მსოფლიო ჩემპიონატის თილისმები

0 კომენტარი

ზაკუმი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის თილისმაა.
ის პატარა ლეოპარდია, სამხრეთ აფრიკის ბინადარი, რომელსაც მწვანე თმა და ოქროსფერი ტყავი მოსავს. აცვია მაისური წარწერით სამხრეთ აფრიკა 2010, სახელის ბოლო ოთხი ასო - კუმი კი ქვეყნის სხვადასხვა დიალექტზე ათს ნიშნავს.
ფიფა-ს ოქროს თასის გათამაშებას თილისმები 1966 წლიდან, ინგლისში გამართული პირველობიდან ამშვენებს. მაშინ ეს პატივი წილად ხვდა ლომის ბოკვერ ვილის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებით გაწყობილი მაისური ეცვა.
1970 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა იყო პატარა ბიჭუნა ხუანიტო, რომელსაც მექსიკელთათვის დამახასიათებელი სომბრერო ეხურა, ოთხი წლის შემდეგ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტურნირს ტყუპი ძმები - ტიპი და ტაპი ამშვენებდნენ.
1978 წელს არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა ნაკრების მაისურში გამოწყობილი ბიჭუნა გაუჩიტო გახლდათ, 1982 წელს, ესპანეთში, ფიფა-ს ოქროს თასის გათამაშებას პირველად მოევლინა უსულო თილისმა - ფორთოხალი ნარანხიტო.
ესპანელთა ტრადიცია ოთხი წლის შემდეგ მექსიკელებმაც გააგრძელეს - კაცუნა-წიწაკა პიკე ტურნირის მშვენებად იქცა, 1990 წელს, იტალიაში, თილისმა სახელმწიფო დროშის ფერებით დამშვენებული და კუბიკებით აგებული ფეხბურთელი ჩაო გახლდათ.
1994 წელს ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თილისმად კვლავ ცოცხალი არსება მოგვევლინა - ძაღლის ლეკვი სტრაიკერი.ოთხი წლის შემდეგ, საფრანგეთში, ის მამალმა ფუტიქსმა შეცვალა.
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის თილისმა კორეა-იაპონიაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა: კოსმოსის ბინადრებმა ატომ, კაზიმ და ნიკმა გაიმარჯვეს. თილისმის ავტორთა თქმით, ატო მწვრთნელი იყო, კაზი და ნიკი კი - ფეხბურთელები.
2006 წელს, გერმანიაში, ბოლო ჩემპიონატის თილისმა გახდა ლომი, სახელად გოლეო.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები