„განსაკუთრებული“ იტალიას ტოვებს

ჟოზე მოურინიო
ბოლონიასთან 3:0 მოგების შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი მოულოდნელი განცხადება გააკეთა: იტალიაში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და ინტერს სეზონის ბოლოს დავემშვიდობები, პრიორიტეტად კი ინგლისში ან ესპანეთში მუშაობას ვისახავო.
ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურია, შიდა ჩემპიონატშიც სკუდეტოს ზედიზედ მეხუთედ მოგების კარგი შანსი აქვს და „განსაკუთრებული” ანუ მოურინიო ამ დროს ასეთ განცხადებას აკეთებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი თავის მონოლოგს ასე ამთავრებს: „ბედნიერი ვიქნები, თუ უახლოეს მომავალში წინადადებას რეალიდან ან მანჩესტერ იუნაიტედიდან მივიღებ”. ესპანეთში გადასვლის და რეალთან ერთად პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ჟოზე გახდება პირველი მწვრთნელი, ვინც იტალიის, ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონობას მოახერხებს. მანუელ პელეგრინის ოცნების გუნდის ევროპულ წარუმატებლობას თუ გავიხსენებთ, რეალის ვარიანტი მართლაც რეალურია, იუნაიტედში კი საეჭვოა ფერგიუსონი კიდევ დიდხანს დარჩეს.
აქტუალური გახდა ჟოზეს მანჩესტერ სიტიში ან ლივერპულში დანიშვნაც. თუ ლივერპულის მიმართ სავარაუდო თანხა არ სახელდება, სიტის მფლობელები პორტუგალიელ სპეციალისტს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. თანხმობის შემთხვევაში, ჟოზეს საბანკო ანგარიში 26 მილიონი ევროთი შეივსება.
მოურინიო არასტანდარტული პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, მთლად ჭორად არ უნდა მივიღოთ ის, რომ მის ერთ-ერთ სავარაუდო დამქირავებლად ვესტ ჰემიც დასახელდეს. გუნდის მფლობელებმა: დევიდ სალივანმა და დევიდ გოულდმა მოურინიოს მთავარი მწვრთნელისა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობათა შეთავსება შესთავაზეს.
ჟოზეს პასუხიც განსაკუთრებული უნდა იყოს.


 

კომენტარები