძლებულ ირანულ ოჯახში დაიბადა. მშობლები აღმერთებდნენ დასავლურ ფასეულობებს. მამა შირინს დამოუკიდებლობისა და მსოფლიოს შეცნობისკენ მოუწოდებდა.
თეირანის კათოლიკური სკოლის ცივი გარემოს შემდეგ სწავლა ლოს ანჯელესში განაგრძო. მალე რევოლუცია მოხდა და ნეჟადების ოჯახი იძულებული გახდა, ირანი დაეტოვებინა.
სწავლის დასრულების შემდეგ შირინი ირანში დაბრუნდა, სადაც პირველი ძლიერი ნამუშევარი “ალაჰის ქალები” შექმნა.
მისი შავ-თეთრი სამყაროდან ახლა, ქალის სახესთან ერთად, თოფის ლულაც იმზირებოდა. საინტერესოა, რომ სწორედ პოსტრევოლუციურ ირანში დაბრუნებამ მისცა შირინის ნამუშევრებს ის ნაზი ძალა, რომლის ხარჯზეც მან მსოფლიო დაიპყრო.
ქალებს ხან სპარსული კალიგრაფიით აქვთ დაფარული სახე, ხან _ ყვავილებით, ხანაც დრო ახატავთ ღრმა ნაოჭების აბლაბუდას, მაგრამ შირინის ქალები თვალებს არ ხრიან. ისინი ყოველთვის პირდაპირ სულში ჩასცქერიან მაყურებელს დაღლილი, მაგრამ მტკიცე მზერით.
ესენი არიან ქალები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი.
რომლებიც იბრძვიან.
ჩუმად, ყოველთვის შავ ჩადრებში გახვეულები.
იბრძვიან საკუთარი სიჩუმით, შეუპოვარი მზერით, არსებობით.
თუმცა, ის, თუ რისი მოპოვება სურთ ამ ბრძოლით, საიდუმლოებითაა მოცული. შირინის არტში არაფერია ერთმნიშვნელოვნად გასაგები.
გაუგებარია, ვის დაუმიზნებს ეს ქალი თოფს _ ისლამის მტერს, მჩაგვრელ ქმარს თუ მოღალატე საყვარელს.
ქალები შავებში, მამაკაცები თეთრებში. რაც მთავარია, ისინი არასოდეს არიან ერთად. თურბულენტ-ის ინსტალაციის დროსაც კი ორი ვიდეო ორ განსხვავებულ ეკრანზე აისახება.
დღეს შირინ ნეჟადი ახალგაზრდა ირანელი ქალების საქციელში “ფემინიზმის ახალ ტალღას” ხედავს.
“რას ხედავთ საპროტესტო აქციების კადრებში ირანიდან? ლამაზ ქალებს, კარგი მაკიაჟით, ვარცხნილობით და... ქვებით ხელში. ისინი, გაბრაზებულები და აგრესიულები, ყოველთვის მამაკაცების მხარდამხარ გვევლინებიან. ირანელი ქალების ახალ თაობას ძალიან ძლიერი ხმა აქვს. ამავდროულად ისინი ხაზს უსვამენ საკუთარ სინაზეს. ეს ახალი ფენომენია.”
ჩანს, ვენეციას სამუდამოდ შეუყვარდა ირანელი არტისტი, რადგან 2009 წელს, ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე, შირინმა უკვე საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ჯილდო ფილმით “ქალები კაცების გარეშე”.
როგორც იქნა, შირინის ქალები არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ საკუთარი ბრძოლის ისტორიასაც ყვებიან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები