ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს შეუწყნარებლობაზე

0 კომენტარი

სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტში 31 მარტს გაეცნენ, შვიდი გვერდი რელიგიურ თავისუფლებას ეთმობა.
შესავალში აღნიშნულია, რომ 2009 წლის მეორე საანგარიშო პერიოდში ვითარება, პირველ ნახევართან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კვლავ აქტუალური რჩება პრობლემები, რომლებზეც წინა საანგარიშო მოხსენებებში მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საუბრობდა. მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობისა და უფლებების შელახვის ობიექტი უმეტესწილად რელიგიური უმცირესობები არიან.
საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას რამდენიმე ტრადიციული რელიგიური ორგანიზაცია ელოდება. მუსლიმთა თემი ითხოვს შვიდი მეჩეთის გადაცემას. აღნიშნულია, რომ სოფელ აბასთუმანში მდებარე მეჩეთი საქონლის სადგომად არის ქცეული. სომეხთა სამოციქულო ეკლესია სახელმწიფოსგან ექვსი ტაძრის დაბრუნებას მოითხოვს. მათგან ერთერთის - სურბ-მინასის ტაძრის გუმბათი რამდენიმე თვის წინ მოუვლელობის გამო ჩამოინგრა. კათოლიკე ეკლესია ითხოვს იმ 5 ტაძრის დაბრუნებას, რომლებიც ისტორიულად მას ეკუთვნოდა, მაგრამ სახელმწიფომ 1990 წელს საპატრიარქოს გადასცა. გაჭიანურდა ახალციხის რაიონში მდებარე კათოლიკური ტაძრის ნანგრევების გადაცემაც. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კათოლიკეებს მოსთხოვა ნებართვა საპატრიარქოსგან აეღოთ, რაც, სახალხო დამცველის აზრით, დისკრიმინაციული პრაქტიკაა.
აღნიშნულია ისიც, რომ 2009 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმეებმა ვერ შეძლეს კანონის დაცვით რელიგიური შეკრების სახლის მშენებლობის დასრულება. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა.
იეჰოვას მოწმეები აგრესიული შეუწყნარებლობის მთავარ სამიზნედაც რჩებიან. რელიგიური დევნისა და თავდასხმის შვიდი შემთხვევიდან ექვსი მათ თემს უკავშირდება, ერთი კი ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას. შვიდიდან ექვს შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება: ნივთის დაზიანებისა და განადგურების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანების, მუქარისა და რელიგიური წესის უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. ამ გამოძიებებიდან ჯერ არც ერთი არ დასრულებულა. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების განხილვისას საჭიროა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება. „აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის კომისიამ საქართველოს 2006 წელს მისცა რეკომენდაცია. იმავე წელს მსგავსი რეკომენდაციით სახალხო დამცველმაც მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რაც მაშინ გაითვალისწინეს. თუმცა, 2008 წლიდან რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვევებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია”, - ნათქვამია ანგარიშში.
მოუგვარებელია საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემებიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საპატრიარქოს სამეწარმეო საქმიანობა მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, რაც, სახალხო დამცველის აზრით, მას არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. თუმცა, „საგადასახადო რეჟიმი საკმაოდ ლიბერალურია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ და მათი რელიგიური საქმიანობა განთავისუფლებულია გადასახადებისგან”.
სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მონახულება არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, სხვა კონფესიების მსახურთა მოწვევას საპატრიარქო უწევს კოორდინაციას. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი ვითარება მათთვის მიუღებელია. ანგარიშში ხელშეკრულება შეფასებულია დისკრიმინაციის გამოვლინებად.
განათლების სისტემაში ვერ ხორციელდება 2005 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”. მრავლად არის ინდოქტრინაციისა (რელიგიის თავს მოხვევის) და არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლიკის გამოფენის შემთხვევები, რასაც კანონი კრძალავს. კვლავ არ ისწავლება საგანი „რელიგიის ისტორია”, შესაბამისი სახელმძღვანელოს არარსებობის გამო.
მედიის უმრავლესობის საქმიანობა, რელიგიურ უმცირესობათა პრობლემატიკის გაშუქების თვალსაზრისით, „არასათანადოდ” შეფასდა. გამონაკლისად დასახელდა ჟურნალი „ლიბერალი” და საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობის გადაცემა „ჩვენი საქართველო”. აღინიშნა, რომ ინტერნეტ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში შეუწყნარებლობის საკითხებმა წინ წამოიწია, „რაც იმას ადასტურებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი რელიგიური მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლების თემატიკისადმი დიდ ყურადღებას იჩენს”.
შეუწყნარებლობის მრავალი გამოვლინების მონაწილენი არიან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” (მმკ) და მასში გაერთიანებული სასულიერო პირები. 2009 წლის 16 სექტემბერს 50-60 ადამიანი ამ ორგანიზაციის თაოსნობით შევიდა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში და ადგილობრივი მუსლიმები აიძულა, შეეჩერებინათ მეჩეთის მშენებლობა. მუსლიმების წინააღმდეგ ისინი იყენებდნენ სიძულვილის ენას, უწოდებდნენ მათ „სტუმრებს საქართველოში”. მუსლიმები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ სიტყვიერი ნებართვა მშენებლობაზე, თუმცა ხელთ არ გააჩნდათ შესაბამისი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მშენებლობის შეჩერების უფლება რელიგიურ ჯგუფს არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ მუსლიმებმა ვერ მოახერხეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან მშენებლობის ნებართვის მოპოვება.
მმკ-ს წარმომადგენლებმა ასევე ნაწილობრივ ჩაშალეს „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” მიერ ილიას უნივერსიტეტში ორგანიზებული კონფერენცია ისლამის შესახებ. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ შეკრებილებს, რის შედეგადაც კონფერენციის სადისკუსიო ნაწილი ვერ შედგა. იგივე ორგანიზაცია მონაწილეობდა კათოლიკე მრევლის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის გამოვლენაში. მმკ-ს 80 წევრი ჩავიდა ადიგენის რაიონის კათოლიკეებით დასახლებულ სოფელ არალსა და დაბა ვალეში, სადაც კათოლიკე სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი ბუკლეტები გაავრცელეს. 15 ოქტომბერს ვატიკანის საელჩოს წინ მმკ-მ ერთდღიანი მანიფესტაცია გამართა. გამოფენილი იყო კათოლიკეთათვის შეურაცხმყოფელი პლაკატები. 17 ოქტომბერს ქავთარაძის ქუჩაზე გახსნილ ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკეთა ტაძარში შესასვლელი მცირე ხნით გადაკეტეს. შეურაცხმყოფელი პლაკატები აქაც გამოჩნდა. ანგარიშში ნათქვამია: „შეუწყნარებლობის ამგვარი გამოვლინებები მიუღებელია ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოებისთვის, რომლის არსებობისა და განვითარების ერთ-ერთი საფუძველი რელიგიური ტოლერანტობაა”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები