წყალს ისევ სახელმწიფო გველეშაპი დარაჯობს

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსებით ევროპული ქვეყნების უმრავლესობას უსწრებს. ამის მიუხედავად, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. გამონაკლისი არც დედაქალაქია. თბილისის არაერთი უბნის მცხოვრებლებისთვის ტაშტებით წყლის მომარაგება კვლავ ჩვეული პროცედურაა.
2005 წელს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიისთვის, თბილწყალკანალისთვის, ტენდერით შეირჩა პარტნიორი - ფრანგული ჯენერალ დეზო. ფრანგებთან დადებული ხელშეკრულება სამ წელიწადში მუდმივი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, პროექტში მსოფლიო ბანკიც იყო ჩართული, რაც სახელმწიფოს დამატებითი საკრედიტო ვალდებულებების აღებას აიძულებდა. ორიოდე თვეში ხელშეკრულება გაუქმდა. მაშინდელმა მერმა ჭიაბერაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სახელმწიფოს უკვე დამოუკიდებლად შეეძლო პროექტის დაფინანსება. 2009 წლიდან სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩენილ თბილწყალკანალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი ეწოდა.
დღეს, ტენდერის გაუქმებიდან ხუთ წელიწადში, წყალმომარაგების გრაფიკი თბილისის მოსახლეობის 14%-ზე ვრცელდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის ინფორმაციით, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. გრაფიკი სამნაირია - 8, 6 და 4-საათიანი. კომპანიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჩოლოყაშვილი განმარტავს, რომ მომარაგების წყვეტას დაზიანებული მილები, სამარაგო რეზერვუარებისა თუ სატუმბი სადგურების არასაკმარისი სიმძლავრე და რაოდენობა იწვევს.
კომპანიაში ამბობენ, რომ 1980-იანი წლებიდან ბოლო პერიოდამდე წყალსადენისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელების რეაბილიტაცია „ძალიან იყო შენელებული”. სისტემა ავარიულ რეჟიმში მუშაობდა. თბილწყალკანალის ფუნქცია დაზიანებების დროებითი შეკეთებითა და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების შეცვლით შემოიფარგლებოდა.
სულ თბილისში 3600 კილომეტრი წყალსადენი და 1600 კილომეტრი საკანალიზაციო მილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2008 წლიდან 80 კილომეტრი მილი შეცვალეს. „ჩატარებული სამუშაოების შედეგია, რომ ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების გარკვეული უბნები და ქუჩები დღეს უწყვეტად მარაგდება”, - ამბობს ჩოლოყაშვილი. ამჟამად, დედაქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით, ხორციელდება პროექტი „თბილისის ქუჩების კაპიტალური შეკეთება და კომუნიკაციების რეაბილიტაცია”. მის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი სარეაბილიტაციო სამუშაოებს 100-მდე ქუჩაზე განახორციელებს. აპრილის ბოლოსთვის გამოიცვლება კიდევ 70 კმ სიგრძის მილი.
ჩოლოყაშვილის თქმით, რეზერვუარებში არსებული წყალი საკმარისი იქნებოდა, რომ არა მილების სიძველე და მოსახლეობის მიერ წყლის უაზროდ ხარჯვა. ამ ორი მიზეზით, საშუალო თბილისელზე დღე-ღამეში 800 ლიტრი წყალი იხარჯება. მისივე ცნობით, ევროკავშირის ქალაქებში ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, ოთხჯერ მცირეა.
კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ გრაფიკზე მყოფი მომხმარებელი ბევრად მეტს მოიხმარს, ვიდრე ის, რომელსაც წყალი უწყვეტად მიეწოდება. გრაფიკის პირობებში ოჯახი ცდილობს, დიდი ოდენობით მოიმარაგოს წყალი, შემდეგ კი უწევს მისი გადაღვრა.
„ყოველწლიურად თბილისს 550 მილიონი კუბური მეტრი წყალი მიეწოდება, რითაც მასზე ხუთჯერ დიდი ქალაქებიც კი კმაყოფილდებიან”, - აცხადებს ჩოლოყაშვილი. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის გათვლებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2015 წლისთვის ქალაქს მხოლოდ 177 მილიონი ტონა წყალი დასჭირდება, რაც ტარიფის დაწევასაც გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, საკმარისია თუ არა მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი, მაღალი უბნებისთვის პრობლემად რჩება სატუმბი სადგურების სიმძლავრეც. ჩოლოყაშვილის ცნობით, მიმდინარე პროგრამა ამ სადგურების განახლებასა და დამატებასაც ითვალისწინებს. დღეს თბილისში 30 სატუმბი სადგური და 150-მდე საქაჩია. ამჟამად კომპანიაში მუშაობენ იმის დადგენაზე, თუ რამდენი ობიექტის დამატება გახდება საჭირო.


 

კომენტარები