მრევლი ნაჭუჭში

0 კომენტარი

საქართველოში ახალი პროფესია გაჩნდა: მრევლი.
თავწაკრული ქალები - ღირსი დედები და ფანატიკურად თვალებმოელვარე, ნეტარი თინეიჯერი-გოგონები - თავმომწონედ კეკლუცობენ ტელეეკრანებზე და ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის მნიშვნელობას განგვიმარტავენ.

თუმცა, სადაა განმარტება, თუთიყუშებივით იმეორებენ ტრადიციულად ეროვნულ-სამორწმუნეო ტექსტებს: “გაერთიანდეს საქართველო...”, “გაბრწყინებულიყოს საქართველო...”, “დაბრუნებულიყვნენ ტერიტორიები...”, “მადლი მოგესხათ...”

ზოგჯერ, არათუ პროფესია, არამედ სახელ-გვარიც კი არა აქვს ტელერესპონდენტს - წერია მხოლოდ “მრევლი” და სხვა არაფერი.
ფუნქციებს სახელებივით ვირქმევთ და სულ მცირედ უხერხულობასაც არ ვგრძნობთ ამის გამო. რა მნიშვნელობა აქვს, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში - მთავარია, “მრევლი”, “პატრიოტი”, “ინტელექტუალი”, “პოლიტიკოსი”, “ინტელიგენტი”, “ექსპერტი” და “ჟურნალისტი” დაგვერქვას.

წინა სვეტებში უწიგნურობაზე ვწერდი, დღეს შევეცდები რელიგიურ გაუნათლებლობაზე დავწერო.

ამ სააღდგომო დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წმინდა ნინო ჯერაც არ შემოსულა საქართველოში. მართალია, “ქრისტიანები” გვქვია, მაგრამ რეალურად კვლავაც წარმართებად დავრჩით. რელიგიისადმი ჩვენი დამოკიდებულებით ბევრად უფრო ახლოს ვდგავართ არმაზის ღვთაებასთან, ვიდრე იმასთან, რაც, წესით, კაბადოკიელ ნინოს უნდა შემოეტანა ჩვენში.

ჩვენი წარმართულობის დამადასტურებლად ტელეგადაცემა “სამოთხის ვაშლების” ერთ-ერთი წამყვანის, ნ. ნიჟარაძის შეკითხვები და, მე ვიტყოდი, ინტელექტუალურ-სულიერი მდგომარეობის კონსტატირება-აღწერაც გამოდგება.

გადაცემა, თუ არ ვცდები, სააღდგომო კვირეულს ეძღვნებოდა. გადაცემის სტუმარი კი სასულიერო პირი იყო. მაგრამ რად გინდა! ამ ჩვენმა ჟურნალისტმა (პირდაპირ ეთერში დამრეკავ მაყურებელთან ერთად) ყველაფერი იღონა, რომ ამ ადამიანს სიტყვა არ დასცდენოდა ქრისტიანობაზე, სამაგიეროდ კი მორჩილად ეპასუხა მათ შავ-შავ, კლასიკურად წარმართულ შეკითხვებზე.

ჭეშმარიტად იბერიულ-წარმართული ცეცხლი (გაცს და გაემს რომ მოეწონებოდათ, ისეთი) მას შემდეგ აგიზგიზდა ტელესტუდიაში, რაც ნ. ნიჟარაძემ ჯიუტად მოსთხოვა სასულიერო პირს, რომ მას ერთ ფრიად მნიშვნელოვან თეოლოგიურ კითხვაზე გაეცა პასუხი. კერძოდ: რა უნდა ვუყოთ ნაჭუჭს, რომელიც წითელი კვერცხის გაფცქვნის შედეგად დაგვრჩება, გადავაგდოთ თუ არ გადავაგდოთ?

ვფიქრობ, ნიკეის დიდ საეკლესიო კრებაზეც კი არ დასმულა ამგვარი მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა.

თურმე, ქრისტეს იმიტომ გაუვლია გოლგოთას გზა, რომ იბერიელ ჟურნალისტს კვერცხის ნაჭუჭი არ მოესროლა ნაგვის ყუთში!

როგორ მაინტერესებს, რა იდგა ამ შეკითხვის უკან. სწორედ ფსიქო-სულიერი თვალსაზრისით.

რა იფიქრა, რომ თუკი ნაჭუჭს ნაგვის ყუთში ჩააგდებდა, ღმერთი დასჯიდა? განრისხდებოდა და კვერცხის ნაჭუჭების წვიმას მოავლენდა? თუ რაიმე მოწითალო დაავადებას შეჰყრიდა (სააღდგომო კვერცხი ხომ წითელია)? მერე კი, მეორედ მოსვლის ჟამს, ამასაც ჰკითხავდა: რად გადაუძახე ნაჭუჭსა ამას სანაგუე ფილტრში?

მაყურებელმაც გვასახელა იმ დღეს, მარტო ჟურნალისტს კი არ გამოუდია თავი. საბრალო მღვდელს ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა - ვიბანაოთ თუ არა წითელ პარასკევსო?

როგორც ჩანს, ეზარებოდათ ბანაობა (აკი ამიტომაც იქადაგა ამის შესახებ პატრიარქმა) და რაიმე აკრძალვას ითხოვდნენ, რათა მათი ჰიგიენოსკეფსისი (რბილად რომ ვთქვათ) უმაღლესი საღვთო ტაბუთი ყოფილიყო გამართლებულ-დაცული.
შევატყვე, სტუმარი-მღვდელიც კი დაითრგუნა ამ შემოტევების შედეგად...

ვიბანაოთ თუ არა? რა ვუყოთ კვერცხის ნაჭუჭებს? გამოვიხეხოთ თუ არა წითელ პარასკევს კბილები? ვიხმაროთ თუ არა საპონი ხელის დაბანისას დიდ ხუთშაბათს? დავიბევებთ თუ არა სასუფეველს, თუკი არ შევჭამთ მაიონეზს მარხვის ბოლო კვირას?

ეჰ, თურმე, რა შორს ყოფილა ჩვენგან კაბადოკიელი განმანათლებელი...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები